პარლამენტში მისულ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს,გიორგი ქადაგიძეს ოპოზიციამ შტურმი მოუწყო, მაგრამ არც ქადაგიძე აღმოჩნდა ჯაბანი და მანაც თავის მხრივ გვარიანად გაილაშქრა მოწინაამდეგეებზე. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სპეციალურად მისულ “ქართუ ბანკის” პრეზიდენტს, ნოდარ ჯავახიშვილს კი სასაცილოდ არ ეყო ხელისუფლების არგუმენტები “შავ ფულთან”დაკავშირებით.
ნოდარ ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ ეროვნულ ბანკს “ქართუში” დროებითი მმართველობის შეყვანა სურს და სწორედ ამიტომ აპელირებს გამუდმებით “ქართუ ბანკის” მიერ ხელის შეშლაზე. მისი თქმით, “ქართუ”-ს ეროვნული ბანკის არც ერთ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს. თუმცა, ეროვნული ბანკი მათ კომპიუტერში ტექნოლოგიების ჩართვასაც სთხოვს.
“დილას მოითხოვეს ინფორმაცია ბატონ ბიძინა ივანიშვილის დახმარებების თაობაზე და საღამოს გაზეთში ხვდება. მეუბნებიან ტექნოლოგია ჩამირთეო, რასაც არანაირი კანონი არ მავალდებულებს და არანაირი კანონი არ ითვალისწინებს”, - განაცხადა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ შემოწმება მიმდინარე საქმიანობის კონტროლს არ ნიშნავს. “მოვიდნენ თუ არა, იმ დღიდან ითხოვენ ნებისმიერი ოპერაციის წინასწარ შეთანხმებას. ეს არ არის შემოწმება”, - დასძინა ნოდარ ჯავახიშვილმა.
საპარლამენტო ფრაქციის “ერთობა სამართლიანობისთვის”თავმჯდომარის გია ცაგარეიშვილისთვის “გაუგებარია, რაში აინტერესებს ეროვნულ ბანკს და მის რევიზორებს იმ ადამიანთა პერსონალური მონაცემები, რომელთაც “ქართუ ბანკის” მხარდამჭერიაქციის ფარგლებში ბანკში 1 ლარი შეაქვთ?!”.
ამ შეკითხვით ცაგარეიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მისულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს მიმართა და იქვე აცნობა, რომ “ეროვნული ბანკის რევიზორები”ქართუ ბანკისგან” მხარდამჭერი აქციის ყველა მონაწილის,რომელთაც ანგარიშზე 1-10 ლარი შეაქვთ, სრულ იდენტიფიცირებას -სახელის, გვარის, მისამართის, პირადი ნომრისა და თანხის ოდენობის დასახელებას ითხოვენ”.
გარდა ამისა, ცაგარეიშვილი დაინტერესდა, “რას ისახავდა მიზნად “ბანკ ქართუსადმი” ეროვნული ბანკის შეთავაზება ფინანსური დახმარების თაობაზე”.
“კრიმინალურად საეჭვო სახსრების თუნდაც დროებით ჩანაცვლების მცდელობა კორექტული არ არის და მეორეც, მიუხედავად ჩამორთმეული ფულადი სახსრებისა და უზარმაზარი გადინებებისა, “ბანკი ქართუ”ფინანსურ სიძნელეებს არ განიცდის”, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება ინფორმაცია “ბანკ ქართუს”კლიენტურაზე სერიოზული ზეწოლის თაობაზე, რომლის გამოც მსხვილმა კლიენტებმა თავისი შემოსავლები სხვა ბანკებში გაიტანეს და ამან დიდი მასშტაბების სახსრების გადინება გამოიწვია.
“რას აკეთებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი, როგორც ბანკთაბანკი, ამ პროცესის შესაჩერებლად ან შესარბილებლად?” - მიმართა ცაგარეიშვილმა ქადაგიძეს.
პარლამენტში დილიდან მისული სებ-ის პრეზიდენტი ოპოზიციის ყველა კიხვას “მომზადებული” შეხვდა და გაღმა შეედავეს პოზიცია დაიჭირა. გიორგი ქადაგიძის შეფასებით, რაც უფრო მეტი იქნება პოლიტიკური განცხადებები “ბანკი ქართუს”ხელმძღვანელობისგან, მით უფრო მეტი იქნება მეანაბრეების გადინება.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უკვირთ ბანკის მესვეურებს ის, რომ დღეს რიგი კლიენტები ბანკს ტოვებენ. “მითხარით ერთი ქვეყანა, ერთი მაგალითი მაინც, სადაც ბანკის მთელი ხელმძღვანელობა, მთელი მენეჯმენტი ერთ დღეში ტოვებს თანამდებობას?” - იკითხა ქადაგიძემ.
მას მხარი აუბა იქვე მყოფმა უმრავლესობამაც. “ბანკ ქართუდან” ანაბრების გატანის პროცესი ბუნებრივი რეფლექსია, რადგან მეანაბრეებს სტაბილურობა სურთ. ყველამ იცის, რომ საბანკო სექტორი არის ძალიან სენსიტიური და ის უნდა იყოს პოლიტიკის გარეშე. “ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი არის პოლიტიკური ფიგურა და ეს ყველასთვის ცნობილია”, - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა “სახემ” ვახტანგ ბალავაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი აპირებს “ქართუ ბანკის”წესრიგის დამყარებასაც. თუკი ივნაიშვილის ბანკის მესვეურები პოლიტიკას არ გაემიჯნებიან და იქ წესრიგს არ დაამყარებენ, ამ წესრიგის დამყარებას საკუთარ თავზე სებ-ი აიღებს. ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფინანსური უზრუნველყოფა, რისთვისაც მნიშვნელოვანია, ბანკები და საფინანსო სისტემა მაქსიმალურად აპოლიტრიზირებული იყვნენ. არც ერთი ბანკი,როგორც ეკონომიკის ხერხემალი, არ უნდ აიყოს დაკავშირებული რაიმე ტიპის პოლიტიკასთან. “ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ჩვენ მივაღწიოთ ისეთ საბანკო სისტემას, რითაც ვიამაყებთ და პირადად მე, ვამაყობ კიდეც”, -განაცხადა ქადაგიძემ.
“რაც იქ მისი მესვეურების მხრიდან ხდება, ეროვნული ბანკისთვის მიუღებელია. მითხარით ერთი ქვეყანა, დამისახელეთ ერთი პრეცედენტი, სადაც კომერციული ბანკის ხელმძღვანელი გამოდის ან კომერციული ბანკი აგროვებს ხელმოწერებს პოლიტიკური დაჯგუფების მხრდასაჭერად; სადაც გამოდის ბანკირი და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მათ შორის, აფასებს საპარლამენტო ლიდერების გამოსვლებს. დამისახელეთ ერთი მაინც შემთხვევა ცივილურ სამყაროში, სადაც კომერციული ბანკი ასრულებს პოლიტიკური პარტიის პრესცენტრის და პიარის ფუნქციას; დამისახელეთ ერთი მაგალითი მაინც, სადაც კომერციული ბანკი ავრცელებს არასწორ და ცრუ ინფორმაციას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთლიანად საბანკო სექტორის შესახებ; დამისახელეთ ერთი ფაქტი საერთაშორისო პრაქტიკიდან, სადაც კომერციული ბანკი ასახელებს თავისი კლიენტების ვინაობას, მათ შორის კომერციული საიდუმლოებას; დამისახელეთ ერთი ფაქტი, სადაც კომერციული ბანკიმი ზანმიმართულად აჭიანურებს ადგილზე შემოწმების პროცესს”, -კითხვების კორიანტელი დააყენა პარლამენტში ქადაგიძემ.
მისი თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტები მხოლოდ 90-იან წლებში ხდებოდა, რა საქართველოში დაბრუნებასაც ქადაგიძე არაპირებს და აცხადებს, რომ ამის გარანტი ეროვნული ბანკი და თავად არის. “ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ცალსახა - “ქართუ ბანკი”მისმა მფლობელებმა და ახალმა ადმინისტრაციამ მაქსიმალიურად უნდა გამიჯნონ პოლიტიკური პროცესისგან”, - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ამ შემთხევაში პირადად გიორგი ქადაგიძეა გარანტი,რომ “ქართუ ბანკს” ეროვნული ბანკის მხარდაჭერა ექნება.
რაც შეეხება “ბანკ ქართუსთან” დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, გამოძიებაში ეროვნული ბანკი ჩართული არ არის და ეს მთლიანად სამართალდამცავი სტრუქტურების კომპეტენციაა. ქადაგიძის განცხადებით, რადგან “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანის დაკავებას და თანხის ამოღებას მოჰყვა აჟიოტაჟი და მიიპყრო პოლიტიკოსების ყურადღება, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, საზოგადოებაში ეჭვისა და პანიკის თავიდან აცილების მიზნით ანალოგიური თანხით ფინანსურად დახმარებოდა “ქართუ” ბანკს.
ნოდარ ჯავახიშვილს კი ხელისუფლების მხრიდან “ბანკ ქართუს”კუთვნილ შავ ფულზე საუბარი, სასაცილოდ მიაჩნია და საკითხის პოლიტიზირებაზე პასუხისმგებლობასაც, ხელისუფლებას აკისრებს. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკზე თავდასხმა, მისი განცხადებებიდან რამდენიმე დღეში მოაწყვეს და როგორ უნდა მოეხდინა ამ მოვლენის პოლიტიზირება ან ივანიშვილს და ან ჯავახიშვილს.
მისი თქმით, იმ დროს, “ქართუ ბანკშიც” არ იყო და საინტერესოა რის პოლიტიზებას ახდენდა? ჯავახიშვილს აინტერესებს,როგორ გამოჰქონდა შავი ფული “ქართუს” “საქართველოს ბანკიდან” და თუ ეს ასეა, რატომ არავინ სთხოვს პასუხს “საქართველოს ბანკს”?
“როგორ მოხდა, რომ ბანკის ტერიტორიიდან გამოჰქონდა ბანკს შავი ფული და იმ ბანკს პასუხი არ მოეთხოვა საიდანაც გამოჰქონდა, ხოლოდ ვისაც გამოჰქონდა, იმას მოსთხოვეს? გამოდის, ჩვენ შავი ფული მოვთხოვეთ “საქართველოს ბანკს”? ჩვენ მოვითხოვეთ 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო და იმან თუ შავი ფული გამომატანა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა? სასაცილოა, როდესაც ბანკიდან გამოტანილ ფულის სიშავეზე ვლაპარაკობთ”, - განაცხადა ჯავახიშვილმა და პარლამენტის შენობა დატოვა.
809
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85