ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაზაგაშვილების ოჯახს ადვოკატირებას სწორედ მისი ორგანიზაცია გაუწევს. 

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა, სადაც განაცხადა მტკიცებით ფორმაში, რომ ზურაბ ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და ის ადამიანების დასახოცად მიდიოდა. მან მტკიცებით ფორმაში დააბრალა დანაშაულის ჩადენა ვაზაგაშვილს. მოცემულ შემთხვევაში არა თუ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს ზურა ვაზაგაშვილის მიმართ, არამედ არ არსებობს საგამოძიებო მასალები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ მოყვანილ ფაქტებს დაადასტურებდა. შესაბამისად პრეზიდენტმა რაც თქვა მტკიცებით ფორმაში მან დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა და აქედან გამომდინარე სწორედ ამას დაეფუძნება ჩვენი სარჩელი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, სარჩელი მზადების პროცესშია. ის სასამართლოში დაახლოებით ორ კვირაში შევა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, როგორც კოჟორიძე განმარტავს, გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული განცხადება. გარდა ამისა, მისივე თქმით, პრეზიდენტის ამ განცხადებას შეხვედრაზე მყოფი სტუდენტებიც ადასტურებენ.

რაც შეეხება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს დამნაშავედ ცნობს სასამართლო, კოჟორიძის განმარტებით, პრეზიდენტს დაეკისრება მორალური ზიანის ანაზღაურება, ან ასევე მას შეიძლება დაეკისროს მის მიერ გაკეთებული განცხადების უარყოფის ვალდებულება.