ნიკა რურუა - მთავრობას ყოველთვის აქვს საკუთარ ოპონენტებზე შურისძიების ცდუნება

ნიკა რურუა - მთავრობას ყოველთვის აქვს საკუთარ ოპონენტებზე შურისძიების ცდუნება

მთავრობას ყოველთვის აქვს საკუთარ ოპონენტებზე შურისძიების ცდუნება. მომდევნო რამდენიმე დღე ნათლეს მოჰფენს თუ რეალურად რას უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ქვეყნის ექს-პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის ექს-მინისტრმა ნიკა რურუამ განუცხადა.
რურუა აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაპატიმრება ყოველთვის საეჭვო მოვლენაა და ასეთად იქნება განხილული მთელი თავისუფალი სამყაროს მიერ.

"მომდევნო რამდენიმე დღე წესით ნათელს მოფენს ამ საკითხებს. თავისთავად, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაპატიმრება ყოველთვის საეჭვო მოვლენაა და ასეთად იქნება განხილული მთელი თავისუფალი სამყაროს მიერ, რადგანაც მთავრობას ყოველთვის აქვს ცთუნება შურისძიებისა საკუთარ ოპონენტებზე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკა რურუამ.

რურუა აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე შურისძიების ცდუნების რისკი მაღალია ისეთ ახალგაზრდა და სუსტი დემოკრატიის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.

"ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია ისეთ ახალგაზრდა და სუსტი დემოკრატიის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვართ, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანის თავისუფლებაა და ამის გასაცნობიერებლად კიდევ ბევრი ტკივილისა და შეცდომის გადატანა მოგვიწევს", - განაცხადა ნიკა რურუამ.

რურუა აცხადებს, რომ არაა გამორიცხული მერაბიშვილის საქმე ბაჩო ახალიას საქმის მსგავსად მტკიცებულების არარსებობის გამო დაიშალოს.

"დიდი შანსია, რომ ბაჩო ახალაიას სასამართლოს მაგვარი ფარსი ვიხილოთ ამ შემთხვევაში, ან საერთოდ დაეშალოთ საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო", - განაცხადა რურუამ.