თინა ხიდაშელი:  2012 წლის ბიუჯეტში 9 თვე სრულიად უკონტროლო იყო

თინა ხიდაშელი: 2012 წლის ბიუჯეტში 9 თვე სრულიად უკონტროლო იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი 2012 წლის ბიუჯეტს მარაზმს უწოდებს და აცხადებს, რომ გასული წლის 9 თვე ბიუჯეტში სრულიად უკონტროლო იყო. "პარლამენტში გამოდის გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში. მე ვფიქრობდი, რომ ხმა არ მიმეცა ამ ანგარიშის დამტკიცებაზე, რადგან ამ ანგარიშის 9 თვე აბსოლუტურად უკონტროლო იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა არავის მანამდე, რა ხდებოდა ბიუჯეტში. ნოდარ ხადურის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში მომეცა საშუალება, რომ ის ნაწილი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას არ ეხება და არ არის დაკავშირებული ჩვენთან, ღია გავხადოთ საზოგადოებისთვის. ამ ბიუჯეტს თან ერთვის ყველა დოკუმენტი, რაც კი ოდესმე ყოფილა საზოგადოების მომატებული ინტერესის საგანი და იმედი მაქვს მედიის, რომ შესაძლებლობას მისცემს ქართულ საზოგადოებას, სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმაზე, თუ რა მარაზმი ხდებოდა 2012 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში", - აღნიშნა ხიდაშელმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, დღევანდელი მინისტრები არ გაურბიან უმცირესობასთან შეხვედრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მისივე განცხადებით, მინისტრების ხშირი შეხვედრები უმცირესობა-უმრავლესობასთან, ნორმალური პროცესია, მაგრამ საქართველოსთვის უპრეცედენტო.

"საზოგადოება ხედავს, როგორი ინტენსიურია პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობა. მინისტრები რამდენჯერმე ჩამოვიდნენ უკვე ამ 7 თვის განმავლობაში უმცირესობასა და უმრავლესობასთნ შესახვედრად. მთავარია, უმცირესობასთან შეხვედრა და ჩვენი მინისტრები, არც ერთი მათგანი, არ გაურბის მათთან ურთიერთობას, მათ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ და სრულიად ნორმალური პროცესია, მაგრამ საქართველოსთვის უპრეცედენტო", - აღნიშნა ხიდაშელმა.