რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს 27 ნოემბრის შემდეგ?

რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს 27 ნოემბრის შემდეგ?


"ცხინვალში უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ შეიძლება კოკოითიმ სიტუაცია აურიოს. მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან მისი ფავორიტი არც ერთი არ არის. ანატოლი ბიბილოვი რუსეთისაა, ყოფილი განათლების მინისტრის, ალა ჯაიოევას უკან კი დგას კოკოითის მოსისხლე მტერი, ძამბოლატ თედეევი, რომელიც ძმის მკვლელობის გამო კოკოითის სისხლის აღებით არის დამუქრებული. არადა, დიდი ხანი ცდილობდა კოკოითი გარანტიების მიღებას მოსკოვიდან თავისი ქონებისა და გავლენის შენარჩუნების მოთხოვნით. ეტყობა, ეს გარანტიები ვერ მიიღო და მას დარჩა ერთადერთი გამოსავალი - ჩაშალოს არჩევნები", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს 27 ნოემბრის შემდეგ?

"იქაური კანონმდებლობით, თუ 30%-ზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა მეორე ტურში, შედეგები ბათილად ცხადდება და ყველა ის კანდიდატი, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა, შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც მითხრეს, ის არჩევნების ჩაშლას ცესკო-ს მეშვეობით შეეცდება, სადაც მას დიდი გავლენები აქვს. რადგან ამაზე ცხინვალში საუბრობენ, როგორც ჩანს, მას ასეთი აზრები თავში მართლა უტრიალებს და სადღაც აქვს ამის შესახებ ნათქვამი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელ სამხრეთ ოსეთს იარაღი აქვს ასხმული და ოპოზიციამ ძალა იგრძნო, მეორე ტურის ჩაშლის შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება მართლაც დაიწყოს, რადგან ეს კაცი ყელში ჰყავთ ამოსული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"უბედურება ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვი შეეცდება, შეინარჩუნოს თავისი "სახე" და სიტუაციის ჩასაქრობად აამოქმედოს გეგმა, რომლის ამუშავებსაც 2015 წლის შემდეგ აპირებდა - ეს არის სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთთან, ანუ რუსეთთან მიერთება. ამის შემდეგ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთის მმართველობის ქვეშ გადავა და პრეზიდენტობისთვის ბრძოლა აზრს დაკარგავს. საერთაშორისო თანამეგობრობას, აფხაზეთისგან განსხვავებით, ამ რეგიონში წარმომადგენლობა არ ჰყავს, მარტო "საერთაშორისო წითელი ჯვარია" ცხინვალში. რა თქმა უნდა, პოსტ ფაქტუმ დაიწყებენ ამაზე გაუთავებელ ლაპარაკს, შეშფოთების გამოხატვას, რუსეთის გაკიცხვას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი დაბრალდება მედვედევს, რომელიც ისედაც წამსვლელია და ნელ-ნელა ყველაფერი ჩაწყნარდება", - მიიჩნევს ექსპერტი.

"იმის გამო, რომ იქ არ არის იმხელა საომარი სივრცე, არ არის გამორიცხული დაპირისპირება დაგმოვიდეს ადმინსიტრაციული საზღვრის აქეთ მხარეს. არ მინდა ხალხი დავაშინო და ისეთი ვერსიები წარმოვადგინო, რომელმაც შეიძლება პანიკა გამოიწვიოს. სიტუაციის განვითარების ალბათობა არის 50/50-ზე. მაინც არ მგონია, მოსკოვს ახლა სიტუაციის ესკალაცია აწყობდეს, მაგრამ ვითარება თუ მათი კონტროლიდანაც გამოვიდა, არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს", - აცხადებს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "ხშირად ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება ისეთ დღეშია, თავის გადასარჩენად ომზეც წავაო - შეიძლება სიტუაციის ესკალაციაში ჩაერიონ?" - პასუხობს:

"არ მგონია, ჩვენი ხელისუფლება ამისთვის მზად იყოს, რადგან ახლა დაკავებული არიან შიდა პოლიტიკით და ივანიშვილის ფაქტორით. ერთადერთი, თუ დაძაბულობა დაიწყო, შეიძლება პიარისთვის გამოიყენონ, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახონ "რუსეთის სახე".