სალომე აფხაზიშვილი, "ტრიბუნა"
„ჰამლეტი“, „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „მაკბეტი“, „სტიქსი“, „დარისპანის გასაჭირი“, მეფე ლირი“, – ეს იმ სპექტაკლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მსახიობ ზაზა პაპუაშვილის სახელს უკავშირდება.
ის რუსთაველის თეატრს უკვე 25 წელია ემსახურება, მოულოდნელობებით აღსავსე და ქარიზმით უხვად დაჯილდოებული ადამიანია, რომელშიც სპექტაკლის გმირსა და რეალური პიროვნებას შორის ზღვარს ვერ გაავლებ – ის ერთდროულად „მალვოლიოც“ არის და “ჰამლეტიც“, „კირილე მიმინოშვილიც“ და „ესტრაგონიც“.
ზაზა პაპუაშვილს „ტრიბუნა.ge“ თანამედროვე თეატრისა და საზოგადოების პრობლემების შესახებ ესაუბრა.
ბატონო ზაზა, რა დანიშნულება აქვს თეატრს თანამედროვე საზოგადოებაში?
ყველა ქვეყანას თავისებური თეატრი აქვს. თეატრში მოწმდება საზოგადოების მსოფლმხედველობა, ფსიქიკა, სურვილები, გემოვნება. როცა სპექტაკლს ვუყურებ, ვხვდები, რა მდგომარეობაშია ჩემი ერი – ჩემი გენი ავადაა, პრობლემა აქვს, სიცოცხლის რა რესურსი შერჩენია. აქედან გამომდინარე, თეატრს რთული დანიშნულება აქვს. ის გარკვეულწილად საუბრობს მოვლენებზე, ადამიანის ბედზე, რაც გაფიქრებს, გაცინებს, ცოტას გჩხვლეტს კიდეც. რატომღაც ესე ჰგონიათ, რომ აქ უნდა მივიდეთ, გავერთოთ და ვიღაცამ უნდა უღიტინოს მაყურებელს, რომ გააცინოს. სცენიდან სიმართლე უნდა მოდიოდეს. ჩვენ ადამიანის შინაგან სამყაროში ვიქექებით, ერთმანეთს მსგავს მოვლენებზე ვესაუბრებით, ზოგჯერ ვწინასწარმეტყველებთ. მოკლედ თეატრი ცხოვრებასთან არის კავშირში. ცალკე არსებული თეატრი – მკვდარია. თუ ის რეალობას მოწყვეტილია და მოჩვენებებით, კარგ ცხოვრებას ხატავს, ფსევდოგანწყობებს და ფსევდოენერგიას გამოყოფს, თეატრს დიდხანს ცხოვრება არ უწერია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გულში უნდა გავატაროთ ცხოვრებაში მომხდარი ამბები, შევიგრძნოთ და დავაჯეროთ მაყურებელს. თეატრიდან ჩვენ არაფერი მიგვაქვს, თეტრში მოგვაქვს ყველაფერი – გამოცდილება, გავლილი და გასავლელი ცხოვრება, ოცნება, სიყვარული და ა.შ.
თეატრი ყოველთვის ახერხებდა, საზოგადოება სიკეთისკენ შემოებრუნებინა, გააერთიანებინა. დღეს ახერხებს ამას?
ხშირ შემთხვევაში ახერხებს. ეს მისი დანიშნულებაა. ჩვენ ვერ ვამბობთ, რომ სამყაროს გამოვასწორებთ ან შევცლით. ჩვენ ეს გვევალება, ამის მსახურები ვართ. ხანდახან თეატრისა და საზოგადოების ცხოვრების გზა ერთმანეთს სცდება. თეატრი მაყურებელს არ დასცინის, თეატრს აქვს თვითირონიის ფუნქციაც. ცდილობს, მაყურებელს დაანახოს რომ არ უნდა შეიპყროს პატივმოყვარეობამ. თეატრს შეუძლია კომპლექსებისგან გათავისუფლება, აზროვნების თავისუფლება, მაგრამ არ აქვს იდეაფიქსი, რომ სამყაროს შეცვლის.
როგორია შთაბეჭდილება, რომელიც მაყურებელთან ურთიერთობის შემდეგ გრჩებათ?
იცით, შთაბეჭდილება სხვადასხვაგვარია. ყველა სპექტაკლს თავისებური მაყურებელი ჰყავს. ეს ცოცხალი ურთიერთობაა. ზოგჯერ ხვდები, რომ საზოგადოებას სძინავს, ზოგჯერ გგონია, რომ მას ვერაფერს აგებინებ, ზოგი გულგრილია, ზოგი – მხურვალეა. თეატრში მოწმდება საზოაგადოების მისწრაფება, გემოვნება, ინტერესები. განსაკუთრებით, პარტერში მსხდომ ადამიანებში ჩანს ეს.
90–იან წლებში, როდესაც საზოგადოებაში სრული განუკითხაობა სუფევდა, ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იყო, ადამიანები ბედს იყვნენ მინდობილნი და ზოოპარკიდან გამოვარდნილ ცხოველებს ვგავდით, ძალიან ბევრი დადიოდა თეატრში. სინათლე არ იყო და ჩვენ მხოლოდ მათი თვალების ფახულს ვხედავდით. არ იყო სუნამო, ქუსლიანი ფესაცმელი. ციოდა და ყველას ათი შალი ჰქონდა შემოხვეული. მატერიალური მხარე აღარავის აინტერესებდა.
გავიხსენებ შემთხვევას, რომელმაც მე, როგორც მსახიობი, გამაოცა. სპექტაკლის მიმდინარეობისას დარბაზში სინათლე ჩაქრა, თუმცა წამებში სანთლები აჩახჩახდა. იმ წუთას ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. მაყურებელი გვეუბნებოდა – გააგრძელეთ, გააგძელეთო. ჩვენ ფანრების შუქზე ვთამაშობდით. ვთამაშობდით და გვეტირებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ სულიერი შიმშილი იყო, ხალხს სულიერი მოთხოვნილებები გაუჩნდა. ბოლოს შუქი, რომ მოვიდა დარბაზთან ერთად ვტიროდით. იყო პატივისცემაც: მაყურებელი ამ სიცივეში, ქარში, ყინვაში, ჩამოდის ავტობუსიდან, ქუჩას ჭრის ან მიწისქვეშა გადასასვლელით გადმოდის და მოაქვს ყვავილი. ერთ–ერთ სპექტაკლზე ყვავილი ამომაწოდეს პარტერიდან, მამაკაცური ჟესტი გამოვავლინე, თაიგული ჩემს თანამონაწილე ქალბატონს გადავეცი. კულისებში გავიაზრე, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. თაიგული, რომელიც მე მომართვეს, მისივე თანდასწრებით, სხვას გადავეცი... წარმოვიდგინე, რამხელა ტკივილი მივაყენე მაყურებელს. ეს შეიძლება ჩემი კომპლექსია. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს, მაგრამ მას შემდეგ მორთმეულ ყვავილს არავის ვაძლევ. ძალიან იშვიათად ამას მხოლოდ ფარდის დახურვის შემდეგ ვაკეთებ. ახლა ეს ერთიანობა მოკვდა...
ეს მხოლოდ საზოგადოების ბრალია?
ჩვენს შემთხვევაში საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა – კონფორმისტებად და ფეხებზედამკიდე ადამიანებად, იმ თავზენაცარწამყრელებად და ქლესებად, რომლებმაც თვალები დაიბრმავეს, მხოლოდ საკუთარი სახლით ინტერსდებიან და ვერ ხვდებიან, რომ ერთ დღეს ის ნაგავი, რომელიც სადარბაზოში ყრია, სახლში შეუვათ. აქ ისევ მივდივართ ღირებულებებთან, ტრადიციებთან, აღზრდასთან. გაჭრილი სავარძლები და მასზე მიწებებული საღეჭი რეზინი, ტაძრების კედელზე ამოკაწრული წარწერები – ეს გულგრილობის შედეგია. ჩვენი დღევანდელი საზოგადოება ძალადობის მსხვერპლია. ძალადობას კი თეატრი თითს უქნევს. თეატრი და ძალადობა არ გამოდის. თეატრი და თავისუფლება, თეატრი და აღმაფრენა, თეატრი და სიგიჟე, თეატრი და აზროვნება – აი, ამ კატეგორიებით, ღვთის მადლით კიდევ არსებობს რუსთაველის თეატრი. მსოფლიო, ზოგადად, უნიჭობამ მოიცვა. სამყარო გაირყვნა. გზა მიეცა ყბადაღებულ აღვირახსნილობას. რას ნიშნავს ევროპელობა? – უზრდელობას? ჰომოსექსუალზიმს, ლესბოსელობას, ჩაჩაჩულ შარვლებსა და საღეჭ რეზინებს? რატომ არ გულისხმობს ევროპელობა მხატვრობას, მეცნიერებას, ხუროთმოძღვრებას? ეს უნიჭო კონცერტებია. ფუჭი, არაფრისმომცემი ფსევდოსიხარული. ...მართლა კი არ მიყვარხარ, ვითომ მიყვარხარ, მართლა კი არ მენატრები, ვითომ მენატრები? გვაჩვენებენ ისეთ კლიპებს თითქოს ლასვეგასში ვცხოვრობდეთ... ეს ტყუილია!
კონფორმიზმმაც საკმაოდ მომგებიანი ქულები დააგროვა. ეს ყველაფერი უნებურად ხდება. არ შეგიძლია და იმიტომ. ეს ნამდვიალად საზოგადოების პრობლემაა. მაგრამ ამას აყალიბებს კანონიერება, არჩევანის თავისუფლება. ჩვენი საზოგადოება დაჩეხილია. არ არსებობს არაფერი, რომელიც ერთსულოვნებას, სოლიდარობას გააღვივებს. აი, კიდევ ერთი პრობლემა. როდესაც საზოგადოება თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგან, მას თავისუფლად უყალიბდება გემოვნებაც და აზროვნებაც. საზოგადოებას სიმშვიდე, გამოკვება, სამუშაო ადგილი სჭირდება. როცა ეს არ აქვს, მისი ფსიქიკა არანორმალურ მდგომარეობაშია. და მას უჭირს გარკვეულწილად სილამაზეების აღქმა, მისი ნერვული სისტემა სულ დაძაბულია, გონებაც არ არის თავისუფალი, სულ სხვა რამეებზე ფიქრობს. როგორც საზოგადოებას სჭირდება თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი თეატრი, ასევე თეატრს სჭირდება თავისუფალი მაყურებელი. ერი სტაგნაციაშია, იმიტომ რომ სულიერი განვითარებისთვის ვეღარ ზრუნავს. ამიტომ მისი რეაქციებიც გასაგებია – ზოგჯერ უგემვონოც არის, ზოგჯერ იმპულსურია. თუკი ადამიანს ექნება თავისუფალი არჩევანის საშუალება, ის მივა იმ თეატრში, რომელიც ნამდვილად მოსწონს, რომელიც მის გემოვნებას აკმაყოფილებს.
თქვენ ამბობთ, რომ მძიმე სოციალური და პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, „90–იანების მაყურებელი“ დღევანდელთან შედარებით, უფრო თავისუფალი იყო?
ჩვენ ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. რა ყოფითი პრობლემებიც აქვს საზოგადოებას, ის აქვს თეატრსაც. სინათლე არ გაქვთ? ჩვენც არ გვაქვს. მსახიობს არ აქვს უფლება სცენაზე საკუარი პრობლემების გამო თავი ვერ გამოავლინოს. ეს ყველაფერი მან უნდა დაივიწყოს. ყველა ერთი საფარველის ქვეშ ვიყავით, უბრალოდ, ერთმანეთს ზურგს ვუმაგრებდით. ყველას უნდოდა ბედნიერად, თავისუფლად ცხოვრება. რატომ ვერ ვაღწევთ ასეთ ელემენტარულ პირობებს?
პოლიტიკური თავისუფლების გარდა, კიდევ რისგან თავისუფლება სჭირდება მაყურებელს, იმისთვის, რომ სპექტაკლიდან საკუთარი შთაბეჭდილება გამოიტანოს?
ხშირად მესმის, რომ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა სპორტის რომელიმე სახეობაში. მაგრამ ცალ–ცალკე ეს გამარჯვებები არაფერს ნიშნავს, ქყვეყანა დამარცხებულია. მსახიობებს შეეკითხეთ აბა, რამდენად რთულია სცენაზე თამაში, როდესაც ყოფა რთულია? მსახიობის პროფესია ერთ–ერთი ყველაზე ღატაკია ჩვენს ქვეყანაში. აქ, ლამის უკვე დასაცინია ეს პროფესია.
რამდენად მნიშვნელოვანია განათლება, იმისათვის, რომ მაყურებელი თავისუფალი იყოს?
საქართველოში ასე ხდება: მე თუ არ მეცოდინება – სენეგალის მეფის ქვისლის მულის ისტორია, მე განათლებული არ ვარ. ჩვენ რაღაც სატრიპაჩო განათლება გვინდა, რაღაცას ვჟონგლიორობთ. განათლება იცით რა არის? რა პროფესიასაც აირჩევ, იმაში უნდა იყო განათლებული. მე სპორტი მიყვარს, მაგრამ სპორტის დეტალებში ცოდნა არ არის საჭირო. ნურავინ მეტყვის, რომ რასაც თავად აკეთებს, არის კარგი და რასაც მე ვაკეთებ, – ცუდია.
ბევრი მსახიობი ვიცი, რომელმაც არ იცის სად მუშაობს. ეს არის შენი აღქმა. მე შეიძლება ვუყურო სპექტაკლს, მაგრამ ვერ მივხდე რა ჩაიფიქრა რეჟისორმა. მე შეიძლება მსახიობის მოქმედებამ დამატყვევოს. თეატრი არის სიტყვები და მის უკან რაღაცა მოქმედება. ერთს ლაპარკობს, მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს. ეს ცხოვრებას გაჩვენებს. თეატრის სუნი უნდა გიყვარდეს, ფარდის გახსნა უნდა გიხაროდეს და საყვარელი მსახიობის გამოჩენა გულს გიჩქრებდეს. არიან მაყურებელები, რომელთაც სპექტაკლის მიმდინარეობისას სძინავთ, ზოგს ცოლი გვერდებში ურტყამს, აფხიზლებს. მაინცდამაინც პირველ რიგში სხდებიან ასეთი ხალხი.
ასეთი კატეგორიის მაყურებელი ბევრია?
რამდენიც გინდა.
ეს რაზე მიანიშნებს?
საზოგადოება როგორიც არის ისეთივეა თეატრშიც, ქუჩაშიც. იოლად ხვდები, გაერთიანებულია ის, თუ დაქსაქსულია, შეყვარებულია თეატრზე თუ მარტო კედელივით ზის და რაც უნდა ელაპარაკო, ვერაფერს გაიგებს. დარბაზში ვიღაც შოკოლადს ხსნის, ვიღაცა დედას ურეკავს – გაზზე დამრჩა რძეო და არის ასე...უფრო ხშირად კი ამჯობინებენ, რომ წყნარად იყვნენ, ვერ იგებენ და თავი ისე უჭირავთ, ვითომ გაიგეს. თამაშობენ. ცხოვრება მრავალმხრივია, მას ასე ადვილად ვერ გაუგებ. კარგი იქნებოდა, სიმშვიდე ყოფილიყო ქვეყანაში. ეს გაცილებით დახვეწდა საზოგადოებას.
მაყურებელი ხშირად დაბნეული გამოდის სპექტაკლიდან – ვერ იგებს რეჟისორის ჩანაფიქრს, მსახიობის ჟესტს. რისი ბრალია ეს?
არის მძიმე და მაღალი კატეგორიის ფილოსოფია, რომელსაც მარტივად ვერ გაიგებ. ასევეა ლიტერატურაც. გააჩნია, რა მასალას აკეთებს, ვინ აკეთებს და როგორ თამაშდება ეს ყველაფერი. ცუდი თეატრიდან შეიძლება ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდები, რომ ეს ცუდია. გონებით და ინტელექტით გაგების გარდა, თეატრში ბევრი რამ ემოციურად აღიქმება. შენში აღვიძებს ისეთ ემოციას, რაც შენს გემოვნებას აკმაყოფილებს. გუშინ, ძალა მოვიკრიბე და „ქეთო და კოტეს“ დავესწარი. არავის წინააღმდეგ ამას არ ვამბობ. უბრალოდ, ჩემთვის ვფიქრობდი განსხვავებებზე. ვფიქრობდი, როდის დამთავრდება ასეთი განუკითხაობის ეპოქა? ამდენი მუსიკა, ამდენი მოძრაობა და ჯამში პირწმინდად არაფერი. და გვეუბნებიან, აი, ეს არის შედევრი. მწარმოებელს ვეკითხები...წინასწარ რატომ მეუბნები, რა არის შედევრი? რატომ არ მიტოვებ გზას, მე გადავწყვიტო? რა არის ეს? ვინ მოგცათ ამის უფლება? თუ მე მაყურებელს მეძახი, რატომ არ მაძლევ შეფასების უფლებას? ესეც ძალადობაა.
რას ფიქრობთ რატომ არ შესწევს საზოგადოებას ძალა, რომ მიხვდეს როცა ატყუებენ?
მე ვიტყვი, რომ კანონიერებაა დარღვეული და ჩაგრავენ ადამიანებს. ერთადერთი, რაც ადამიანებს აერთიანებს ეს მხოლოდ ღმერთი და სარწმუნოებაა. გათიშულობაა საზოგადოების წევრებს შორის. გაუცხოვდა საზოგადოება და მიწა, საზოგადოება და გლეხი. უნიათო დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. როცა ახალგაზრდებს ვუყურებ ასეთ ტაშ–ფანდურაში რომ არიან ჩართული, ვხვდები, რომ ნელ–ნელა მათაც ღუპავენ. იზრდება ჩვენს შორის მანძილი. მერე ისინი ამ ტყულის ეჩვევიან და მთელი ცხოვრება დემაგოგობენ, რომ გაამართლონ თავიანთი მცდარი ნაბიჯები. იმ დოზით დათესეს ბოროტება, ძალადობა და უნიჭობა, რომ ამის ამოძირკვას დიდი დროს და ჯაფა დასჭირდება. საზოგადოების ვალია – ბრძოლა. შეიძლება ერთი–ორი ნაბიჯი იყოს წარუმატებელი, მაგრამ სადღაც ნაყოფი აუცილებლად მოვა.
თუ ყოფილა შემთხვევა, როცა მაყურებელისთვის გიგრძნობინებიათ, რომ თქვენ მის უყურადღებობას, გულგრილობას და, თუნდაც, მსახიობისდამი შეურაცხყოფას ამჩნევთ?
ეს იყო 3 წლის წინ, როდესაც ჰამლეტის პირველ მონოლოგს ვამბობდი. მონოლოგი, რომ დავიწყე, გაისმა ტელეფონის ზარი ახლო მანძილიდან, გადავხედე, სამარისებური სიჩუმეა, დაირეკა მეორე ზარი, შევწყვიტე მონოლოგი. მერე უფროსებმა შენიშვნასავით თქვეს, რომ ყველას გამოერთო ზარი. ჩუმად ვარ. მეც ადამიანი ვარ, საკმაოდ ფიცხი და ემოციურიც, სიბრაზისგან ლამის დარბაზში ჩავხტი. შემდეგ, ძალა მაინც მოვიკრიბე, მესამედ დავიწყე და.. ატყდა ტელეფონების კაკაფონია. ავდექი და სცენიდან გამოვედი. სცენა 5 წუთი ცარიელი იყო. რომ დამინახეს, კულისებში გაგიჟდნენ. ამ დროს სცენაზე სამარისებური სიჩუმე იყო. ძალა კიდევ მოვიკრიბე და სცენაზე გავედი, ატყდა ტაში. გავჩუმდი, ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთი ტელეფონის ზარი გაისმა. აი მაშინ დარბაზს რაღაც ფაცხაფუცხმა გადაუარა, დავიჭირე ეს სიჩუმე და დავიწყე მონოლოგი. სპექტაკლის ბოლოს დარბაზი მქუხარე ტაშით შემხვდა. ამ ბოლოს ტაშის დაკვრას, გამორთე ტელეფონი თავიდანვე, როცა 3–ჯერ გთხოვენ ამის გაკეთებას. მესმის, შემთხვევით დაგრჩეს ჩართული, მაგრამ არავის ესმის სპექტაკლის დაწყებამდე ხმა, რომელიც მობილურის გამორთვას ზრდილობინად გვთხოვს?
ასეთ დამოკიდებულებას, ძირითადად, რომელი თაობა იჩენს?
ყეყეჩი და შტერი ახალგაზრდაც მინახავს და ასაკოვანიც. მთავარია, როგორ გაზდრი შენ თავს. შეიძლება, ფეხბურთი ახლა ისე ვერ ვითამაშო, როგორც 20 წლის ასაკში, მაგრამ ახალგაზრდობას ჯერ არ დავმშვიდობებივარ. ერთ რამეში იჩენს ხოლმე ასაკი თავს, როცა ჩემზე ბევრად უმცროსი გოგონა მომწონს. მწერლის პოზიციიდან რომ განვიხილოთ, ძალიან ძნელია ავტორმა თქვას, რომ მე ამ ასაკის ადამიანისთვის დავწერ, ამისთვის – არა. მწერალს უნდა, რომ ყველამ წაიკითხოს მისი ნაწარმოები. მისთვის დრო მარადიულია და არა – მოდური. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი თამაში ახალგაზრდასაც მოეწონება და ასაკოვანსაც. თეატრი ყველასთვისაა, ისევე, როგორც წიგნი.
1355
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85