მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.

"ტოპნიუსის" ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაკავებულ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს პროკურატურის ეზოდან ამხნევებენ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელების ფარგლებში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 7-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ვანო მერაბიშვილს უახლოეს მომავალში დამატებითი ბრალდება 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეების გამო წარედგინება.

ვანო მერაბიშვილთან ერთად დაკავებულია ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. პროკურატურის ცნობით, ჭიაბერაშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯული 5.2 მილიონი ლარის გამო დააკავეს.