ოსური არჩევნები ანტირუსული განწყობით

ოსური არჩევნები ანტირუსული განწყობით


დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ვინაობას ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტური გაარკვევს. პირველ ტურში ალა ჯიოევამ და ანატოლი ბიბილოვმა ხმათა 25-25 პროცენტი დააგროვეს. ეს შედეგი ცხინვალში ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ბიბილოვი კრემლის მხარდაჭერით სარგებლობდა და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ პირველ ტურში გაინაღდებდნენ გამარჯვებას. დე ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებზე ამომრჩეველთა 67 პროცენტი მივიდა, რაც ბოლო წლების არჩევნების მაჩვენებლებზე ბევრად დაბალია. წინა არჩევნებზე აქტივობა 90 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა ხოლმე. დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ბიბილოვისა და ჯიოევას გარდა, თითქმის 10-10 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს სამ კანდიდატს - ვადიმ ცხოვრებოვს, დიმიტრი ტასოევსა და ალან კოტაევს. ახლა მთავარია ამ კანდიდატების ამომრჩევლებს მეორე ტურში გასული რომელი კანდიდატი მიიმხრობს. რაც შეეხება ბიბილოვს და ჯიოევას, ბიბილოვის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციაა, ხოლო ალა ჯიოევა ამომრჩევლებს კორუფციის დამარცხებას და კლანური რეჟიმის მმართველობის დასრულებას ჰპირდება. ჯიოევას საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ელინა მარზოევა მიიჩნევს, რომ ჯიოევას პირველივე ტურში შეეძლო გამარჯვება, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რომ შეძლებოდათ ხმის მიცემა. როგორც ცნობილია, კომისიამ უბნები ვლადიკავკაზში არ გახსნა, ზემო როკში გახსნილ საარჩევნო უბანში კი დაახლოებით 17 ათასი ამომრჩევლიდან მხოლოდ ათასამდე კაცი გამოცხადდა. მარზოევას თქმით, არჩევნებზე ანტირუსული განწყობებიც კი შეინიშნებოდა.
 
„ჩვენ ფალსიფიკაციის გვეშინოდა, რადგან ყველა კარტი ხელში მეორე კანდიდატს ჰქონდა, რომელიც, არ ვიცი, კოკოითის თუ კრემლის დაყენებული იყო. მას ძლიერი პროტექცია ჰქონდა ყველა მხრიდან. თავის მხრივ, ალა ჯიოევას ჯამბოლათ თედეევისა და ანატოლი ბარანკევიჩის ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა. ესეც, რა თქმა უნდა, ძლიერი მხარდაჭერაა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ადმინისტრაციული რესურსი. იცით, რატომ არ იყო სერიოზული დარღვევები? იმიტომ რომ მეორე კანდიდატის მიმართ კრიტიკული განწყობა იყო. ემოციები ძალიან მაღალი იყო და ჩვენ გვეშინოდა კიდეც, რომ ვითარება კონტროლიდან არ გამოსულიყო - უკვე აშკარად ანტირუსული განწყობები ჩანდა. იცით, რანაირი ხალხია? ჩრდილოელი ოსებისგან განსხვავებით, რომლებიც ბევრ რაღაცას ურიგდებიან, აქ სხვა მენტალიტეტია: რა უფლებით გვახვევთ თავს ვინმეს, ჩვენ არჩევანის უფლება გვაქვს - აი, ასეთი განწყობა იყო. ამიტომ იმის შიშით, რომ კიდევ ერთხელ არ დაწყებულიყო სახალხო მღელვარება, ხელისუფლებამ ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა“, - ამბობს ელინა მარზოევა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები არ დასწრებიან. იქ გამართული არჩევნების დასაკვირვებლად რუსეთიდან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩავიდნენ. იყვნენ ასევე კერძო პირები პოლონეთიდან, საფრანგეთიდან გერმანიიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან, მაგრამ ისინი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ წარმოადგენდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩატარებულ არჩევნებს შეფასება უკვე მისცა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ამ არჩევნებს საოკუპაციო რეჟიმის ფსევდოდემოკრატიული თამაშის კიდევ ერთი მცდელობა უწოდა.  

„თუ რა შედეგით წარიმართება ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები და საბოლოოდ რა შედეგით დასრულდება, არც ჩვენთვის და არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. რეალურად აქ არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მარიონეტული რეჟიმი ჩანაცვლდეს მეორეთი და საუბარია იმაზე, რომ ჩატარდეს არჩევნები საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის ორ მესამედს წართმეული აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, - განახცადა ნინო კალანდაძემ.

რა შეიცვლება მეორე ტურში ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში? როგორც ცნობილია, ანატოლი ბიბილოვს კრემლმა მხარი ღიად დაუჭირა. ალა ჯიოევას რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯამბოლათ თედეევი, და ცხინვალში ეროვნულ გმირად აღიარებული ანატოლი ბარანკევიჩი უჭერენ მხარს. ასე რომ, ჯიოევას გამარჯვების შემთხვევაში კრემლს არც მასთან გაუჭირდება საერთო ენის გამონახვა, რადგან თედეევი პუტინის მეგობრად მიიჩნევს თავს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ კრემლმა კიდევ ერთხელ დაუშვა შეცდომა და ბიბილოვისადმი ღია მხარდაჭერით ამომრჩეველთა დიდი ნაწილის პროტესტიც გამოიწვია. ამიტომ ისინი კრემლის ფავორიტის საპირისპიროდ უფრო აძლევდნენ ხმას.
 
„მოსკოვმა ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორიც დაუშვა 2004 წელს, როცა იმდენად იაქტიურა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. კოკოითიმ თავისი ფსევდომხარდაჭერითაც ბიბილოვს დათვური სამსახური გაუწია. აქ, მე მგონია, კოკოითი თვალთმაქცობდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა, რომ დაბალი რეიტინგი აქვს და მისი მხარდაჭერა ბიბილოვს არაადმინისტრაციულ ხმებს დააკლებდა. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯამბოლათ თედეევის ფაქტორი, რომლის მხარდაჭერამაც განაპირობა ალა ჯიოევას წარმატება. თუმცა მეორე ტურში არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ასე წარიმართება, რადგან მნიშვნელოვანი იქნება, ვინ მიიმხრობს იმ 10 პროცენტიან კანდიდატებს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რეფერენდუმიც ჩატარდა რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით. ამომრჩეველთა უმრავლესობამ რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება.