ვანო მერაბიშვილს დღეს ბრალი დაუმძიმდება

ვანო მერაბიშვილს დღეს ბრალი დაუმძიმდება

ვანო მერაბიშვილს დღეს ბრალი დაუმძიმდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნისთვის ბრალის დამძიმების შესახებ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.

არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბრალს 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეებზე წაუყენებენ.

ამასთან, პროკურატურის გუშინდელი ინფორმაციით, აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოძიება ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია.

"ფაქტობრივად, დასრულებულია გამოძიება კიდევ ორ ეპიზოდზე, კერძოდ, პირველი შეეხება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით, საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი, ალყაშემორტყმული მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადსხვა ხარისხის დაზიანები მიიღო მრავალმა ადამიანმა.

მეორე ეპიზოდი უკავშირდება უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური და ეფექტური გამოძიებით პროკურატურის მიერ, პრაქტიკულად, სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და ამსრულებლები.

შეგროვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოვებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.

უახლოეს პერიოდში ივანე მერაბიშვილს ზემოაღნიშნულ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინება დამატებითი ბრალდება, ხოლო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების შედეგების თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გუშინ გაავრცელა.

პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭაიბერაშვილი გუშინ დააკავა.