თურმე კანონში “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” პრობლემებს მხოლოდ ერთი ბანკი ამჩნევს და ეს “ქართუა”. “ქართუში” არსებულ პრობლემებს კი რატომღაც ბიზნესომბუდსმენი ვერ ამჩნევს, უფრო სწორად არ იმჩნევს, რომ ვერ ამჩნევს.
ბანკ “ქართუში” აცხადებენ, ხელისუფლების მიერ წარმოებული უსამართლო პოლიტიკის შედეგად ბანკიდან 45 მლნ ლარის დეპოზიტების გადინება მოხდა. ბანკში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო მოქმედებებს საფუძვლად მხოლოდ პოლიტიკური მიზნები უდევს.
“ბანკის მესაკუთრის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ახლობლების დაპატიმრებები, ტერორი მის სამშენებლო ობიექტებსა თუ სს”ქართუ ჯგუფის” სხვა ქონებაზე, საინკასაციო მანქანისა და ბანკის კუთვნილი მსხვილი თანხების დაყაჩაღება “შავი ფულის” გათეთრების აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებით, გაუგონარი ზეწოლა კლიენტებზე, რის შედეგადაც ბანკიდან დეპოზიტების გადინების საერთო თანხამ თითქმის 45 მლნ ლარი შეადგინა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ უკანონო ქმედებებისა, რაც ხელისუფლებამ უკვე განახორციელა.
ამ კონტექსტში განხილულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონიც “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ”. ამ კანონით სხვა, ცვლილებებთან ერთად, ახალი რედაქციით არის წარმოდგენილი და ა.წ. 7 ნოემბრიდან უკვე მოქმედებაშია შესული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 823-ე მუხლი.
ეს ცვლილება სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას, ლახავს მისი, ასევე მთლიანად ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს, რამდენადაც შექმნილ საკანონმდებლო გარემოში ბანკი, როგორც პირველი რიგის იპოთეკარი, ფაქტობრივად, აღარ წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს და თუ იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდება, რომ საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები არსებობდა ბანკის იპოთეკის რეგისტრაციამდე (თუმცა მოგვიანებით გამოვლინდა), მაშინ პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა და მხოლოდ შემდეგ (თუ რამე დარჩა) ბანკის მოთხოვნა, რაც უგულებელყოფს საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორის პრეზუმციას და ფაქტობრივად უარყოფს იპოთეკის არსსა თუ საყოველთაოდ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპებს.
ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მათ უზარმაზარი ფულადი თუ ინტელექტუალური რესურსი აქვთ ჩადებული საქართველოში ცივილიზებული საბანკო ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განვითარებაში და ხშირ შემთხვევაში, თავად არიან ქართული საბანკო დაწესებულებების მნიშვნელოვანი წილის მფლობელები.
სს “ბანკი ქართუ” მოუწოდებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, საბანკო ასოციაციას, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, პრინციპული შეფასება მისცენ ჩვენი ბანკის ირგვლივ შექმნილ რეალობას, რაც უთუოდ დამღუპველად იმოქმედებს მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორზე და წინ აღუდგნენ ბანკებთან პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების მცდელობის თითოეულ შემთხვევას”, - ნათქვამია “ქართუს” განცხადებაში.
ივანიშვილის ბანკის შეშფოთება ჯერჯერობით მარტოოდენ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გაიზიარა. პოლიტიკური პარტია “საქართველოს გზამ” ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს როგორც კერძო ბიზნესი, ასევე თითოეული ის მოქალაქე, რომელსაც შიშით თუ სხვადასხვა მიზეზით “ქართუ ბანკის” ანგარიშიდან თანხები გააქვს.
“ბიძინა ივანიშვილის ბანკზე შეტევა და ბანკიდან თანხების გადინება საქართველოში იმ გაუგონარი შიშის სინდრომისა და ბიზნესის დარეკეტების დასტურია, რაზეც უკვე მთელი საქართველო საუბრობს. ჩვენ ხელისუფლების აგრესიის და ზეწოლის საპასუხოდ საზოგადოების წამოწყებულ ინიციატივას გავაგრძელებთ, რაც “ქართუ ბანკში” სიმბოლური ანგარიშის გახსნას ითვალისწინებს.
აღნიშნული აქცია დასტურია იმისა, რომ მეთოდები, რომლითაც ხელისუფლება ბრძოლას აგრძელებს ოპონენტების წინააღმდეგ, აგონიური და განწირულია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს როგორც კერძო ბიზნესი, ასევე თითოეული ის მოქალაქე, რომელსაც შიშით თუ სხვადასხვა მიზეზით “ქართუ ბანკის” ანგარიშიდან თანხები გააქვს”, - აცხადებენ პარტიაში.
ე.წ. ბიზნესომბუდსმენი კი ზედმეტად თავს არ იტვირთავს და “ქართუს” პროცედურების ზედმიწევნით დაცვას ურჩევს. ბანკთან დაკავშირებით გიორგი პერტაია ინფორმაციას მხოლოდ პრესიდან და ტელევიზიიდან ფლობს. “პროცედურულად თუ რაიმე პრობლემა აქვთ მათ უნდა მოგვმართონ, უნდა გავიაროთ ამ პრობლემასთან დაკავშირებული დოკუმენტები და შემდეგ შეიძლება რაიმეს თქმა. ინფორმაცია მაქვს პრესიდან, აქამდე ჩვენთვის არავის მოუმართავს”, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელსაც “ქართუ” არ ეთანხმება, ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკა.
“ძალიან ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს. თუ ვინმე ამას არ ეთანხმება და წინააღმდეგია, შეუძლია პარლამენტს გაუგზავნოს ან ჩვენ მოგვმართოს. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმუშაოთ. თუ საბანკო სფეროში ამის პრობლემაა ამაზე ვიმუშავებთ, მაგრამ ერთი კონკრეტული ბიზნესმენის ლობირებაზე, ან კონკრეტული ბიზნესის დაცვაზე ორიენტირებული არა ვართ, თავად სფეროში თუ არის პრობლემა, ვეცდებით დავეხმაროთ”, - აღნიშნა პერტაიამ.
839
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85