"თუ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ეს ქვეყანას ახალ რეალობაში გადაიყვანს"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, "თუ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ეს ქვეყნის სრულიად ახალ რეალობაში გადაყვანა იქნება".

ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც facebook-ის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"უნდა გვესმოდეს, რომ თუ სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პატიმრობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ეს ჩვეულებრივი იურიდიული აქტი კი არა, ქვეყნის სრულიად ახალ რეალობაში გადაყვანა იქნება. შარშან ოქტომბერში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი და მშვიდი გადაცემა არჩევნების გზით. ჩვენ გაგვიჩნდა ისტორიული შანსი, სრულფასოვანი, წარმატებული დემოკრატია გავმხდარიყავით. დღეს გაჩნდა საფრთხე ამ რეგიონის რიგით ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების, რაც ეჭვის გარეშე, ქვეყანას მრავალი წლით დახევს უკან, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საგარეო ურთიერთობების მხრივ. მივმართვ მთავრობას და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, კარგად დავუფიქრდეთ ასეთი ნაბიჯების შედეგებს და ნუ დავაყენებთ ჩვენს სამშობლოს დარტყმის ქვეშ", - აცხადებს პრეზიდენტი.