ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში

ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში "აი პი ენ"-ი უფრო პროფესიულ ინფორმაციას ავრცელებს, ვიდრე "ტაბულას" რედაქტორი. "ფორ.ჯე"-ს ჯერ ვერ გავეცანი"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მეგობრებო, მოუსმინეთ პრეზიდენტის განმეორებით განცხადებას 17 მაისთან დაკავშირებით? ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთი სერიოზული გამოცემა, როგორიც "ტაბულაა", ვერ აცდა მიკერძოებულ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციას. თუ მხოლოდ ამ ინტერპრეტაციას დავუჯერებთ, პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ლგბტ საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს მაინც ასეა, საკმარისია, გაიხსენოს პრეზიდენტის პირველი გამოსვლა მაშინ, როცა პრემიერი და მარგველაშვილი ჩირგვებში იმალებოდნენ და ქუჩებში ისევ ძალადობა გრძელდებოდა.

პრეზიდენტის გამოსვლა ამ საკითხზე ბოლომდე ვინც ნახა, ცხადია, რომ ის ამბობს, რომ მთავარი ის კი არ არის, რა დროს და რა ადგილას იმართება აქცია, არამედ ის, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ. ამის შემდეგ კი მთელი გულმოდგინებით განმარტავს, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს განსხვავებული ჩაცმულობის, ვარცხნილობის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების მიმართ სიძულვილს ან სხვა სახის დისკრიმინაციას.

ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში "აი პი ენ"-ი უფრო პროფესიულ ინფორმაციას ავრცელებს, ვიდრე "ტაბულას" რედაქტორი. "ფორ.ჯე"-ს ჯერ ვერ გავეცანი", - წერს თაქთაქიშვილი.

tabula.ge-ზე გამოქვეყნდა ციტატა პრეზიდენტის პასუხიდან "ტაბულას" შეკითხვაზე 17 მაისის მოვლენების შესახებ, რომელიც ჟურნალის წარმომადგენელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დასვა. საიტზე პრეზიდენტის შემდეგი ციტატა გავრცელდა: "რამდენად გამართლებული იყო პატარა ჯგუფის მიერ რაღაც აქციის გამართვა იქ, სადაც მახლობლად წინა დღეს მიდიოდა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია".