დიმიტრი მონიავა, "საქართველო და მსოფლიო"
ოქროს თევზის ცათამბჯენი, ანუ რატომ სძულს მიშას თბილისი?
«ლამაზი შენობები მიყვარს. 200-სართულიან შენობას ვისურვებდი. ეგრევე 200 სართული და ყველაზე ლამაზი არქიტექტურა. მე მომწონს რაღაც ისეთი, არქიტექტურული, დიდი, ლამაზი. და, სხვათა შორის, არქიტექტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ლამაზი, გამჭირვალე შენობები სამყაროს აღქმას ცვლიან,» _ ძნელი ამოსაცნობი არ არის, თუ ვინ წარმოთქვა ყოველივე ეს, თუმცა სიზუსტისთვის აღვნიშნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს ერთ-ერთ უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრაზე გააკეთა: «მინდა საქართველოში 300-სართულიანი შენობა ავაშენო,» _ დასძინა მან. ანგარიში სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული ფედერაციის მდივანმა გლებ გოლოვჩენკომ გამოაქვეყნა. ეს პუბლიკაცია ფართოდ არ გავრცელებულა, ის მხოლოდ თითო-ოროლა უკრაინულ საიტზე მოიპოვება, მათ შორის ქალაქ ნიკოლაევის (სადაც გოლოვჩენკო ცხოვრობს და მოღვაწეობს) «საინფორმაციო-ანალიტიკურ ინტერნეტ-გაზეთში». არადა, ამ ტექსტში სააკაშვილის რიგი ფსიქოლოგიური თავისებურებები მთელი სიგრძე-სიგანით აისახა და მათზე დაკვირვება, თუნდაც პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, ნამდვილად ღირს.
მაშ ასე, 200 თუ 300-სართულიანი შენობა, რომელმაც, როგორც ჩანს, უკან უნდა ჩამოიტოვოს დუბაიში ახლახან აშენებული 168-სართულიანი «ბურჯ-ჰალიფა» და სპარსეთის ყურეს სანავთობო მონარქების ჯერ კიდევ პროექტის სტადიაში მყოფი თამამი ფანტაზიები («Kingdom Tower» _ საუდის არაბეთში, «Madinat al-Hareer» _ ქუვეითში და «Murjan Tower» _ ბაჰრეინში). ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს სააკაშვილის მეგალომანიის მორიგი სეზონური გამწვავებაა და მას ყურადღება არ მივაქციოთ, რომ არა მონაკვეთი «სამყაროს აღქმის შეცვლაზე», რომელსაც საკმაოდ ღრმა და ჩახლართული ფესვები აქვს. ვინაიდან სააკაშვილს, როგორც წესი, არ შეუძლია აზრის მწყობრი ჩამოყალიბება და ერთობ ბავშვურ სტილში («რაღაც ისეთი, არქიტექტურული, დიდი») საუბრობს, ალბათ, აჯობებს, სხვა დიქტატორს დავესესხოთ, რომელსაც ანალოგიური გატაცება ჰქონდა.
«არც ერთ ჩვენს ქალაქს არ გააჩნია ისეთი ძეგლები, რომლებიც მთელ ქალაქზე იბატონებდა და აღქმული იქნებოდა როგორც მთელი ეპოქის სიმბოლო... ანტიკური ქალაქი ისეთ მიმზიდველ საშუალებებს ფლობდა, რომლებზეც დღეს წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ამ ქალაქის მცხოვრებს თვალწინ ჰქონდა არა ცალკეული მეპატრონეების მეტ-ნაკლებად საცოდავი სახლები, არამედ დიადი შენობები, რომლებიც მთელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. ამ შესანიშნავ შენობებთან მიმართებაში მათი საკუთარი სახლები მხოლოდ დაქვემდებარებულ მნიშვნელობას იძენდა» (ადოლფ ჰიტლერი; «Mein Kampf»). «რა თქმა უნდა, ახალ ეროვნულ ცნობიერებას მხოლოდ არქიტექტურით ვერ გააღვიძებ, მაგრამ, როდესაც გაჭირვების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, საჭიროა ეროვნული სიდიადის გრძნობის ხელახალი გაღვიძება, მაშინ წინაპრებისგან დარჩენილი ძეგლები წარუშლელ მოგონებად გვევლინება... ჩვენი ნაგებობები მომავლის გერმანიას უნდა მიმართვდნენ,» _ იხსენებდა ფიურერის სიტყვებს ალბერტ შპეერი. ნაცისტური პირველწყაროების უხვი ციტირებისთვის ბოდიში მომითხოვია, მაგრამ, შესაძლოა, მათ მიგვაახლოვონ იმასთან, რაც სააკაშვილის თავში ხდება, კერძოდ კი, მის იმ ნაწილში, სადაც მეგალომანიური არქიტექტურული გეგმები მწიფდება.
სხვათა შორის, რაც უფრო ახლოვდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრული, ის არქიტექტურაზე სულ უფრო ხშირად საუბრობს. პარალელებს არ ვავლებთ, თუმცა ბერლინის რეკონსტრუქციის გეგმა ადოლფ ჰიტლერს განსაკუთრებით მაშინ იზიდავდა, როდესაც ამ ქალაქს საბჭოთა ჯარები მიუახლოვდნენ. შესაძლოა, ამ დროს ფიურერის წარმოსახვაში ჩნდებოდა და ისევ ქრებოდა დიადი მონუმენტების სილუეტები და მათკენ გარბოდა რეალური გერმანიისგან, რომელსაც, ტოტალური ნგრევის, მსხვერპლის და საუკუნო სირცხვილის გარდა, არაფერს უტოვებდა. ასეთი სრაფვა ვირტუალურისკენ სააკაშვილის ბოლო გამოსვლებშიც შეინიშნება, მაგალითად, განხილულ შეხვედრაზე უკრაინელ სტუმრებთან, მან შემდეგი რამ თქვა: «არაფერს ვაზვიადებ, ბათუმი 4 წლის შემდეგ სინგაპურს დაემსგავსება. იქ ახლა შენდება 500 შენობა, რომლებიც 50 სართულზე მაღალია. არის 70, 80-სართულიანიც». საერთოდ, ციფრებთან სააკაშვილს, როგორც ჩანს, უკვე სერიოზული პრობლემები დაეწყო. ამავე შეხვედრაზე მან თქვა: «როდესაც 2 წლის წინ თბილისის ცენტრს ბომბავდნენ...». იქნებ ვინმე გულისხმიერმა პირაცეტამი (ნოოტროპილი) დაალევინოს, რათა გაიხსენოს, რომ თბილისს 3 წლის წინ ბომბავდნენ, ხოლო ბათუმში ხუთასი «50+»-სართულიანი შენობა არ შენდება, თორემ პროცესს უყურადღებოდ თუ დავტოვებთ, მალე, ალბათ, იტყვის, რომ ხუთი წლის წინ სტალინგრადი აიღო.
«ბაბილონის ახალი გოდოლის» აშენება მილიარდობით დოლარი დაჯდებოდა. ამ ფულის ეფექტიანი გამოყენება საქართველოს ეკონომიკას დიდად წაადგებოდა, თუმცა, ის სააკაშვილის ხელთ რომ აღმოჩენილიყო, დიდი ალბათობით, სწორედ ამ მონუმენტური ცათამბჯენის მშენებლობაზე დახარჯავდა, რომელიც, ჰიტლერს თუ დავესესხებით, «მეტ-ნაკლებად საცოდავ სახლებზე» «იბატონებდა». აქ საქმე, შესაძლოა, არა მხოლოდ ქვეყანაზე დომინირების დაუკმაყოფილებელ (თუ რატომ, ამაზე ქვემოთ) სურვილთან, არამედ უფრო სიღრმისეულ მიზეზებთან გვაქვს. ამერიკელმა ანთროპოლოგმა და ისტორიკოსმა ჯოზეფ ტეინტერმა თავის შესანიშნავ ნაშრომში «The Collapse of Complex Societies» თვალნათლივ აჩვენა, რომ ლტოლვა გრანდიოზული მონუმენტების მშენებლობისკენ, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, პროპაგანდისტული მნიშვნელობა ენიჭება, კოლაფსის მოახლოების ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია. რომისა და მაიას იმპერიების მაგალითებზე ტეინტერი აღწერს, თუ როგორ ემთხვეოდა ერთამანეთს მონუმენტების მასირებული აღმართვისა და მოსახლეობის გაღატაკების, მისი გაუბედურების პერიოდები, რომელსაც სახელმწიფოსა და საზოგადოების სრული კრახი მოსდევდა. რესურსების ჩადება არა (ან ნაკლებად) პროდუქტიულ ნაგებობში, იმის ნაცლად რომ ინვესტირება ტექნოლოგიებში და წარმოების გაზრდაში მოხდეს, მოახლოებული ფინიშის ერთ-ერთი, არცთუ ურიგო ინდიკატორია. გაჭირვებულ ქვეყანაში სრულიად ფსიქოპატური და უმეტესწილად ძალზე ძვირადღირებული პროექტების გაჩენა (ამ მხრივ, საქართველოში საკმაოდ სახასიათოა «უშბის განათების პროექტი», ანაკლიის ბედკრული ხიდი, «ოლვეის ულტრას ხიდი» თბილისში, სააკაშვილის 300-სართულიანი ხილვები და ა.შ.) ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება და საზოგადოების გარკვეული ნაწილი საკუთარი თავის მოტყუებისკენ ისწრაფვის მაშინ, როდესაც ქვეყანა უფსკრულის პირას დგას; ეს მომენტი ჯოზეფ ტეინტერმა თავის წიგნში ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა.
ცხადია, სააკაშვილს არ აქვს არანაირი რესურსი იმისათვის, რომ მსგავსი მშენებლობა წამოიწყოს. მონსტრუოზული ცათამბჯენი მან მხოლოდ მაშინ ახსენა, როდესაც უკრაინელმა სტუმრებმა ჰკითხეს, თუ რა სურვილის შესრულებას სთხოვდა იგი ოქროს თევზს. სააკაშვილმა ჯერ ლტოლვილების პრობლემებზე საუბარი დაიწყო, თუმცა შემდეგ, როგორც გლებ გოლოვჩენკო აღნიშნავს, «რათა მძიმე ფიქრებს დაშორდეს», 200-300-სართულიან შენობებზე გადაერთო, რომელთა აშენება დღეს საქართველოში ოქროს თევზს თუ ძალუძს. თუ გავიხსენებთ, როგორ მიისწრაფვოდა ბუნკერში გამოკეტილი ფიურერი ბერლინის რეკონსტრუქციის გეგმისკენ, ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რეალობისგან გაქცევის ზუსტად ისეთივე დაუოკებელი სურვილი იყო.
გადავხედოთ ერთ უაღრესად საინტერესო მონაკვეთს გოლოვჩენკოს პუბლიკაციიდან: «თუ მთელი საუბრის განმავლობაში ის, პრაქტიკულად, თავშეკავებული დიპლომატი გახლდათ, მომდევნო ფრაგმენტში პრეზიდენტს მისი გულისწუხილი მაინც აღმოხდა. «საქართველოს ყოველთვის მართავდნენ ადამიანები იქიდან!» _ პრეზიდენტმა ბრაზით მოიქნია ხელი უკვე განათებული თბილისის მიმართულებით. იმ მხარეს, სადაც ის მიუთითებდა, გახედვაც კი არ მოგინდებოდა. ჩანდა, რომ წყენა «საქართველოს ამ ნაწილზე» წლების განმავლობაში გროვდებოდა და როგორც მოუშუშებელი ჭრილობა დღესაც სტკივა (თუმცა, შესაძლოა, ეს მომეჩვენა). პრეზიდენტმა ცოტა ხნით თავი დაანება მთავარ თემას და განაგრძო: «თბილისის ცენტრი _ აი აქედან იშლება ჩრდილოეთით და ჩრდილოეთიდან _ დასავლეთით. ერთი და იგივე ადამიანები. იქ 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყოველთვის, ბოლო 100 წლის განმავლობაში მხოლოდ მათ ჰქონდათ ფული, მხოლოდ მათ ჰქონდათ ყველაფერი». ხსენებულ 150 ათას ადამიანზე საუბრის დასასრულს სააკაშვილმა, გოლოვჩენკოს თქმით, «განაწყენებულმა გადახედა თბილისის იმ ნაწილს, რომელიც «ყოველთვის კარგად ცხოვრობდა». «ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, არსად გადავასახლებთ, ჩვენ ციმბირი არ გვაქვს, რომ გადავასახლოთ და ბანაკებიც არ აგვიშენებია».
ზოგადად, გლებ გოლოვჩენკო სულაც არ იყო მოწადინებული, სააკაშვილი ბოროტ არსებად წარმოეჩინა. პირიქით, ის მასპინძლის მიმართ მეტად კეთილგანწყობილი გახლდათ, თუმცა მას არ გამოჰპარვია სააკაშვილის ბოღმა, რომლის შესახებ მთელმა საქართველომ, სავარაუდოდ, ისედაც იცის. ამ, როგორც ჩანს, უკიდეგანო ბოღმის გათვალისწინებით, ალბათ, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილი ოდესმე (თუ მანამდე კეთილი ნების ადამიანები არ გაკოჭავენ) ქალაქის ამ ნაწილს საარტილერიო ცეცხლს არ გაუხსნის.
პრობლემა, რომლის წარმოჩენას სააკაშვილი პოლიტიკურ (სოციალურ) ჭრილში ცდილობდა, სინამდვილეში შესაძლოა, პიროვნულ, ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებდეს. საქმე, სავარაუდოდ, ისაა, რომ სააკაშვილი თბილისის ცენტრში კი დაიბადა და გაიზარდა, თუმცა თბილისური საზოგადოების წევრი ვერ გახდა; მასში ვერ დამკვიდრდა. ფორმალური თვალსაზრისით, ის თბილისელია, თუმცა, ამავე დროს და პარადოქსულად, თბილისელად, ალბათ, ვერ ჩაითვლება. შესაძლოა, მას, უბრალოდ, არ ეყო ნიჭი, განათლებულობა, ზრდილობა, გამბედაობა ან ყოველივე ეს ერთად, იმისთვის, რომ თბილისელებმა თავისიანად აღიქვან და სათანადო პატივისცემით მოეკიდონ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მაღალ თანამდებობას იკავებს სააკაშვილი, დედაქალაქის ამ ნაწილში (და, სავარაუდოდ, არა მხოლოდ მასში) მას, როგორც წესი, «უცხო სხეულად» აღიქვამენ, მეტიც, ხშირად ზემოდან უყურებენ და დასცინიან. ადამიანი, ზოგადად, ყოველთვის ცდილობს, მოიპოვოს აღიარება და პატივისცემა იმ გარემოში, რომელშიც გაიზარდა და, შესაძლოა, სააკაშვილის შემთხვევაში, ადგილი სწორედ თვითდამკვიდრების უნაყოფო, გაწელილ მცდელობასთან გვაქვს, რომლის დროს გამორიცხული არაა, ის ისეთ ფანტაზიებამდე მიდის (გადასახლება და ბანაკები დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის), რომელიც რეალობად პოლ პოტმა აქცია. თუმცა, ალბათ, ისიც ესმის (თუ ჯერ კიდევ არა?) რომ ტერორით ესოდენ სანატრელ პატივისცემას ვერ მოიპოვებს.
სავარაუდოდ, სწორედ თბილისის ცენტრის თავზე სურს სააკაშვილს 300-სართულიანი ცათამბჯენის აღმართვა, რათა ისევ სცადოს, ქალაქს დაუმტკიცოს, რომ მასზე «ბატონობს» (იქნებ მაშინ აღიქვან სერიოზულად?). თუ რატომ მაინც და მაინც ცათამბჯენის, ამაზე ზიგმუნდ ფროიდი წერდა კარგად და ამ თემას ახლა არ ჩავუღრმავდებით. თუმცა სააკაშვილის ამ წამოწყებიდანაც, ცხადია, არაფერი გამოვა _ ის ვერაფერს ვერ აღმართავს (სადღა აქვს ამის შესაძლებლობა) და, რომც აღმართოს, თბილისის დამოკიდებულება მისდამი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება; ქალაქი და მისი მცხოვრებლები თავის «დაქვემდებარებულ მნიშვნელობას» (იხ. ჰიტლერის ციტატა) სააკაშვილისა და მისი მეგალომანიური შენობების წინაშე მაინც არ (ვერ) შეიგრძნობენ. ამასთანავე, გადამწყვეტ როლს სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასრულებაში, ალბათ, თბილისის სწორედ ის ნაწილი შეასრულებს, რომლის მიმართულებით ის უცხოელი სტუმრების წინაშე «ბრაზით ხელებს იქნევს». კაცმა რომ თქვას, იქნიოს რამდენიც უნდა, ბოლო მაინც ერთი იქნება.
905
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85