"ივანიშვილს მისი მთავარი კრიტიკოსის განადგურება სურს"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისი მთავარი კრიტიკოსის განადგურება სურს.

ამის შესახებ ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

"იმის ნაცვლად, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა იყოს ფოკუსირებული მოძალადეების დასჯაზე, ქაოსის აღკვეთაზე და იმ სამარცხვინო ფაქტებზე, რაც ვიხილეთ, ასევე ეკონომიკის და უმუშევრობის დაძლევაზე, მათი მთავარი ობსესი არის მთავარი პოლიტიკური ოპონენტების განადგურება. ეს ძალიან სახიფათო ვითარებაა საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ამოცანის შესრულებას, რაც აქვს ჩვენს ახალ მთავრობას, მისი კრიტიკოსების განადგურება, მაგრამ სიტუაცია არის ძალიან სახიფათო", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელების ფარგლებში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 7-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ვანო მერაბიშვილს უახლოეს მომავალში დამატებითი ბრალდება 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეების გამო წარედგინება.

ვანო მერაბიშვილთან ერთად დაკავებულია ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. პროკურატურის ცნობით, ჭიაბერაშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯული 5.2 მილიონი ლარის გამო დააკავეს.