“ცენტრ-პოინტი” საკუთარი კლინეტების ძარცვას ისევ აგრძელებს. ეს, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდება, რადგან რუსუდან კერვალიშვილი ჯერჯერობით კვლავ პარლამენტის ვიცე-სპიკერია და სადეპუტატო სავარძლის ბრალდებულის სკამზე გაცვლას სულაც არ აპირებს.
“ცენტრ-პოინტის” მიერ დაზარალებული ადამიანები პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნას მოითხოვენ. კომპანიისაგან დაზარალებული ადამიანები პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრებს შეხვდნენ და საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ.
“ცენტრ-პოინტის” მიერ დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ “ცენტრ-პოინტ ჯგუფის” დირექტორისაგან ხელმოწერილი შეტყობინება მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ 7 დღის განმავლობაში ახალ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ, მაშინ მათთან ძველი ხელშეკრულება შეწყდება. ამასთან, დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ დამატების სახით უნდა გადაიხადონ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარი პლიუს დღგ - გადახდილი თანხის 18%.
დაზარალებული სვეტა მურადიანი აცხადებს, რომ მათი ბინა სააკაძის მოედანზე, მერიის ეზოშია, ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, თანხა ჯერ კიდევ 2006 წელს დაფარული აქვს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ბინა 2007 წელს დამთავრებული სახით ჩაებარებინათ, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და კვადრატულზე 100 დოლარის გადახდას სთხოვენ.
“4 წელია ველოდებით, რომ დამთავრებული ბინა ჩაებარებინათ, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ თუ ახალ ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ, ბინას ვერ მიიღებთ და მას გაყიდიან. სასამართლოს მივმართეთ და სარჩელიც შევიტანეთ, რადგან ჩვენს მიმართ ძალიან დიდ უკანონობას აქვს ადგილი”, - განაცხადა სვეტა მურადიანმა.
მისი თქმით, დაზარალებულებმა რამდენჯერმე მიმართეს თბილისის მერიას და ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს, მაგრამ მას ეს საკითხი არ აინტერესებს.
სამაგიეროდ, ამ საკითხით ძალიან დაინტერესდა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და “ცენტრ-პოინტისაგან” დაზარალებული მოქალაქეების საკითხის შესწავლას საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მოითხოვა.
მისი თქმით, დროა, ღიად დაიწყოს საუბარი აღნიშნულ პრობლემაზე, მათ შორის, პარლამენტშიც. ცაგარეიშვილი “ცენტრ-პოინტის” საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივ დანაშაულს ხედავს და მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო არ არის აღძრული სისიხლის სამართლის საქმე.
“აშკარაა, რომ წლების მანძილზე მოქმედებს რამდენიმე თაღლითიური სქემა, რამდენიმე ჯგუფის მიერ ძალიან ოსტატურად შენიღბული. 6200-მდე ოჯახი, ფაქტობრივად, უსახლკაროდ არის დარჩენილი. ეს არის 20 ათასი ჩვენი მოქალაქე, მათი მიტოვება ბედის ანაბარა დაუშვებელია.
ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს რამდენიმე ფირმის გაუმაძღარ დირექტორს მოსთხოვოს პასუხი, თუ დაიცვას ამ დაზარალებული ხალხის ინტერესები. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ზოგიერთი ფირმა იმდენად არის შეკრული ხელისუფლებასთან, რომ მათ ინტერესებში გამოძიება არ შედის”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
2011 წლიდან “ცენტრ-პოინტმა” თავისი ვალდებულებები კომპანია “დექსუსს” გადააბარა. იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ “დექსუსის” უკან ისევ რჩეულიშვილები ილანდებოდნენ, მით უმეტეს, რომ “დექსუსში” უამრავი “ცენტრ-პოინტელი” გადაბარგდა სამუშაოდ. ერთი ხანობა “ახალმა კომპანიამ” მოახერხა “ცენტრ-პოინტის” შეჩერებული მშენებლობების განახლება და რამდენიმე პროექტიც დაასრულა (თუმცა ეს თანხაც ხალხისაგან ამოიღო, 18%-იანი დღგ-ს გადასახადის სახით), მაგრამ ბოლო დროს ავისმომასწავებელი ინფორმაციები “დექსუსის” შესახებაც ვრცელდება. გამორიცხული არ არის, ამ კოპანიასაც ისეთივე ბედი ეწიოს, როგორიც “ცენტრ-პოინტს”, ხოლო ერთხელ უკვე დაზარალებული მოქალაქეები, დამატებით კიდევ დაზარალდებიან.
1211
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85