ილია მეორე:  არ დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რომელიც ჩემსა და აფხაზებს შორის სუფევდა

ილია მეორე: არ დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რომელიც ჩემსა და აფხაზებს შორის სუფევდა

არ დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რომელიც ჩემსა და აფხაზებს შორის სუფევდა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, ფერიას მთაზე, წმინდა მატათას სახელობის გიმნაზია-პანსიონში აფხაზებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ მისი წოდების მიუხედავად არ შეუძლია აფხაზეთში ჩასვლა. "მე არ დამავიწყდება ის სითბო, ის სიყვარული, რომელიც სუფევდა ჩემსა და აფხაზებს შორის. დღეს სამწუხარო არის ის, რომ როდესაც მე მაქვს წოდება ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, არ შემიძლია ჩავიდე აფხაზეთში და შემომითვალა აფხაზეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ პატრიარქის უსაფრთხოებას", - აღნიშნა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის მთლიანობა აღდგეს.

დღესვე, უწმინდესმა ფერიას მთაზე მშენებარე დედათა სამონატრო კომპლექსი მოინახულა, ასევე, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებს შეხვდა, შემდეგ კი საქართველოს მოსახლეობას წმინდა თამარის ხსენების დღე მიულოცა.

"გილოცავთ წმინდა თამარ მეფის დღესასწაულს. წლევანდელი წელი გამოცხადებულია წმ. თამარის წლად. შეეწიოს წმ. თამარ მეფის ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა და უნეტარესმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიტრის ტარების, დეკანოზ შიო პაიჭაძეს დამშვენებული ჯვრის ტარების, მღვდელ ანდრია ლაითაძეს კი ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მართლმადიდებლებისა და ქართველი მუსლიმების ერთობაზეც ტრაპეზის დროს ისაუბრა, სადაც სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძეც იმყოფებოდა. როგორც ჯემალ პაქსაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პატრიარქთან მეჩეთის მშენებლობის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

"დღევანდელი საუბარი აფხაზ და ქართველ ხალხთა შორის სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ იყო. მეჩეთთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ვარ ბედნიერი, რომ პატრიარქი ქართველ მუსლიმებს მოიხსენიებს, როგორც ძმებს და დებს. ჩვენი ურთიერთობა არის ურთიერთდამი სიყვარულის, თანადგომის და პატივისცემაზე დაფუძნებული. ერთი სისხლი და ხორცი ვართ და ყველაფერი კარგი იქნება", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

საქართველოს პატრიარქს ფერიას მთაზე აჭარის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელებიც შეხვდნენ.