ნანა კაკაბაძე: თავიდან პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას მიხეილ  სააკაშვილიც ემხრობოდა

ნანა კაკაბაძე: თავიდან პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას მიხეილ სააკაშვილიც ემხრობოდა

„მონები პარლამენტში“, – ასეთ შეფასებას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პარლამენტართა უმრავლესობას. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება მოწადინებულია, კიდევ მეტი პარლამენტარით გააბედნიეროს ქართველი ხალხი და უჩინართა თუ საჩინო პარლამენტართა რიცხვი 190-მდე გაზარდოს.

უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი სამართლებრივ ჩარჩოებზე საუბრობს და პარლამენტართა რიცხვის გაზრდას ქვეყანაში სასიკეთო ნაბიჯის გადადგმითა და პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი განვითარების სურვილით ხსნის.

„თუკი ჩვენს ხელისუფალთ 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი მოძველებულად ეჩვენებათ, მაშინ ძველია სააკაშვილიც და ნაცმოძრაობაც, თუ ასეა, დაგვეხსნან,“ – მიიჩნევს ყოფილი ომბუდსმენი და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი და ახსენდება, თუ როგორ იწონებდა სააკაშვილი რეფრენდუმის შედეგებს პარლამენტართა რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით და ხალხის ნების აღსრულებას მოითხოვდა, დღეს კი ყველაფერი პირიქითაა.

რატომ დასჭირდათ პარლამენტარების „გამრავლება“ მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როცა ამ პარლამენტმა დაამტკიცა, რომ რაოდენობა ნამდვილად არ ნიშნავს ხარისხს?! 120 პარლამენტარის ნაცვლად 190-ისკენ რატომ მივილტვით? რატომ ხდება, რომ ევროსაბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტს ვუღალატეთ, რომელიც ყოველ ასი ათას კაცზე დეპუტატების განსაზღვრულ რაოდენობას ითვალისწინებს, და რომელმაც თავის დროზე 4 მილიონ ნახევრიან საქართველოს მოსახლეობას 120 დეპუტატი დაუდგინა. რატომაა, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ორჯერ ნაკლები დეპუტატის შენახვა უწევთ? Preasage.tv- ს ესაუბრება ნანა კაკაბაძე.   

2003 წელს თქვენი ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარებული რეფრენდუმით, საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა პოზიცია, რომ პარლამენტართა რაოდენობა 150- არ უნდა აღემატებოდეს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება 190-მდე დეპუტატს გვახვევს თავს.

– პარლამენტართა შემცირების მთავარი არგუმენტი მაშინ ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობა ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში გახლდათ და ეს ხარჯები აბსოლუტურად უაზროდ და უშინაარსოდ იხარჯებოდა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ევროსტანდარტით, მაქსიმუმ 120 დეპუტატის ყოლა გვესაჭიროება და მეტის არა. სწორედ ამ არგუმენტით, გვსურდა,  საქართველოს მოსახლეობის აზრი მიგვეახლოებინა ევროსტანდარტთან და თანხები, რომლებიც უაზროდ იხარჯებოდა, მოხმარებოდა ხალხს. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დროს ჩვენმა საზოგადოებამ ამას მხარი დაუჭირა და ჩატარდა რეფერენდუმი.

მათ შორის, პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას ემხრობოდა მიხეილ  სააკაშვილიც.

– დიახ, სააკაშვილიც მომხრე იყო. დიდი  წილი მოდიოდა გაბათილებულ ბიულეტინებზე, სადაც ზოგს ნული ჰქონდა მოშლილი და 15 დეპუტატი იყო მითითებული, ზოგს ერთიანი ჰქონდა მოშლილი, რაც 50 დეპუტატს ადასტურებდა, ზოგს კი პირდაპირ მიწერილი ჰქონდა – ეს 150 დეპუტატი რა საჭიროა, აგვიხსენითო. ამ წარწერებმა ბიულეტინების გაბათილება გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, რეფერენდუმი ძალაში შევიდა და არცერთი საჩივარი, პრეტენზია არ შესულა სასამართლოში რეფერენდუმთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა რევოლუციის მერე პროპორციული სიები გააუქმეს და მხოლოდ მაჟორიტარული დატოვეს. ამდენად, ძალაში შევიდა მაჟორიტარული სიები და რეფერენდუმის შედეგები. რეფერენდუმის შესახებ კანონი პარლამენტს ავალდებულებს, მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო გახადოს. ვინაიდან პარლამენტი რევოლუციის მერე დაშლილი იყო და გვიან შეიკრიბა, 2005 წელს რეფერენდუმის საფუძველზე კანონში ეს ცვლილებები შევიდა. ვენეციის კომისიის არაერთი რეკომენდაცია ჩამოვიდა იმ პერიოდში, რათა რეფერენდუმის შედეგთა ასახვა დროულად მომხდარიყო კონსტიტუციაში. შესაბამისად, ეს ცვლილებები განხორციელდა.

როცა რეფერენდუმის შედეგების აღსრულებას ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილის მოტივი მაშინ რა იყო?

– ეს არის ხალხის ხმა, ხალხის ნება და ჩვენ უნდა აღვასრულოთო. ახლა კი, უცბად ხალხის ეს ნება ქრება და არჩევნების წინ თითქოსდა საპარლამენტო უმცირესობის  ინიციატივა ჩნდება, რომლებიც დღეს ფოთლის როლში არიან და შემოდიან აბსოლუტურად უკანონო ინიციატივით, 190-მდე  გაიზარდოს დეპუტატთა რიცხვი.

ამას არჩევნების მოახლოებას უკავშირებთ?
– რა თქმა უნდა, არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. მინდა, კანონმდებლებს შევახსენო, რეფერენდუმის შედეგების შეცვლა თუ უნდათ, ეს კანონიერი გზით გააკეთონ, დანიშნონ რეფერენდუმი და ისევ რეფრენდუმმა უნდა განსაზღვროს დეპუტატთა რიცხვის გაზრდა. ჩვენ არანაირი თანხები ამისთვის არ დაგვიხარჯავს და ახლაც შეუძლიათ არჩევნების დღეს დაამთხვიონ. თუ ხალხი მოინდომებს, შემდეგი პარლამენტის არჩევნების დროს დეპუტატთა რიცხვი გაიზრდება, მაგრამ თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რომ პარლამენტართა რიცხვის გაზრდას მხარდაჭერა არ ექნება. სწორედ ამიტომ სურს სააკაშვილს, მორჩილი უმრავლესობით მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება, რადგან იმ ოპოზიციას, რომელიც დღეს შეემატა ხელისუფლების უმცირესობის გუნდს და, რომელსაც ასევე კარგი მადა აღმოაჩნდა, მათაც უნდათ, ამ მეთოდით აღმოჩნდნენ პარლამენტში. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოიფიქრა ეს.

ამ შემთხვევაში, სააკაშვილისა და მისი გუნდის პოზიცია ემთხვევა ოპოზიციის ნაწილ პოზიციას?

– ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაინცდამაინც უმცირესობისგან მოდის, თუმცა დეპუტატთა რიცხოვნობის გაზრდა ორივეს ინტერესებში იყო. თავიდან 235 დეპუტატის არსებობა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის სურვილი გახლდათ, რადგან, ამით რაც შეიძლება მეტი ხალხი კმაყოფილდებოდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო თვითონ საზოგადოება, რომელსაც ეს დეპუტატები არაფერში არ სჭირდებოდა. დეპუტატთა რიცხვის შემცირებით რამდენი თანხა დაიზოგა 2003 წლიდან 2011 წლამდე?! ასევე, დაიზოგა ამ დეპუტატების სამომავლო პენსიები. მაშინ დეპუტატის ხელფასები 1000 ლარით განისაზღვრებოდა, ამ დროს კი 235 დეპუტატიდან დარჩა 150, ანუ, 75 დეპუტატით შემცირდა მათი რაოდენობა. ამით თვეში მხოლოდ 75 ათასი ლარის ოდენობით მათი  ხელფასი იზოგებოდა. თუ არ ჩავთვლით, მათთვის გამოყოფილ დამატებით  თანხებს: საწვავის, მანქანის, ტელეფონის, ბინების დაქირავების, უცხოეთში ვიზიტების, რაც ასამმაგებს ხარჯებს. გამოდის, სულ მინიმუმ, 75 ათასი კი არა, 200 ათასამდე ლარი იზოგებოდა თვეში.

თქვენ ბრძანეთ, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის სურვილი იყო, სულ 15-ოდე პარლამენტარი ჰყოლოდა საკანონმდებლო ორგანოს. ამით აშკარაა ხალხის განწყობა კანონმდებლების მიმართ. დასავლური რეკომენდაციების გარეშე მაინც რამდენი დეპუტატი უნდა ჰყავდეს საქართველოს?

– სტანდარტით გვეკუთნის 120 დეპუტატამდე. ეს აბსოლუტურად საკმარისია ჩვენი რაოდენობის მოსახლეობისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მას ამ რიცხვის დაზოგვაც სურს, მისი შემცირება შეუძლიათ.

ზვიად გამსახურდიას დროს, პირველ პარლამენტში, რამდენი დეპუტატი იყო?

– 250 დეპუტატი, 125/125-ზე. მოგვიანებით კი 70 კომუნისტი გაუშვეს. თვითონ „დაწერეს“ განცხადება კომუნისტებმა და სიხარულით გაუშვეს პარლამენტიდან. სინამდვილეში კი მათ უთხრეს და დააწერინეს განცხადება.

რეფერენდუმის შედეგების შეცვლა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმით, მაგრამ, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი არ ისურვებს რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას, გამოსავალი რაშია?

– ერთადერთი გამოსავალია საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც აუცილებლად მივმართავთ, რადგან ეს კანონის უხეში დარღვევაა. რაც მთავარია, ხალხის ნების იგნორირებაა. 257 ათას ხელმოწერა ჩავაბარეთ მაშინ. საზოგადოებამ, მთელმა საქართველომ,  პარლამენტართა შემცირება მოითხოვა. გავითვალისწინეთ ისიც, რომ დარღვევების შემთხვევაში, ცეესკოს ხელმოწერების პროცენტის გაუქმება შეეძლო,  მაგრამ მაინც რჩებოდა ის რაოდენობა, რომელიც ყოფნიდა რეფრენდუმს.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა, რადგან მას ვერ ექნება ვერანაირი არგუმენტი, თითქოს ასეთი ცვლილება კანონიერია. საკონსტიცუციო სასამართლოს პირდაპირ უწერია, რომ რეფერენდუმის შედეგების შეცვლა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმით, არანაირი პარლამენტი ამ უფლებამოსილებით არ სარგებლობს.

ამდენად, ჩვენი პარლამენტარები ამეტებენ საკუთარ მოვალეობას?

– დიახ. ამ შემთხვევაში, საზოგადოებამ თავად გადაწყვიტა და საკუთარი ნება გამოხატა. ამომრჩევლების 87 %-მა მოითხოვა – არაუმეტეს 150 პარლამენტარი. კანონი ავალდებულებს პარლამენტს, რეფერენდუმით მიღებულ შედეგებთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობა.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოვა. ამ შემთხვევაში, ნაციონალები ამასაც ხომ არ უმიზნებენ?

– ნაციონალები ფიქრობენ, რომ აბსოლუტური უმრავლესობით (როგორც დღეს ჰყავთ) ისევ თვითონ მოდიან ხელისუფლებაში. იქ შერეული იქნება ოპოზიციაც. უბრალოდ, ოპოზიციის რაოდენობის გაზრდა უნდათ.

მაინც ვინ არიან ჩვენი პარლამენტარები? საზოგადოებამ მათ ნაწილს მუქთამჭამელებიც უწოდა.

– მონები. საკუთარი კეთილდღეობიდან გამომდინარე, ხელისუფლების მონობაზე უარს არ ამბობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეკუთვნის. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მართალი სიტყვა თქვან; მათ არ ვგულისხმობ, რომლებიც ისედაც მცირე ჯგუფია იმ პარლამენტში. არამედ იმ უმრავლესობას, რომელიც ისეთ ამინდს, კლიმატს, საკანონმდებლო ბაზას ქმნის, მძიმედ რომ აწევს მოსახლეობას. ესენი არიან მონები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რასაც აკეთებენ და რასაც ემსახურებიან.

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არასამთავრობოები

ხელმოწერებს აგროვებთ. ფაქტობრივად, სტაგნაციურ პოლიტიკურ სივრცეში ახალი მოთამაშე შემოვიდა?

– სარეანიმაციო სიტუაცია იყო ქვეყანაში, თითქოს ყველაფერი კვდებოდა და უეცრად მოხდა პოლიტიკური გამოცოცხლება. რაც მთავარია, გაჩნდა დიდი იმედი, რადგან შესაძლებლობები, რაც ბიძინა ივანიშვილს დღესდღეობით გააჩნია, არასდროს არ ჰქონია ოპოზიციას, თუნდაც ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ბადრი პატარკაციშვილის დროს ფინანსური უზრუნველყოფა არ ყოფილა?

– ასეთი სახით ნამდვილად არ ყოფილა. თქვენ იცით, რითიც დამთავრდა ბადრის შემთხვევა და, ბუნებრივია, ფინანსური შესაძლებლობის გამოყენება ვერ მოხერხდა. ამჯერად მოლოდინი დიდი იყო, რომ რაღაც ახალი ძალა უნდა გამოჩენილიყო. მართლაც გამოჩნდა ასეთი ძალა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ფინანსები გადამწყვეტი მაინც ვერ იქნება, თუ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაიდგა. ასევე, მოლოდინი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააჩინა, მხოლოდ მისი პერსონის მიმართაა და იმ გუნდის მიმართ, რომელსაც თვითონ შემოიკრებს. თორემ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოებას უკვე ცალსახა დამოკიდებულება, არანაკლები იმედგაცრუება აქვს, ვიდრე ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ივანიშვილისგან მოლოდინია, რახან ის შემოვიდა, უნდა შემოიყვანოს თავისი ახალი გუნდი.

პირველ რიგში, რა უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა მოითხოვოს და აიღოს მოქალაქეობა, რადგან მან უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რისი მოლოდინიც გააჩინა საზოგადებაში. შეხვედრისას სწორედ ეს ვუთხარი ბატონ ბიძინას, რომ თქვენ გააჩინეთ მოლოდინი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ მოუნდება სხვისი სახლის წართმევა, რომელსაც არ შეშურდება სხვისი ბიზნესი და ქონება, მაგრამ ეს თქვენ გიკავშირდებათ და, თუ თქვენ არ იბრძოლებთ იმ მიმართულებით, რომ მიიღოთ მოქალაქეობა, მაშინ საზოგადოება დარჩება მოტყუებული და მოხდება შეჩეჩება იმ პოლიტიკური სახეების თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, რომლებიც საზოგადოებას არ უნდოდა. თორემ, ივანიშვილის გარეშეც შეძლებდნენ მათ არჩევას. ამიტომ მთვარი დღეს არის, რომ მან აიღოს მოქალაქეობა და ის პასუხისმგებლობა, რა მოლოდინიც მის მიმართ არსებობს.

ბიზნესმენს ხშირად ურჩევენ, რომ ხელისუფლებამ არ გაიტყუოს საკუთარ ველზე, სადაც მას დაამარცხებენ. ამაში მხოლოდ ქუჩის აქციები იგულისხმება?

– დღეს ხელისუფლებას უნდა, ქუჩაში გადაიტანოს მოვლენები. რაზე დგას ჩვენი ხელისუფლება? – ძალადობაზე. ქუჩის აქციების დროს ხელისუფლებამ ძალადობა არაერთხელ გვაჩვენა. აქ საზოგადოება უძლურია. როცა გესვრიან, გხვრიტავენ, საზოგადოება უძლურია და იშლება. ამიტომ ამ ველში არ უნდა გადავიდეს.

თუ გზა არ დაუტოვეს?
– როდესაც იგი ძალას მოიკრებს, არსებობს საზოგადოების გარკვეული რაოდენობა, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაში, ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაისვრის.

მისმა ქველმოქმედებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთებს კითხვები გაუჩნდათ, გამართლებული იყო საზოგადოების დიფერენცირება და ამორჩევა?

– როცა გადავხედე სიას, მივხვდი, რომ ის ეხმარებოდა არა შესაძლებლობების, არამედ ღირებულებების მიხედვით. თეატრი, კინო, რაც ქვეყნისთვის უფრო ღირებულად მიაჩნდა. ეხმარებოდა ანანიაშვილსაც, იმის მიუხედავად, რომ ის ხელისუფლების მხარესაა. ივანიშვილი ცდილობდა, ამ ადამიანებისთვის მიეცა სასუნთქი საშუალება, უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ჰქონდათ. თქვენ იცით, როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ჩარეცხა ინტელიგენცია, ავტორიტეტები. მან კი ამით რაღაცნაირი კომპენსაცია გაუკეთა ამ ადამიანებს. საკუთარი ფინანსური პოლიტიკა, ნებით თუ უნებურად, ხელისუფლებას დაუპირისპირა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ამ სიაში მოხვედრილიყვნენ შეჭირვებულებიც, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, თავის სოფელში, გაჭირვებულებსაც ეხმარებოდა. ასევე, მაქვს ინფორმაცია კონკრეტული შემთხვევების შესახებ, როცა იგი ინვალიდებს, ავადმყოფებს ეხმარებოდა.