ლელა კუნჭულია, "თავისუფლება"
ჯერ ისევ უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყებს ევროკავშირი მოლაპარაკებებს საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. თუმცა, როგორც უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი აღნიშნავს, ამ მიმართულებით პროგრესი მოსალოდნელია რამდენიმე კვირაში. სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივები იყო 16 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში გამართული ერთობლივი პრესბრიფინგის ერთ-ერთი მთავარი თემა.
უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი 16 ნოემბერს უკვე მეორედ ეწვია საქართველოს. გავიხსენოთ, რომ 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში სწორედ კეტრინ ეშტონმა გამოაცხადა გახსნილად ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. და სწორედ ასოცირების შესახებ შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის გარშემო მოლაპარაკებების დაწყებას უკვე კარგა ხანია მოელის საქართველო.
16 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესბრიფინგზე პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობდა განემარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროცესის დაჩქარება საქართველოს ეკონომიკისთვის:
”ჩვენ ვიცით, რა ეკონომიკური პრობლემებია ევროპაში, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს პროდუქციისთვის გასვლა ევროკავშირის ბაზარზე - ეს არის საქართველოს ეკონომიკის შემდგომი ზრდისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებებს დავიწყებთ უახლოესი კვირების განმავლობაში.”
მიხეილ სააკაშვილის პროგნოზი ერთგვარად დაადასტურა კეტრინ ეშტონმაც და იქვე ისიც აღნიშნა, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება სასარგებლო იქნება თავად ევროკავშირისთვისაც:
”იმ მოლოდინის წინ წაწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, შესაძლებელი იქნება მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში და საშობაოდ შესაძლებლობა გვექნება ვაჩვენოთ პროგრესი, რომელზეც თქვენ ამდენი იმუშავეთ და რომლის ნახვაც ასე გვსიამოვნებს.”
კეტრინ ეშტონს, როგორც ყოფილ ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, ახარებს ის ფაქტი, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად წაიწია წინ. თუმცა მას, როგორც ვნახეთ, არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო.
არადა, ზუსტი თარიღის დასახელებას საქართველო ჯერ კიდევ სექტემბრის დასასრულს მოელოდა, კერძოდ კი, 29-30 სექტემბერს, როდესაც ვარშავა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს მასპინძლობდა. თუმცა სამიტის ფარგლებში საქართველომ მიიღო მხოლოდ უთარიღო დაპირება, რომ მოლაპარაკებები 2011 წლის ბოლომდე დაიწყება. ამასთან, სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში ვხვდებით კიდევ ერთ პირობას, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებები 2011 წელს დაიწყება იმ შემთხვევაში, ”თუკი იქნება საკმარისი პროგრესი რიგი დარჩენილი მთავარი რეკომენდაციების შესრულების კუთხით.”
აქვე ვთქვათ, რომ შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ქართულ პროდუქციას ევროპულ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ, ცხადია, არა მოლაპარაკებების დაწყებისთანავე. ამისათვის საქართველოს ტექნიკური საკითხების მოგვარება და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება ევალება. მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ მოლაპარაკებების დასრულება რამდენიმე წელიწადში გახდება შესაძლებელი.
სავაჭრო პერსპექტივებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ 16 ნოემბრის პრესბრიფინგზე კეტრინ ეშტონმა ყურადღება გაამახვილა შვეიცარიის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რაც რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. ევროკომისარი ულოცავს საქართველოს, რომ შეთანხმების მიღწევა სწორედ ამ ფორმით გახდა შესაძლებელი.
რაც შეეხება 16 ნოემბრის პრესბრიფინგის კიდევ ერთ მთავარ თემას, ის ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივას უკავშირდება. პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო, რომელიც უკვე სარგებლობს გამარტივებული სავიზო რეჟიმით, დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებთან და ეს სულაც არ ქმნის იმ საფრთხეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთბაშად გადასახლდებიან სხვა ქვეყნებში. პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო დროს საქართველოს მეტი მოქალაქე უბრუნდება და სულ უფრო იკლებს ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რიცხვი.
ვიზებზე კეტრინ ეშტონმაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება ტექნიკური განხილვის პროცესი, ხოლო ამის შემდეგ რამდენიმე თვეში მოსალოდნელია ”აშკარა პროგრესი”. თუმცა დეტალებს, თუ რა და როგორ არის მოსალოდნელი, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს. აქვე ვთქვათ, რომ მედიის წარმომადგენლებს მისთვის შეკითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა.
უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისში 16 ნოემბერს ბაქოდან ჩამოვიდა, ხოლო 17 ნოემბერს ერევანს ესტუმრება. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ის მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 17-18 ნოემბერს ევროკავშირ-რუსეთის პარტნიორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართება.
843
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85