გოკა გაბაშვილი:  ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა

გოკა გაბაშვილი: ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა

ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის სამხარეო პროკურატურასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, მერაბიშვილის დაკავება მთავრობას ძალიან ცუდად დაუბრუნდება.

"გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილმა მიიღო მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავების თაობაზე, არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ივანიშვილმა გასცა ბრძანება მერაბიშვილის დაკავებაზე, მაგრამ ამით "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ გაანადგურებენ. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას და ეს ამბავი ძალიან ცუდად დაუბრუნდება მთავრობას. ეს არის ძალიან ცუდი შეცდომა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ დაუშვა", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ის ბრალდებები, რომელსაც პროკურატურა მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ აყენებს, შეფუთულია.

პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.

საგანგებო ბრიფინგი ქუთაისის პროკურატურაში გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, დაპატიმრება დასაქმების სახელმწიფო პროგრამას და 26 მაისის მოვლენებს უკავშირდება.