ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დასრულდება

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დასრულდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შსს-დან აცნობეს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.

ასევე გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ელჩინ გულიევსაც შეხვდა. მხარეებმა საზღვრის დაცვის კუთხით ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.

ოფიციალურ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანში იმყოფებოდა. მინისტრმა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

მინისტრმა ასევე გვირგვინთ შეამკო "შეჰიდების ხეივანში" მდებარე "მარადიული ცეცხლის" მემორიალი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.