კოტე კუბლაშვილის შეფასებით, სასამართლო სისტემა ძალიან ახლოს დგას საბოლოო დამოუკიდებლობასთან

კოტე კუბლაშვილის შეფასებით, სასამართლო სისტემა ძალიან ახლოს დგას საბოლოო დამოუკიდებლობასთან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის შეფასებით, სასამართლო სისტემა დღეს ძალიან ახლოს დგას საბოლოო დამოუკიდებლობასთან. 

ჟურნალისტებთან საუბრისას კუბლაშვილმა კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტიდან რამდენიმე "არაკონსტიტუციური დებულების" ამოღება მოხდა.

კუბლაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტმა კანონიდან რამდენიმე ნორმა ამოიღო. ერთი მხრივ, მათი შენიშვნების გათვალისწინებით და ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა ვენეციის კომისიის დასკვნამ.

"თუმცა დარჩა ის ვარიანტი, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის შენიშვნებს. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა. ახლა დგას ის მომენტი, როცა სასამართლო ძალიან ახლოს დგას საბოლოო დამოუკიდებლობასთან. ეს არის ისტორიული შანსი, რაც ახალ სასამართლო სისიტემას და თითოეულ მოსამართლეს მიეცა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულნი იქნებიან ისეთი მოსამართლეები, რომელიც იზრუნებენ სასამართლო სისტემაზე, სასამართლოს გარანტიებზე და სწორედ ეს შეუწყობს ხელს, რომ სასამართლო სისტემის მიმართ არავითარი ჩარევა და რაიმე ზეწოლა არ მოხდეს, ხოლო თუ ასეთ რამეს ექნება ადგილი, მკაცრად გაეცეს პასუხი", – განუცხადა ჟურნალისტებს კოტე კუბლაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის გარანტიები შექმნილიყო.

კოტე კუბლაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის ამოქმედების მნიშვნელობაზე, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ითვალისწნებს. კუბლაშვილის თქმით, მისი პირადი ინიციატივაა, რომ ეს მოქმედ მოსამართლეებზეც გავრცელდეს და ყველა მოქმედი მოსამართლე უვადოდ გადაინიშნოს.

"ეს იქნება ბოლო წერტილი, როცა სასამართლოს ყველა პირობა ექნება იყოს დამოუკიდებელი" , – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლოს მხირდან აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების შემცირება დაიწყო არა ბოლო თვეების განმავლობაში, არამედ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2010 წლიდან.

კუბლაშვილის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 43%-ზე ჩამოვიდა პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პრაქტიკა.