ადვოკატი ვანო მერაბიშვილს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებს

ადვოკატი ვანო მერაბიშვილს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა , ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც დაკავებულია მოთავსებული, რამდენიმე საათში მივა. მისივე განმარტებით, მერაბიშვილი თავს კარგად გრძნობს.
რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვას დღეს აპირებს.

"აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ბრალის წარდგენიდან 48 საათში, პროკურატურის მიერ სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვიდან 24 საათში უნდა მოხდეს. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართავს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ვანო მერაბიშვილს და კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად წუხელ წაუყენეს. გამოძიება მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.

ჭიაბერაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ედება მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.