"ჩაყოლა" გვირჩევნია "ჩასვრას"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძის აზრით, დადგება დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტად მწარედ წააგებს არჩევნებს, ან არჩევნების გარეშე მოუწევს წაგება.

ამის შესახებ საყვარელიძე facebook-ის თავის გვერდზე წერს.

"ბატონმა ბიძინამ კაცურად გულზე ხელი დაიდოს, შემდეგ თავის ირგვლივ მილიარდებზე და ზიზღზე შემოკოწიწებულ შემთხვევით "გუნდს" გადახედოს და გვითხრას ერთი, ზურა ჭიაბერაშვილზე უფრო იდეალისტი და ენთუზიასტი კაცი ან ქალი თუ ჰყავს ირგვლივ. ან რომელ მათგანს გაუკეთებია ასე ერთგულად და ასე უანგაროდ იმის მეოთხედი მაინც, რაც ზურა ჭიაბერაშვილმა აკეთა წლების მანძლზე. დადგება დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე უფრო მეტად მწარედ წააგებს არჩევნებს, ან უამისოდ მოუწევს წაგება. როგორ ჰგონია ქართული აუხდენელი ოცნების ლიდერს, თუ დარჩება მის გვერდში ზურას მსგავსი კაცები და ქალები? ან რა იდეოლოგიას სთავაზობს მომავალ თაობას, რომ ადამიანები მის ირგვლივ გაერთიანდნენ? ახალგაზრდა ვარ საკმარისად, რომ ამ დროს მოვესწრო და შევახსენო მათ, ვინც ბატონი ბიძინას ძეგლების გამოძერწვის და ფსევდო-მართლმადიდებლურ საფარქვეშ რუსეთის ჰეგემონიის განცხადებებს და იდეოლოგიას გვახვევს თავს. მართლა სირცხვილია. ქართული კონფორმისტული პოლიტიკის ყველა დაწერილ-დაუწერელი წესით, თბილისის მერობიდან "მოხსნილი", გნებავთ გათავისუფლებული ზურა ჭიაბერაშვილი აქამდე პირველი დაუძინებელი მტერი და მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო სააკაშვილის და მისი პარტიის, ალბათ, ბატონი ბიძინას კარზეც პატარა პოზიციები არ ექნებოდა ასეთ კაცს, ვისაც ნებისმიერი ოპოზოციური სულისმღაფავი პარტია დიდი ზარ-ზეიმით მიიღებდა, მაგრამ რა მოხდა? ზურამ არა სააკაშვილს, არამედ საკუთარ ფასეულობებს არ უღალატა და სხვა ფრონტზე გააგრძელა ღირსეული ბრძოლა, რადგან ეს მის ქვეყანას სჭირდებოდა. აი ესაა, რაც გვაქვს ჩვენ და რაც არ გაქვთ თქვენ, რის გამოც გიკვირთ რაზეა დაფუძნებული ჩვენი ერთობა, როდესაც ბევრ ჩვენგანს მაღალი თანამდებობებიდან მზითევად წამოკიდებული ბანკის კრედიტები ახრჩობს და მაინც ბოლოს დროს პოპულარული შემოსული ტერმინი "ჩაყოლა" გვირჩევნია "ჩასვრას". დღეს ხელისუფლელებას ჰგონია, რომ ყველაზე ძლიერია და ყველაფრის უფლება აქვს. თავისავე მოგონილი ე.წ. სამართლიანობის აღდგენითა" არის გართული, თუმცა აქვე გულახდილად ვეტყვი მათ, ჩვენც გაგვივლია ეგ ეტაპი, როდესაც თავი ყველაზე ძლიერი გვეგონა, ვიყავით კიდევაც, რასაც ეს მთავრობა ვეღარასოდეს შეძლებს. არადა, საქართველოს ეკონომიკის და სტაბილურობის გარანტი მხოლოდ ერთშია - უაღრესად მოქნილ და ეფექტურ, ძლიერ ხელისუფლებაში, რომლის შექმნის არც სურვილი აქვს ბატონ ბიძინას და ვერც გაუბედავს ხალხს, რომელსაც თავიდანვე მისცა ამის პირობა. ყველაზე დაზიანებადი მაშინ ხარ, როდესაც ყველაზე ძლიერად გრძნობ თავს. სირცხვილია ზურა ჭიაბერაშვილის მსგავსი ახალი და წარმატებული ქართველი ჯარისკაცებისადმი ასეთი მოქცევა. მისი დაკავება ვერ გაზრდის დასაქმებულთა ადგილებს და ვერც საქართველოს უკან-უკან მიმავალ ეკონომიკას ამოქაჩავს. საინტერესოა, ოქტომბერში ვიღას დაიჭერთ? როდესაც ხელშესახები გახდება უფრო მეტად გაჭირვება და სიდუხჭირე?", - აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, 2003 წელს შევარდნაძის დროინდელი მინისტრების მიმართ სამართლიანობის აღდგენის და შემოღების მოთხოვნა მთელი სიმწვავით იდგა.

"ზოგიერთმა მათგანმა უშუქოდ და უგაზოდ, სიცივეში და სიბნელეში აცხოვრა ხალხი, სიდუხჭირეს და ყოველგვარ ზღვარგადასულ კორუფციას აღარ გაგახსენებთ. მოხდა კიდეც, თუმცა წლები გავიდა და მათ მიმართაც კი, ვინც ხალხის დაკვეთით იხდიდა სწორედ სასჯელს, საზოგადოებას სოლიდარობის განცდა გაუჩნდა. საქართველოში ბატონო ბიძინა, ასეთ ხალხს, როგორიც ვანო და ზურაა, ვინც წარმატების ეპოქას ჩაუყარა სათავე, ციხეში დიდხანს ვერ გააჩერებთ. გაიხსენეთ დავით მირცხულავა, სულხან მოლაშვილი და სხვანი. მათ მიმართაც კი მობეზრდა ხალხს სეირის ყურება. "გაანალიზება" საზოგადოებისთვის მიმინდია. ბოლოს, არ შემიძლია, ირონიის გარეშე არ დავტოვო ერთი კაცის დღევანდელი კომენტარი, რომელიც ყოჩივით, ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ვანოს და ზურას დაკავებას. და ეს კაცი ვინ გახლდათ?! არც მეტი და არც ნაკლები - ბატონი გოგი თოფაძე, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა: "ეს ის ხალხია სწორედ, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს დღეს საქართველო". რა მდგომარეობამდე, არ დაუკონკრეტებია. დანარჩენი თქვენთვის მომინდია "საანალიზოდ". ბატონ ბიძინას, სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ მოეშლება ნერვები, ვიდრე ერთი ჩვენგანი მაინც იქნება ციხის გარეთ ან თუნდაც ციხის შიგნით. ასეთია, საბედნიეროდ, პოლიტიკური თამაშის წესები. ჩემო კარგებო, გული არ გაიტეხოთ! მაგრად დავდგებით და გამარჯვება საბოლოოდ ჩვენია, მთავარია მანევრები და გამძლეობა", - აცხადებს საყვარელიძე.