რამდენიმე დღის წინ, “ახალი მემარჯვენეების” გენერალურმა მდივანმა პოსტი დატოვა. “ახლების” თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე, დავით გამყრელიძემ, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის შემდეგ, დავით საგანელიძეს “თანადგომისა და ერთგულებისთვის” მადლობა გადაუხადა. მართალია, საგანელიძე პარტიაში რჩება, მაგრამ ამის შესახებ გამყრელიძემ სხვისგან, უფრო სწორად, საგანელიძის ინტერვიუდან შეიტყო... მართლა “აზრთა სხვადასხვაობამ” აიძულა დავით საგანელიძე, იმ საპასუხისმგებლო პოსტზე ეთქვა უარი, რომელიც 10 წელი ეკავა თუ, როგორც ამბობენ, ეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა განაპირობა? “ქართული სიტყვა” დავით საგანელიძეს ესაუბრა.
ბატონო დავით, რატომ დატოვეთ გენერალური მდივნის პოსტი?
– რატომღაც ამაზე ახლა ატყდა აჟიოტაჟი, არადა, ერთი თვის წინ დავწერე განცხადება და წავედი მთავარი კომიტეტიდან. პარტია არ დამიტოვებია. საერთოდ, პარტიაში მუდმივადაა მსჯელობა სხვადასხვა თემაზე... იყო სერიოზული სტრატეგიული საკითხები, რომლებზეც თანაგუნდელებს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა.
მაინც, რა საკითხებზე ვერ შეთანხმდით?
– რა საკითხები, რა და როგორ იყო, ეს შიდა სამზარეულოა, რომლის გარეთ გამოტანას გამოტანასა და ამ თემებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. ერთი კი ფაქტია: როცა განცხადება პარტიის სახელზე კეთდება, ამას ხელს აწერს პარტიის მთავარი კომიტეტი და, პირველ რიგში, გენერალური მდივანი. ხოლო როდესაც განსხვავებული აზრია, შეუძლებელია თქვა, მართალია, ეს განცხადება კეთდება, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობო.
დავით გამყრელიძე როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას? ალბათ, არ ესიამოვნა...
– მე და დათო უახლოესი მეგობრები ვართ და ვისაუბრეთ – რა, რატომ და როგორ... საჭიროდ ჩავთვალე და დათოს ვუთხარი, რადგან ასეთი აზრთა სხვადასხვაობაა, ბუნებრივია, სერიოზულ დისკომფორტს ვუქმნი მთავარ კომიტეტს, როგორც პარტიაში გადაწყვეტილების მიმღებ უმნიშვნელოვანეს ორგანოს და პარტიას რომ მეტი თავისუფლება ჰქონდეს, უპრიანი იქნება, თუ უფლებამოსილებას მოვიხსნი-მეთქი.
თქვენი გადაწყვეტილება გარეშე თვალმა გუნდთან დაპირისპირებად აღიქვა და ისიც ითქვა, რომ თქვენი შემდგომი ნაბიჯი პარტიის დატოვება იქნება...
– არა, ამას ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა სხვა დროსაც გვქონდა. 10 წელია, ერთად მოვდივართ და ეს ბუნებრივია, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით აზრთა შეჯერებას. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდი გაივლის და გამოჩნდება, რომ ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა – როგორი მეგობრებიც ვართ, ასევე ვრჩებით. უბრალოდ, პასუხისმგებლობა მოვიხსენი გადაწყვეტილებებზე. დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდში ისევ მოხდება ჩვენი მოსაზრებების შეჯერება და მეტს გავაკეთებთ ამ ქვეყნისთვის.
ჩვენს პარტიას, მართლაც, სერიოზული როლი და ფუნქცია ჰქონდა და მომავალშიც ასე იქნება. “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი შემქნელი ვარ. გახსოვთ, ალბათ, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პარლამენტში პირველები, ვინც უმრავლესობა დატოვა, ჩვენ ვიყავით. მაშინ შევქმენით ახალი ფრაქცია და მერე, ამ ფრაქციის ბაზაზე, ათმა კაცმა პოლიტიკური პარტია ჩამოვაყალიბეთ. იმ დღიდან ვარ პარტიის გენერალური მდივანი. ასე რომ, ბუნებრივია, ეს პარტია ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ნამდვილად არ ვაპირებ პარტიიდან პარტიაში გადახტომა-გადმოხტომას. ჩვენ ბევრ რამეს გვიკიჟინებდნენ, ბევრ რამეში გვამტყუნებდნენ, მაგრამ ნამდვილად ვამაყობ, რომ ამ პარტიის გენერალური მდივანი ვიყავი.
“ახლებს” მუდმივად ხელისუფლების სატელიტებადაც მოგიაზრებდნენ... პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმაც „ფსევდოოპოზიცია“ გიწოდათ და განაცხადა, რომ თქვენთან არ ითანამშრომლებს. ასეთი ბრალდებები რა განწყობაზე გაყენებთ?
– კარგ განწყობაზე, რა თქმა უნდა, არ ვდგები. ჩვენი პარტია ყოველთვის გამოირჩევა ერთი რამით – ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ. “ახლებს” ჰყავს ბევრი ოპონენტი, ჰყავს ბევრი კონკურენტი და, პირველ რიგში, ხელისუფლება, რომელსაც აქვს იმის საშუალება, რომ ჭორები დაყაროს, მედია ისე ამუშაოს, როგორც გაუხარდება და რაღაც ისეთი თემები შემოაგდოს, რომელთაც ადვილად აიტაცებს ჯერ შენი კონკურენტი პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგს მართლა ვაი ოპოზიცია ჰქვია, ზოგსაც – გაუგებარია, რა ჰქვია და, შესაბამისად, რაც მოადგებათ ენაზე, იმას ილაპარაკებენ. ახლა, შენ გამოხვიდე და თავის მართლება დაიწყო, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს.
კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება... იქნებ, ამ ზმების საფუძველი პარტიის სტრატეგიული შეცდომებია?
– ჩვენი გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები, ალბათ, არასწორი იყო... იყო შეცდომები, რამაც მავანთ მისცა საბაბი, რომ მსგავსი ჭორები აეგორებინათ. ალბათ, შენი გადაწყვეტილებით არ უნდა მისცე იმის საფუძველი, რომ ჭორი ააგორონ. ჭორის აგორებას არაფერი სჭირდება. ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ ყოველთვის აგიგოროს ნებისმიერი ჭორი... ჩემი აზრით, ალბათ, იყო გარკვეული შეცდომები და ამ შეცდომებმა გააჩინა საბაბი, რომ რაღაც მოეგონებინათ – პარტიას დააბრალეს ძალიან ბევრი რამ. ვიმეორებ, შესაძლოა, ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და არასწორი ნაბიჯები გადავდგით. 10 წლის განმავლობაში შეუძლებელია, ისეთ ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციაში, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, არ დაგეშვა შეცდომები. მთავარია, შეცდომები აღიარო.
თუ აღიარებაა მთავარი, მაშინ აღიარეთ, მაინც, რა სტრატეგიული შეცდომები დაუშვით „ახლებმა“?
– ჩემი აზრით, აუცილებელი არაა, გამოხვიდე და საჯაროდ აღიარო შეცდომები. მთავარია, შენში აღიარო. ჩვენ შიგნით ვსაუბრობთ... იყო თემები, რომლებზეც ვამბობდი, რომ ეს იყო შეცდომა, გარკვეულ ჯგუფს კი მიაჩნდა, რომ პირიქით, ასეთი პოზიცია მართალია. ეს როგორი საუბარი გამოდის, იცით? – ადამიანი გამოდიხარ და ოჯახზე საჯაროდ საუბრობ. რა მნიშვნელობა აქვს, რაზე გვქონდა უთანხმოება?
სტრატეგიულ შეცდომად არ მიგაჩნიათ, რომ „რვიანი“ თქვენი და ქდმ-ს ძალისხმევით დაიშალა და ამის პასუხად „მილიონად გაყიდულების“ იარლიყი მოგაკერეს? მაშინაც არ ემთხვეოდა თქვენი მოსაზრება პარტიის პოზიციას?
– ამ შეკითხვას სხვა ფორმით მისვამთ, რომ პასუხი გამომტყუოთ, მაგრამ არც ერთ საკითხსა და თემაზე კონკრეტულად არ ვსაუბრობ. არ ვუბრუნდები იმას, რა იყო პარტიის ისტორიაში, რა მომეწონა და რა – არა და ამიტომ, თქვენის ნებართვით, ასეთ შეკითხვებზე არ გიპასუხებთ.
ნება თქვენია, მაგრამ იმაზე მაინც გამეცით პასუხი, მართებულად მიგაჩნიათ თუ არა “ახლების” ბიძინა ივანიშვილთან ღიად დაპირისპირება?
– „ახლებმა“, ელემენტარულად, გამოხატეს აზრი რაღაც სადემარკაციო ხაზის გავლებაზე პოლიტიკურ პარტიებსა თუ საზოგადოებას შორის. ეს სწორი არაა იმიტომ, რომ თუ ერთიანობის მიღწევა გვინდა, ამას სხვა მეთოდები სჭირდება. მეორეს მხრივ, მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული იყო, როცა წავიკითხე ბატონი ბიძინას მოსაზრება „ახალ მემარჯვენეებზე“ და ჩვენი პოლიტიკური პარტია უცბად, რატომღაც, „ფსევდოოპოზიციონერთა” რიგში აღმოჩნდა, თუმცაღა ეს შეიძლება, იმის შედეგიც იყო, რომ ამას წინ უსწრებდა პარტიის ერთი-ორი წევრის განცხადება, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გავერთიანდებით და ჩვენ ჩვენი გზით ვივლითო. ეს განცხადება ქუთაისში გავაკეთეთ. მაშინ ბატონი ბიძინას ჯერ არ ჰქონდა განაცხადი გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. სამწუხაროდ, ალიანსებმა და გაერთიანებებმა ჩვენ არანაირი შედეგი არ მოგვცა, ეს ყველაფერი ტაშისკვრით დამთავრდა, რამაც საზოგადოებაში იმედის გაცრუება და ნიჰილიზმი მოიტანა.
ივანიშვილმა ისიც თქვა, დასაკარგი რესურსი არ გვყავს და ნებისმიერი პარტიის წევრთან ვითანამშრომლებ, ვინც თავისი წარსულის რევიზიას მოახდენსო...
– მის შემდგომ განცხადებებსა და ინტერვიუებში ჩანდა, რომ სადემარკაციო ხაზს, მართლაც, არ ავლებს... აქ გაერთიანებაზე არაა საუბარი, რამაც ბევრად უფრო რეალური სურათი დამიხატა და მივხვდი, რომ მისი მხრიდან ეს ბევრად უფრო სწორი პოზიციაა.
“მემარჯვენეების” მხრიდან ცოტა საკვირველი იყო ბიძინა ივანიშვილის, როგორც მდიდარი ადამიანის ძაგება, მით უმეტეს, რომ თქვენც და დავით გამყრელიძეც ბიზნესიდან მოდიხართ. “მემარჯვენეები” რომ ბიზნესმენთა ინტერესებს უნდა იცავდნენ, დაგავიწყდათ?
– არასწორად ავლებთ ხაზს. “ახალი მემარჯვენეები” ის მიმართულებაა პოლიტიკაში, რომელიც ყველაზე მეტად, ბუნებრივია, მდიდრებისა და ბიზნესმენების ინტერესებს იცავს. ჩემი აზრით, მემარჯვენე პოლიტიკური ძალები დიახ, ისეთი პიროვნებას უნდა ეყრდნობდონენ, როგორიც ბატონი ბიძინა და სხვა მეწარმეები თუ ბიზნესმენები არიან.
„ახლებმა” მალევე შეცვალეთ პოზიცია და ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, არ გამოვრიცხავთ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობასო, ანუ მიხვდით, რომ დასაყრდენ ძალასთან დაპირისპირება თქვენთვის წამგებიანია?
– თანამშრომლობა თანამშრომლობაა და მოდით, ფიქრიას განცხადებებზე მე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს.
ის თქვენი თანაპარტიელია და ახმოვანებს პარტიის პოზიციას, ასე არაა?
– უკვე გითხარით, კომენტარებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო დავტოვე ჩემი პოსტი-მეთქი. რაც შეეხება ამ განცხადებას, ფიქრიას აბსოლუტურად ვეთანხმები იმიტომ, რომ ერთია გაერთიანება, ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება და მეორეა – თანამშრომლობა. ჩვენ ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ არც ხელისუფლებასთან დიალოგზე ვთქვით უარი, როცა საუბარი იყო იმავე საარჩევნო კოდექსზე “რვიანის” ფორმატში თუ მის გარეშე იმიტომ, რომ რაღაც შეიცვალოს. თუ შენ საარჩევნო კოდექსის შეცვლა გინდა, ცალსახაა, თუ ეს ხელისუფლებამ არ შეცვალა, სხვა ვერავინ შეცვლის. რევოლუციას კი, ჩვენ ხელს არ ვაწერთ. ასე რომ, რაც ეხება საუბარს თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ვისთან უნდა ითანამშრომლო, თუ არა იგივე ოპოზიციურ ძალებთან და, მათ შორის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოძრაობასთან.
შეიტყო რა, საზოგადოებამ პოსტიდან თქვენი გადადგომის შესახებ, გაჩნდა ვერსია, დათო საგანელიძე ბიძინა ივანიშვილთან მიდისო. რამეს ხომ არ გვიმალავთ, ბატონო დავით?
– ვიცოდი, გახდებოდა თუ არა საჯარო ჩემი ეს განცხადება, პირველი ამას იფიქრებდნენ, მაგრამ ისევ ვამბობ, რომ არავისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ. ვხვდები ხელისუფლების წარმომადგენლებსაც იმიტომ, რომ საკრებულოს წევრი ვარ და, ბუნებრივია, მათთან მიწევს საუბარი, მსჯელობაც და კამათიც. სიამოვნებით შევძლებ ბატონ ბიძინასთან საუბარს და მსჯელობას გარკვეული საკითხების ირგვლივ, თუ ამის საშუალება მომეცემა. პატივს ვცემ ამ ადამიანს თავისი განვლილი ცხოვრებისა და პოზიციების გამო, ის ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა... რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალს, არ ვაპირებ იმ პარტიის მიტოვებას, რომელიც ამდენი წელია, ჩემთვის მეორე ოჯახია.
თქვენი არ იყოს, მეც მომწონს გამოთქმა – “არასოდეს თქვა არასოდეს”...
– კი, არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს! არ ვიცი, ივანიშვილის მოძრაობას რა ფორმა და რა ძირითადი მიზნები აქვს, ვინ იქნებიან ამ მოძრაობაში, როგორი იქნება მასში საზოგადოების შერწყმა და ა.შ. და მოდით, რაც არავინ ვიცით, მკითხაობას ნუ დავიწყებთ. არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს, თქვენც გირჩევთ, ასეთი პოზიცია გქონდეთ იმიტომ, რომ ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე. როცა რაღაცას კატეგორიულად იტყვი და უცებ აღმოჩნდება, რომ სხვანაირად იქცევი, მაშინ ვარდები ყველაზე მძიმე სიტუაციაში, ასე რომ... საუბრის დასასრულ, ყველა რეალურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის სასიკეთოდ გაწეულ შრომაში.