პარლამენტის სხდომაზე მანდატურთუხუცესმა სხდომათა დარბაზში მყოფი პარლამენტარები სახელ-გვარის ამოკითხვით გადაამოწმა

პარლამენტის სხდომაზე მანდატურთუხუცესმა სხდომათა დარბაზში მყოფი პარლამენტარები სახელ-გვარის ამოკითხვით გადაამოწმა

პარლამენტის სხდომაზე მანდატურთუხუცესმა დეპუტატების სია წაიკითხა და სათითაოდ, სახელ-გვარის ამოკითხვით სხდომათა დარბაზში მყოფი პარლამენტარები გადაამოწმა. საქმე ისაა, რომ პარლამენტში განმეორებითი რეგისტრაცია 82 დეპუტატმა გაიარა, რაც სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა უმცირესობამ, რომელიც რეგისტრაციის პროცედურას შეგნებულად არ გადის, რეგისტრაციის ეს შედეგი ეჭვქვეშ დააყენა. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ სიის წაკითხვა და რეგისტრაციის შედეგების გადამოწმება მოითხოვა.

როგორც გაირკვა, დეპუტატებს: გოჩა ენუქიძეს, გურამ მისაბიშვილს და იაშა შერვაშიძეს რეგისტრაციის პროცედურა გავლილი ჰქონდათ, თუმცა სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. დავით უსუფაშვილმა მანდატურის სამსახურს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ამ დეპუტატების საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება დაავლა.

ამასთან, რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე უსუფაშვილმა რეგლამენტიდან განმარტებებიც გააკეთა. "პარლამენტის წევრი, რომელიც სხდომის განმავლობაში რეგისტრაციას არ გაივლის, ის გამცდენ დეპუტატად ითვლება, შესაბამისი სანქციით. სხვის ნაცვლად რეგისტრაციის გავლა და ხმის მიცემა ასევე რეგლამენტით დასჯადი ქმედებაა. თუ რეგისტრაცია ვერ გავიარეთ და ვერ გავაგრძელეთ სხდომა, შესაბამისად, შვიდი საათის შემდეგ მუშაობას ვეღარ დავიწყებთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უმცირესობის წევრები რეგისტრაციის პროცესს განზრახ არ გადიან და ცდილობენ სესია, სადაც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გადის, ამ მეთოდის გამოყენებით, ჩაშალონ. უმცირესობის მცდელობის მიუხედავად, სესია გაიხსნა და აღნიშნული კანონის განხილვაც დაიწყო.