როგორ გახდა ელენა ბატურინა რუსეთის უმდიდრესი ქალი

როგორ გახდა ელენა ბატურინა რუსეთის უმდიდრესი ქალი

ბოლო დროს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე ელენა ბატურინა ყურადღების ცენტრში არიან მოქცეული. რუსეთში კლანური დაპირისპერება დაიწყო და ლუჟკოვს ერთ-ერთ ცოდვად მუღლის ფული გაუხსენეს. ფული კი ბატურინას ბევრი აქვს, მისი ქონება ოფიციალურად 2,9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა, ამბობენ, რომ სინამდვილეში მეტი ქონების პატრონია. იგი ჰოლდინგ „ინტეკოს“ აკონტროლებს და „გაზპრომის“, „როსნეფტის“ და „სბერბანკის“ აქციათა პაკეტებს ფლობს. ბატურინას გამდიდრების ისტორია სხვა არაფერია, თუ არა პოსტსაბჭოური სივრცის მაღალი რანგის ფუნქციონერის ოჯახის მიერ კაპიტალის დაგროვების ამბავი.

 

პლასტმასის დედოფალი

ელენა ბატურინა დაიბადა 1963 წლის 8 მარტს მოსკოვის „ფრეზერის“ ქარხნის მუშების მრავალრიცხოვან ოჯახში. სწორედ ამ ქარხანაში დაიწყო მან მუშაობა სკოლის დამთავრების შემდეგ, პარალელურად კი მართვის ინსტიტუტის საღამოს განყოფილებაში სწავლობდა.

 

1986 წელს საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი კვების საქმის სპეციალისტი ელენა ბატურინა მოსკოვის საქალაქო კომიტეტის სამუშაო კომისიის წევრი გახდა, რომელსაც მასზე 31 წლით უფროსი იური ლუჟკოვი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გაჩაღდა მათ შორის რომანი, რომელიც 1991 წელს, ლუჟკოვის დაქვრივების შემდეგ ქორწინებით დასრულდა. 1992 წელს მათ პირველი გოგონა ალიონა შეეძინათ, 1994 წელს კი მეორე, ოლგა. ლუჟკოვს, როგორც ცნობილია, პირველი ქორწინებიდან კიდევ ორი ვაჟი ჰყავს.

 

ქორწინების შემდეგ დაიწყო ელენას ბიზნეს-კარიერა. დიახ, სწორედ 1991 წელს დარეგისტრირდა მისი კომპანია „ინტეკო“. ცხადია, შემთხვევით არ გამოუყო მას ბანკირმა სმოლენსკიმ 6 მილიონი რუბლის ოდენობის კრედიტი. სხვათა შორის, სმოლენსკი მოგვიანებით მოსკოვის მთავრობის ხაზინადარი გახდა.

 

თავდაპირველად ბატურინა მაღალტექნოლოგიურ სექტორში მოღვაწეობას აპირებდა, მაგრამ საქმე ვერ ააწყო და მისი არჩევანი პლასტმასის ბიზნესზე შეჩერდა. ცხადია, იდეა ქიმიურ, მათ შორის პლასტმასის მრეწველობაში კარგად ჩახედულმა და გამოცდილმა ქმარმა მიაწოდა. ლუჟკოვმა ძველი კავშირები მოხერხებულად გამოიყენა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელს ნულიდან დაეწყო და ქვეყანაში პლასტმასის უმსხვილესი მწარმოებელი გამხდარიყო.

 

ქმრის ჩრდილს მიღმა

ელენას მეუღლე მერი გახდა, თანდათანობით გავლენიანი და ცნობილი პოლიტიკოსის სახელი დაიგდო და ბატურინას ბიზნესიც სულ უფრო გაიფურჩქნა. მარტო ის რად ღირს, რომ მოსკოვის სტადიონებზე სულ „ინტეკოს“ მიერ დამზადებული პლასტმასის სკამები დგას, რომ რესტორნების ქსელი „რუსული ბისტრო“, რომელშიც წილი ლუჟკოვს აქვს, პლასტმასის ერთჯერად თეფშებს სწორედ მერის ცოლის ფირმაში უკვეთავს და რომ ერთჯერადი არყის ჭიქა პირველმა „ინტეკომ“ გამოუშვა.

 

ბატურინას მხოლოდ პლასტმასის ბიზნესი უკვე აღარ აკმაყოფილებდა და მან გადაწყვიტა ხელი მშენებლობისათვის მოეკიდა. ამისათვის საჭირო 1,2 მილიარდი რუბლის ოდენობის კრედიტის მიღება მერის მეუღლეს, ცხადია, არ გასჭირვებია. ჰოდა, „ინტეკო“ თანდათანობით ძლიერ სამშენებლო კომპანიად ჩამოყალიბდა, რომლის აქციების 99 პროცენტი სწორედ ელენას, 1 პროცენტი კი მის ძმას იგორს ეკუთვნის.

 

გასული საუკუნის ბოლოს „ინტეკო“ 8,8 მილიარდი რუბლის წლიური ბრუნვის მქონე კომპანიად იქცა, რომელსაც 130 მილიონი რუბლის ოდენობის სუფთა მოგება მოჰქოდა. თავად ელენას ანაზღაურება თვიური 5 მილიონი რუბლი (დაახლოებით 155 ათასი დოლარი) გახლდათ. ამოდენა ხელფასს იმ პერიოში მხოლოდ ისეთი მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერები იღებდნენ, როგორებიც გახლდათ „იუკოსი“ და „ლუკოილი“.

 

ბატურინას ბიზნესი გამუდმებით იზრდებოდა და პირველად მილიარდერთა სიაში იგი 2004 წლის მაისში მოხვდა, როცა მისი ქონება 1,1 მილიარდ დოლარად შეაფასეს. როგორც ხედავთ, მას შემდეგ მისი კაპიტალი გვარიანად გაიზარდა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები „ინტეკოს“ დაგროვილი კრედიტების გამო არცთუ კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ყოვლისშემძლე მერისათვის მსგავსი წვრილმანები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, ბატურინა უკვე ბიზნნესის სხვა სფეროებსაც გადაწვდა და „სბერბანკის“, „გაზპრომის“ და „როსნეფტის“ აქციები შეიძინა.

 

მამაცი მხედარი

აღსანიშნავია, რომ ელენა ბატურინა არასოდეს გახლდათ განსაკუთრებული გარეგნობით და ჩაცმულობით გამორჩეული ქალი. იგი უპიტარესობას ყოველთვის ბიზნეს-ლედის მკაცრ იმიჯს ანიჭებდა. საშინლად არ უყვარს სამკაულები, თითქმის არ ხმარობს კოსმეტიკას და ცოტა არ იყოს, უხეშად გამოიყურება. კაცმა რომ თქვას, არის კიდეც.

 

მოსკოვის მერის ოჯახი რომ ცხენებითაა გატაცებული, სწორედ ელენას დამსახურებაა. 13-იოდე წლის წინ მან ცხენი პირველად გააჭენა და დღეს რუსეთის საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტია. ბატურინამ ჩაუყარა საფუძველი „მერის თასის“ გათამაშებას ცხენოსნობაში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოსკოვის დღეს იმართება. დღეს რუსეთში ყველამ იცის, რომ თუ სურს დედაქალაქის მერის ოჯახს ასიამოვნოს, ცხენი უნდა აჩუქოს. ამგვარად, როგორც ამბობენ, ელენამ მშვენიერი საკუთარი საჯინიბო ისე შექმნა, რომ განსაკუთრებული თანხები არ დაუხარჯავს.

 

ბატურინას კიდევ ერთი გატაცება ჩოგბურთია. როგორც წესი, მოსკოვის მერი და მისი მეუღლე თავისუფალ დროს ჩოგბურთს თამაშობს. როგორც ელენა ამბობს, „იური უკეთ ბადესთან თამაშობს, მე კი უკანა ხაზზე“. მისი ეს გამონათქვამი ბევრმა ქვეტექსტით დატვირთულ ქარაგმად ჩათვალა, მოსკოვის მერის ოჯახური ბიზნესის მთავარ მამოძრავებელ ძალად ხომ ყველა ლუჟკოვს თვლის, ბატურინას კი უბრალოდ ოჯახის ხაზინადრად.