”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დღევანდელ პროცესზე მშვიდობიანად შესვლის უზრუნველყოფას ითხოვენ

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დღევანდელ პროცესზე მშვიდობიანად შესვლის უზრუნველყოფას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე პარტიის ლიდერების მშვიდობიანად შესვლა უზრუნველყოს. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, სასამართლოსთან მობილიზებულია "კაკაბაძე-ვაჩნაძის" ძალადობრივი ჯგუფი და არსებობს საფრთხე, რომ 8 თებერვლის მოვლენები განმეორდეს.

"დღეისთვის, სავარაუდოდ, ჩაინიშნება ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი, რომელთა დაკავების გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. გარდა ამ გადაწყვეტილებისა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მიღებულია კიდევ ერთი გადაწყვეტილება _ ესაა ამ სასამართლოს გამოყენება მორიგი ძალადობის ორგანიზებისთვის. ამისთვის ქუთაისში ჩამოყვანილია საზოგადოების კარგად ცნობილი კაკაბაძე-ვაჩნაძის ჯგუფი, რომელიც თავისი აგრესიით გამოირჩევა. ისინი იმყოფებიან სასამართლოსთან. რა თქმა უნდა, ამ პროცესზე ვაპირებთ მისვლას ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის თანამებრძოლები, მეგობრები და ყველა, ვინც მათ მხარს უჭერს. არანაირი ზომა ამ წუთში არაა მიღებული იმისთვის, რომ ამ ცნობილმა ძალადობრივმა ჯგუფმა არ გაიმეოროს იგივე, რაც მოხდა 8 თებერვალს, შესაბამისად საფრთხე არის ძალიან მაღალი. მინდა ვუთხრა ივანიშვილს და ღარიბაშვილს, იმისთვის რომ შემდეგ არ მოუწიოთ თავის მართლება ნახატი ფილმებით და მულტფილმებით, თითქოს რაღაც ზომები იყო მიღებული, რათა საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო, მოვუწოდებთ მათ არ მიეცეს გასაქანი ამ ჯგუფებს და სასწრაფოდ მიიღონ ზომები", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუკი სასამართლოსთან რაიმე ძალადობრივ ინციდენტებს ექნება ადგილი, მასზე პასუხისმგებელი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება.

"ახლავე ვაცხადებთ, ჩვენ მივალთ სასამართლში მშვიდობიანად, ერთადერთი განზრახვა გვაქვს, დავესწროთ ჩვენი მეგობრების სასამართლო პროცესს, მაგრამ მეორე მხრივ, ვაფრთხილებთ ყველას _ თუ მეორე მხრიდან განხორციელდება ჩვენზე ძალადობა, ეს იქნება ერთადერთი ადამიანის ბრალი _ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის", - აღნიშნა გაბაშვილმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, კაკაბაძე-ვაჩნაძე ჯგუფი ხელისუფლებამ მათზე ძალადობის განსახორციელებლად ხელოვნურად შექმნა.