მოსამართლეთა კონფერენცია 9 ივნისს გაიმართება

მოსამართლეთა კონფერენცია 9 ივნისს გაიმართება

მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებს აირჩევენ, 9 ივნისს გაიმართება. 

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა კონფერენციის თარიღად 9 ივნისი განსაზღვრა.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა მთელი რიგი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებაც მოსამართლეთა კონფერენციაზე მოხდება - არის საარჩევნო და არჩევნების შემაჯამებელი ბიულეტენების ფორმა; აგრეთვე, განისაზღვრა ტექნიკური საკითხები, რაც საჭიროა ფარული არჩევნებისთვის.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს და ცვლილებებს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს.

კოტე კუბლაშვილის განმარტებით, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული კომიტეტის მუშაობაში, გამოთქვას შენიშვნები და დააფიქსიროს მოსაზრებები რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, შეუძლია, საკუთარი პოზიცია ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს წარუდგინოს, ასევე მათ შესაძლებობა ექნებათ, დაესწრონ ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომას.

"პროცესი ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობს, რათა მოსამართლეთა კონფერენცია ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენი მიზანია, არჩევნები მაქსიმალური საჯაროობის პირობებში წარიმართოს. გარდა ამისა, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კონფერენცია მიიღებს, მოსამართლეთა გადაწყვეტილება იქნება და არავის აქვს ამ პროცესში ჩარევის უფლება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.