გოგიტა გაბაიძე:  ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა

გოგიტა გაბაიძე: ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბიშვილის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა. 

როგორც მან აღიშნა, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავება მოსამართლის განჩინების გარეშე მოხდა და დამამძიმებელ გარემოებად დასახელებულია ის, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი ელჩი იყო და მას აქვს პირადი კონტაქტები.

"განჩინების გარეშე დაკავებისას უნდა დასახელდეს არგუმენტი, რა წარმოადგენს დაკავების აუცილებლობას. ზურაბ ჭიაბერაშვილის შემთხვევაში დასახელდა კურიოზული არგუმენტი და გადაუდებელ აუცილებლობად მითითებულია ფაქტი, რომ ის იყო ელჩი და მას აქვს პირადი კონტაქტები. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მისი დაკავების საფუძვლად დაკავების ოქმში მითითებულია ის, რომ მერაბიშვილი ავტორიტეტული პიროვნებაა და მის მოსაზრებას ხალხი პატივს სცემს. მინდა ვუთხრა, საქართველოს ყველა ელჩს, რომ თურმე მათი ელჩობა დანაშაულია და ახალი ხელისუფლების მხრიდან ეს შეიძლება დამამძიმებელ გარემოებად იქნას მიჩნეული", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

მან კიდევ ერთ დარღვევაზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი პროკურატურის შესახებ კანონის მიხედვით, როგორც მთავრობის ყოფილი წევრები არა ჩვეულებრივ პროკურორს, არამედ იუსტიციის მინისტრს უნდა ეცნო ბრალდებულებად.

ამასთან, ადვოკატი ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის დაკავებას მოქმედი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. როგორც გაბაიძემ განაცხადა, რეალურად ეს ადამიანები დაკავებულები არიან იმის გამო, რომ მათ სურდათ ადამიანების დასაქმება.

გოგიტა გაბაიძე ქუთაისის სასამართლოსთან მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე აქცია ხელისუფლების პროვოცირებულია, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეზე ზეგავლენა მოახდინონ.

"მიუხედავად ამ მცდელობისა მოსამართლეზე ზეგავლენას ვერავინ ვერ მოახდენს", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ. მისი თქმით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში დღეს ჩატარდება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შემთხვევაში რომელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსებენ მერაბიშვილს, ადვოკატმა განმარტა, რომ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს თბილისში მოხდება თუ ქუთაისში ბრალდებულების საპატიმროში გადაყვანა.