ავიაკომპანია “სქაი ჯორჯიამ” სამგზავრო გადაყვანები დაახლოებით წელიწადნახევარია რაც შეაჩერა და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებაზე გადაერთო, თუმცა ვერა ქობალიას მსახვრალი ხელი აქაც მიწვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი კოდუას კომპანიას ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო ტვირთების გადაზიდვა აუკრძალა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, ამის მიზეზად ქობალიას უწყებამ რუსული წარმოების თვითმფრინავებით გადაზიდვები დაასახელა.
“სქაი ჯორჯია” უკვე 2 წელია, ნატოს კოალიციურ ჯარებს რუსული წარმოების “ილ-76” ტიპის თვითმფრინავებით ემსახურება. ჩვენ გვყავს გერმანელი ინვესტორი, რომელთანაც კონტრაქტი გავაფორმეთ და თვითმფრინავები მას ეკუთნის, ჩვენს კომპანიას კი იჯარით აქვს აღებული. შევქმენით ტრანზიტული ბაზა ევროპასა და ავღანეთს შორის და უკვე ორი წელია, ფრენებს წარმატებით ვახორციელებთ, მაგრამ მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს ეკონომიკის სამინისტრომ პრობლემა შეგვიქმნა და ფრენები შეგვიჩერა. მიზეზად რუსული ტიპის თვითმფრინავები დასახელდა.
ერთი კვირის წინათ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას პირადად შევხვდი, თუმცა ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით კონკრეტული, დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი ვერ მივიღე. ამ დროისთვის 5 თვითმფრინავი გაჩერებულია, მათგან ზოგი - პარიზში, ზოგი - დუბაიში, ზოგი კი - თბილისში. ისინი ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკონომიკის სამინისტრო”, - განაცხადა გიორგი კოდუამ და დასძინა, რომ ვერა ქობალიასგან დაპირება მიიღო, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრ სიიმ კალლასს დაელაპარაკება.
კოდუამ ისიც აღნიშნა, რომ “ილ-76” ტიპის რუსული წარმოების თვითმფრინავებს ევროპულ სივრცეში ფრენის უფლება 2015 წლამდე აქვთ, ქობალიას უწყებამ კი რატომღაც ეს ვადა 4 წლით შეუმცირა. “მსგავსი პრობლემა “სქაი ჯორჯიას” ჯერ კიდევ 2011 წლის 1-ელ ივლისს შეექმნა, თუმცა მაშინ პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის და ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძისა დახმარებით, პროექტი 2011 წლის 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდა”, - აღნიშნა კოდუამ.
ეკონომიკისა მინისტრის კი აცხადებს, რომ ავიაკომპანია “სქაი ჯორჯიას” ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო გადაზიდვების განხორციელების უფლება მისი თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართაობის გამო შეუჩერდა.
როგორც სააგენტო “პირველს” ქობალიამ განუცხადა, ეს შეეხება არა მარტო “სქაი ჯორჯიას”, არამედ ნებისმიერ ავიაკომპანიას, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. “საქართველოში ევროკავშირის ტრანსპორტის კომისარი ჩამოდის და ამ საკითხზე აუცილებლად გავესაუბრებით. ჩვენი სპეციალისტები ევროპაში ჩასულები იყვნენ და მათ კოდუასგან განსხვავებული ინფორმაცია ჩამოიტანეს”, - განაცხადა ქობალიამ.
სატვირთო გადაზიდვების გამო უქმად მყოფმა “სქაი ჯორჯიამ” კი გადაწყვიტა სამგზავრო გადაყვანების ბაზარზე დაბრუნდეს. კომპანიამ სამგზავრო გადაყვანები 2010 წელს შეწყვიტა და სატვირთო გადაზიდვების სფეროზე გადაერთო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ესეც დროებითი მოვლენა ყოფილა.
გიორგი კოდუას ინფორმაციით, კომპანია რეისების შესრულების დაწყებას დეკემბრიდან გეგმავს, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს აშშ-დან თვიმფრინავის ლიზინგით აღების მოლაპარაკებები. კოდუას თქმით, “სკაი ჯორჯია” რეისებს “ბოინგ 737”-ის ტიპის თვითმფრინავებით შეასრულებს. რეისების შესრულება სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურადაა დაგეგმილი.
1061
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85