აშშ-ის საელჩო ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას და 17 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა

აშშ-ის საელჩო ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას და 17 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა

აშშ-ის საელჩო ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებისა და 17 მაისის მოვლენების გამოძიების პროცესს ყურადღებით აკვირდება. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საელჩოს პოზიციზე ჟურნალისტებთან ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიჯით ბრინკმა ისაუბრა. 

მისი თქმით, საელჩო თვალს ადევნებს გამოძიებას და ასევე შესაძლო ბრალის წაყენების პროცესს ყოფილი მთავრობის წევრების, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ. მოქმედი ხელისუფლების მიმართ მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ მთავრობისა და სასამართლოს მიერ კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ყველა პროცედურის სწორად წარმართვა მოხდეს.

როგორც ბრიჯით ბრინკმა აღნიშნა, აუცილებელია პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და არ შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს ანგარიშსწორებას.

რაც შეეხება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების გავლენას ქვეყნის რეპუტაციაზე დასავლეთში, საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ეს სრულად იქნება დამოკიდებული გამოძიებისა და შესაძლო ბრალის წაყენების პროცესზე, თუ როგორ წარიმართება მართლმსაჯულება.

ელჩის მოვალეობლის შემსრულებლის განცხადებით, აშშ ასევე ყურადღებით აკვირდება 17 მაისის მოვლენების გამოძიებას და ცალსახად გმობს ძალადობას. "აშშ გმობს ძალადობას და უერთდება პრემიერ-მინისტრს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ასევე დაგმო ძალადობა. მივიჩნევთ, რომ თავშეყრისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამეტური უფლებაა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რომელიც გარანტირებულია როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენი პოზიციაა, რომ გამოძიება გაგრძელდეს და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ანგარიშვალდებულნი იყვნენ", - განაცხადა ბრიჯით ბრინკმა.