ალექსი პეტრიაშვილმა ესპანეთში არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრა

ალექსი პეტრიაშვილმა ესპანეთში არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ესპანეთში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ესპანეთი ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების ხელშეწყობა. ალექსი პეტრიაშვილს მხარდაჭერა ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან გონსალო დე ბენიტო სეკადესთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო და უსაფრთხოების საქმეთა დეპარტამენტის დირექტორ ილდეფონსო კასტროსთან, ასევე, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე ხესუს პოსადასთან, ევროპის საბჭოში ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე ხოსე მარია ბენეიტო პერესთან და ესპანელ დეპუტატებთან შეხვედრები ალექსი პეტრიაშვილმა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა.

შეხვედრებზე ალექსი პეტრიაშვილმა ესპანურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში ესპანელი მონიტორების მონაწილეობისათვის.

ალექსი პეტრიაშვილმა, ასევე, თხოვნით მიმართა ესპანურ მხარეს მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ესპანურენოვან სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გატარების მიზნით.

მადრიდში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და ქვეყანა განაგრძობს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ. ესპანურ მხარეს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე 2013 წლის შემოდგომაზე ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოახდინოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების პარაფირება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებში.

ესპანური მხარის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ესპანეთის მხარდაჭერას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი და ისაუბრეს მალის მისიაში საქართველოს ჩართვის დადებით მნიშვნელობაზე. შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილი ავღანეთის ISAF-ის მისიაში.

"ესპანეთი მხარს უჭერს როგორც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ძალიან მტკიცე და ერთგული მხარდამჭერი", - განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.

ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვა ელკანოს გლობალური პოლიტიკის კვლევის სამეფო ინსტიტუტში. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. დაგეგმილია, ასევე, ინტერვიუები ესპანურ გამოცემებთან.