სააკაშვილს ვაიძულებთ, აღმიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა.

სააკაშვილს ვაიძულებთ, აღმიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა.


"ბიძინა ივანიშვილის მეორე პრესკონფერენცია გაცილებით ინფორმატიული გამოდგა. თავდაპირველად მან რეგიონულ მედიას მოუბოდიშა, რომ დაძაბული რეჟიმის გამო მათთან ცალკე შეხვედრა უფრო ადრე ვერ მოახერხა. მისი თქმით, მედიას და განსაკუთრებით რეგიონულ პრესას ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრას 40 ჟურნალისტი ესწრებოდა და კითხვის დასმის საშუალება ყველა მსურველს მიეცა. პრესკონფერენცია ამჟამად ალიაქოთისა და მიკროფონების ხელდან წართმევის გარეშე წარიმართა. პირველ პრესკონფერენციას ივანიშვილის მხრიდან ლაიტმოტივად გასდევდა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა სააკაშვილია. მან ამას გუშინდელ შეხვედრაზეც ხაზი არაერთხელ გაუსვა, თუმცა რამდენჯერმე უარყოფით კონტექსტში მოიხსენია "მძიმე წონიანი ეკონომისტიც", - ადვილი გამოსაცნობია, რომ ეს კახა ბენდუქიძე გახლავთ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით სააკაშვილს ვაიძულებთ, აღმიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა.

"ივანიშვილის განცხადებით, მისი საქველმოქმედო ფონდი ფინანსურად ეხმარებოდა ისეთ წარმატებულ ქართველებს, როგორც, მაგალითად, ნინო ანანიაშვილია. ამ ადამიანების კრიტერიუმი ის გახლდათ, თუ ვის რა დამსახურება აქვს ერისა და ქვეყნის წინაშე. შესაძლოა მათი ნაწილი ღარიბი არაა, თუმცა ფონდი იმის აღწერას ვერ მოახდენდა, ვის რამდენი ქონება აქვს. და შეჭირვებული მოსახლეობისთვისაც ბევრი დახმარებაა გაწეული. "დანახარჯებს თუ აიღებთ, რასაც ფონდი ახორციელებს, გაჭირვებულებზე გაცილებით მეტი იხარჯება. მქონდა სურვილი ყველას დავხმარებოდი, მაგრამ ამას 100 ჩემნაირიც ვერ შეძლებს", - განაცხადა ივანიშვილმა. ბენდუქიძეს კი ივანიშვილი იმაში ადანაშაულებს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში შეუშალა ხელი, როგორც გაჭირვებული მოსახლეობისთვის უფასო საავადმყოფოს გახსნა და მეღვინეების ხელშეწყობა იყო", - აღნიშნავს გამოცემა. 

"პირადად ვუწევდი კოორდინაციას, რომ რესპუბლიკური საავადმყოფი აღგვედგინა, ძველი შენობის აღდგენა დავიწყეთ. ეს იქნებოდა საუნივერსიტეტო კლინიკა, ექიმების თაობათა ცვლა აქ წარიმართებოდა, საავადმყოფო უფასო უნდა ყოფილიყო. მშენებლობის დაწყების წინ მოხდა ის, რომ მძიმე წონოსანი ეკონომისტი ჩაერია. მისი თქმით, არ შეიძლებოდა საავადმყოფო უფასო ყოფილიყო, რადგან სხვა საავარმყოფოები გაღარიბდებოდნენ, მაგრამ ის, ვინ აქ მოვიდოდა სამკურნალოდ, კლინიკა კი 700-საწოლიანი იქნებოდა, სხვაგან ვერ შეძლებდა მკურნალობას. მქონდა სურვილი ასეთი პროექტი გამეკეთებინა, მაგრამ არ დამანებეს, ძალით კი ამას ვერ გავაკეთებდი", - განაცხადა ივანიშვილმა. რაც შეეხება მეღვინეების დახმარების საკითხში ბენდუქიძის ჩარევას, ივანიშვილის თქმით, მისი მოთხოვნა იყო 5-6 წელი ყურძნის ჩაბარების საკითხში სახელმწიფოს დახმარება გაეწია - 2 წელი ამას თავად ივანიშვილი აკეთებდა, შეღავათიან კრედიტებს გასცემდა მარნებისთვის, თუმცა მესამე წელს ეს აუკრძალეს", - დასძენს გამოცემა.

"მძიმეწონიანი ეკონომისტის აზრით, ბიზნესმენებს მოგება რომ მიეღოთ, 20 თეთრზე მეტად ყურძენი არ უნდა ჩაებარებინათ. ივანიშვილის თქმით, რუსეთის ბაზრის დახურვამ კახელ გლეხებს სერიოზული ზარალი მიაყენა, მაგრამ ეს მხოლოდ 8 აგვისტოს ბრალი კი არაა, არამედ ამას პრეზიდენტმა მიაღწია თავისი გამონათქვამებით. "ჩვენ სტაგნაციას დავძრავთ, მაგრამ სანამ ხელისუფლებაში სააკაშვილი იქნება, ეს არ მოხერხდება. ეს პროცესი არ იქნება იოლი და სწრაფი, რთული მოლაპარაკებებია, მაგრამ სააკაშვილის პირობებში ეს ადგილი გაყინული იქნება" - აცხადებს ივანიშვილი. მის განმარტებით, ზოგადად, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში აგრარული სექტორი არ აის პრიორიტეტული, პირველ ეტაპზე საქართველოში მისი სუბსიდირება იქნება აუცილებელი, რათა გლეხი წელგამართული იყოს. აუცილებლად უნდა მოხდეს საფინანსო წყაროების გაჩენა, კრედიტები ცენტრალურმა ხელისუფლებამაც უნდა გაიღოს. ბანკებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული. სესხი შეღავათიანი კრედითით გასცენ - გლეხებს სჭირდება დახმარება ახალი კულტურების შემოტანაში, სახპრცე და საშენი პირუტყვის შერჩევაში, უნდა შეიქმნას გადამამუშავებელი ქარხნები, რათა გლეხმაჭირნახული დააბინავოს..." - წერს სტატიის ავტორი.

"ივანიშვილმა ისაუბრა ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორც ქვეყანაში არსებული სიღარიბე და დაკარგული ტერიტორიებია - "კარგად ვაცნობიერებ რა გაჭირვებული მდგომარეობაა და ისიც ვიცი, პრეზიდენტი მის გადასალახად როგორ ზრუნავს - ამას ფასადურად აკეთებს, რაც თვითრეკლამას ემსახურება. მაგალითად, შეურაცხმყოფელია, როცა გლეხებისთვის სასუქის დარიგება რამდენიმე ტელევიზიის თანდასწრებით ხდება. მოსახლეობას ნუ ექნება განცდა, რომ სიღარიბის აღმიფხვრას რამდენიმე თვეში შევძლებთ, თუმცა შევქმნით საფუძველს ეს რამდენიმე წელიწადში მოხერხდეს. რაც შეეხება პენსიებს, ვერ მოგახსენებთ კონკრეტულად, რამდენი უნდა იყოს, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ასეთი მწირი - არა", - განაცხადა ბიზნესმენმა, რომლის აზრით, პენსია უნდა აკმაყოფილებდეს საარსებო მინიმუმს, ამიტომ ვერ გააკეთებს ცრუ დაპირებებს, რადგან ბიუჯეტი გაფლანგული დახვდება - "ესენი ტაშ-ფანდურებში ხარჯავენ ფულს", - ნათქვამია სტატიაში. 

"ჩვენი ბედია პროდასავლურობა და ჩვენი ბედია, რომ რუსეთის მეზობელი ვართ. ბატონი რასმუსენის გამოსვლა არასწორად თარგმნეს. მისი მხრიდან ითქვა, რომ მეტი განვითარება სჭირდება ქვეყანას, ამათ კი გვითარგმნეს, ძალიან არის განვითარებულიო. ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნატო-ს არა აქვს ალტერნატივა, ამას ვაფიქსირებ. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ნატო-ში შესვლას, მაგრამ დემოკრატიის განვითარებაა მისი მთავარი მოთხოვნა. რასმუსენმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ქინება თუ როგორ ჩატარდება 2012 წლის არჩევნები. ნატოში შესვლა არ იქნება შესაძლებელი, თუკი დემოკრატიული ინსტიტუტების შენება არ მოხდება", - აცხადებს ივანიშვილი. ქუთაისელი ჟურნალისტები კი დაინტერესდნენ, რას ფიქრობს ის ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევასთან დაკავშირებით. მილიარდერის თქმით, ამ საკითხში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორი უცოდინარია სააკაშვილი მენეჯმენტში" - დასძენს სტატიის ავტორი.

"ეს სააკაშვილის უმეცრებას აჩვენებს, - ამბობს მილიარდერი და "უმეცარ" სააკაშვილს, სავარაუდოდ, დღეს მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართავს - მართალია, სასამართლოში მის მიერ შეტანილ სარჩელთან შესაბამისობაში არაა, მაგრამ მაინც. ივანიშვილმა რუსეთის პასპორტი უკვე ჩააბარა. მხოლოდ საფრანგეთის პასპორტი აქვს. ის იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ზეწოლა და მოსახლეობაში დაწყებული სიების შეგროვება შედეგს გამოიღებს. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, ივანიშვილის პარტია მაინც ჩამოყალიბდება. ივანიშვილის განცხადებით, მისი დეპორტაციის შემთხევვაშიც კი (მილიარდერის მტკიცებით, ასეთი გეგმა ხელისუფლებაში უკვე დამუშავებულია), ის შეძლებს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას და 90 პროცენტიანი ალბათობით ფოქრობს, რომ 75%-ს პლუს ერთი დეპუტატით მოვა პარლამენტში", - დასძენს სტატიის ავტორი.