"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი ღრმა შეშფოთებასა და გაკვირვებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, კახეთის ამჟამინდელი რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გამო. ამის თაობაზე განცხადებას პარტიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"გაკვირვებული და ღრმად შეშფოთებული ვარ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებით. ეს დაკავებები ძალიან სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რამეთუ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატია. ოპოზიციის დანაწევრებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. ასე რომ, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეაფასებს მთელ საარჩევნო პროცესს. რა თქმა უნდა, მაქვს მოლლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილისა და სხვა დაკავებულთა ძირითადი უფლებები სრულად იქნება გარანტირებული ქვეყანაში, რომელსაც სურს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს შეუერთდეს. მოვუწოდებ ევროკომისიისა და სხვა ევროპული ინტუტუციების ყველა შესაბამის ხელმძღვანელობას, მჭიდროდ დააკვირდეს და საფუძვლიანად შეაფასოს სასამართლო პროცესი; რა თქმა უნდა, "ევროპის სახალხო პარტია" იგივეს გააკათებს.

ასევე ვიმედოვნებ, რომ მოსამართლეები შეძლებენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, მუდმივი საჯარო ბრალდებები და "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენელთა მიერ დაშანტაჟებები, ასევე ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოტყდა - არსებობს კავშირი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებსა და ოპოზიციის მიერ გამოხატული კრიტიკის დონეს შორის, - მაიძულებს ვირწმუნო, რომ ეს დაკავებები მხოლოდ ახალი ეტაპია ხელისუფლების ამბიციია, ჩამოიშოროს ოპოზიცია. თუ ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდება, ამან შესაძლოა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პროცესის გამყინვარება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ღრმად გაკვირვებული ვარ, 17 მაისს ლგბტ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოვლენილ ძალადობრივ თავდასხმაზე ხელისუფლების არასათანადო რეაქციის გამოვლენით. გამოხატვის თავისუფლება ის ფუნდამენტური დემოკრატიული ფასეულობაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, მიუხედავად პირადი შეხედულებებისა. ვიმედოვნებ, რომ ამ ძალადობრივი ქმედების დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან", - ნათქვამია "ევროპის სახალო პარტიის" პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.