"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ამ დღეების განმავლობაში ევროპაში გახლდით. ევროპაში ყველაფერი ძალიან კარგად იციან და სკეპტიკურად უყურებენ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული გზით რამეს დათმობს. თუმცა, რა თქმა უნდა, რეალობა შეცვლილია, საკმაოდ დიდი ინტერესია ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენასთან დაკავშირებით, დიდი მოლოდინები აქვს და ელოდებიან მოვლენების განვითარებას. სხვათა შორის, 25 ნოემბერს ერთი წელი ხდება მას შემდეგ, რაც სახალხო კრება შედგა. სწორედ მისი შეურიგებელი ბრძოლის დამსახურებაა, რომ პრაქტიკულად მკვდარი პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდა - მართალია, ძალიან დიდი ემოციური, ადამიანური ტკივილისა და მსხვერპლის ფასად, მაგრამ მოხდა უზარმაზარი ძვრა ქართულ პოლიტიკაში, რამაც გამოიწვია ახალი პოლიტიკური ფიგურისა და ახალი ძალის გამოჩენა ქვეყანაში", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არჩევნები ოპოზიციამ არჩევნებამდე უნდა მოიგოს" / ბურჯანაძე ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა არც ქუჩის აქციებზე ამბობს უარს.
"ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია ივანიშვილის მხრიდან შესაძლო თანამშრომლობაზე განცხადების გაკეთება. ჩვენც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ ყველა იმ ძალასთან, ვინც რეალურად შეებრძოლება ხელისუფლებას, მზად ვართ ვიმუშავოთ, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვეძებოთ და დავგეგმოთ ის გზები, რომლებიც რეალურად ხელისუფლების შეცვლისკენ და დემოკრატიული არჩევნებისკენ წაგვიყვანს. საზოგადოებამ იცის ჩვენი პოზიცია ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით, სახალხო კრებაც და ჩვენი პარტიაც მიესალმება ამას და ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, სხვა ბიზნესმენებიც თუ გაიზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ქვეყანას დღეს ნამდვილად სჭირდება გადარჩენა და ბრძოლის ამ გზაზე ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი, ძალიან ბევრი რამაა შესაჯერებელი და ვფიქრობ, სწორად წარმართული პოლიტიკა გამარჯვებამდე მიგვიყვანს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე.
"არ ვაპირებ დავიკავო ის პოზიცია, რაც პოზიციაც ჰქონდა ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს, თუნდაც 26 მაისს, როდესაც განზე გადგნენ პოლიტიკური პროცესებიდან და ხელისუფლებას გაასწრეს ჩვენს ლანძღვასა და კრიტიკაში... ჩემთვის და სახალხო კრებისთვის მთავარია გამოვიყენოთ ყველა შანსი იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. არავის თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა ქუჩის აქციები. უბრალოდ, ჩვენ დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების, შეთანხმების, კონსულტაციების გზით არაფერი მიიღწევა. ამას დღეს უკვე თითქმის ყველა პარტია აღიარებს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვით გარკვეულწილად რეალობა შეიცვალა. მას აქვს ძალიან დიდი კრედიტი საქართველოს მოსახლეობის თვალში, ასევე ძალიან დიდი მატერიალური რესურსი, მაგრამ თუ არ იქნა თავისუფალი მედია და პოლიციამ ისევე დაატერორა ადამიანები, როგორც აქამდე ატერორებს და ხელისუფლებამ შეძლო და ივანიშვილის მომხრეები ისევე უსამართლოდ დაიჭირა, რაც არაერთგზის გაუუკეთებია ჩვენი მომხრეების მიმართ, თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნება" - განმარტავს რესპონდენტი.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ დიახ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი ქმნის ისეთ რეალობას, რომელიც შეუძლებელს ხდის თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. დღეს რეალობა გარკვეულწილად შეცვლილია, მაგრამ ამას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და ჭიდილი ხელისუფლებასთან, რომ გამოსტაცო მედია, აიძულო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ა.შ. ეს ხელისუფლებისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს რესურსი არ დათმონ. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ ის ქუჩის აქციებს გამორიცხავს, ვფიქრობ, ეს მისი სურვილია და ეს სურვილი გასაგებია, თუმცა რამდენად რეალურია ეს დღევანდელი თუნდაც შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე, ამას დრო გვაჩვენებს", - განაგრძობს ნინო ბურჯანაძე.
"მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ, როცა დეპუტატთა რაოდენობა შევამცირეთ, კარგად მახსოვს რა ზარ-ზეიმით გავაკეთეთ ეს - მიგვაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა რეფერენდუმით მიღებული - საუბარი მქონდა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ბატომ ბუკიკიოსთან 2 თვის წინ ამ თემაზე, რომელიც ყურებს არ დაუჯერა როცა ვუთხარი, რომ ხელისუფლება აპირებს რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას - არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი. ქვეყანში ხელისუფლება რეალურად უნდა შეიცვალოს და არა ჩანაცვლდეს. ეს არის ძალიან პრინციპული. ხელისუფლება არ უნდა ჩანაცვლდეს, ეს არ არის მონარქია. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - ეს ხელისუფლება არის დამნაშავე ხელისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რევნშიზმში და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში", - დასძენს რესპონდენტი.
"დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს. იმიტობ, რომ დღეს მოლოდინი იმდენად მაღალია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას ძალიან დიდი რისკზე მოუწევს წასვლა. ამავე დროს პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ დათმოს და ბატონ ბიძინას მოქალაქეობა დაუბრუნოს. ხელისუფლებისთვის უცხო არ არის პატრიარქის თხოვნის და მოწოდებების იგნორირება. ასე რომ, არ გამიკვირდება, რომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად იგნორირებული იყოს მისი უწმინდესობის პოზიცია", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე და შეკითხვას - "ბევრი ამბობს, რომ ივანიშვილის მიმართ კვლავ ბევრი კითხვები გაგაჩნიათ?" - პასუხობს:
"რა საკითხებზე მაინტერესებდა მისი მოსაზრება, ბუნებრივია, ამას გაზეთში არ გავახმოვანებ, იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პაექრობა. ერთი რამ კი შემიძლია გითხრათ - ჩემთვის საინტერესოა ვიცოდე, როგორ წარმოუდგენია ბატონ ბიძინას რეალიზება იმ იდეისა, რაზეც იგი საუბრობს, ანუ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ამ ხელისუფლების ხელში. რაც შეეხება სურვილს, სურვილი მაქვს ერთადერთი - რომ მიუხედავად იმ ძალიან დიდი და მძიმე წნეხისა, რომელიც ალბათ კიდევ ელოდება, რომ მან შეძლოს ამ ცილისწამებისა და სიბინძურის ნიაღვარს გაუმკლავდეს და გაამართლოს ის მოლოდინი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა მისი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვით".
774
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85