ლადო პაპავა -

ლადო პაპავა - "ივანიშვილს ეს დახმარებები პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხომ არ დაუწყია..."



"რასმუსენმა თქვა, რომ გატარებული რეფორმები შედეგიანია. ითქვა ისიც, რომ მომავალ არჩევნებში საქართველოს დიდი გამოცდა ელის. მართალია ის ფრაზაც, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად ევროატლანტიკური სივრცის წევრია, მაგრამ გახდება თუ არა ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის - ნატოს მომავალზე, მის ხედვასა და საქართველოში პროცესების წარმართვაზე. ნატოს კარი საქართველოსთვის არ დახურულა. რასმუსენისა და მისი კოლეგების ვიზიტი საქართველოში ძალზე მნიშვნელოვანი იყო, - ნატომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მხარდაჭერა, მაგრამ თუ ობიექტური ვიქნებით, ჩვენი ნატოს წევრობა საკმაოდ შორეული მომავლის საქმეა", - აცხადებს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ტერიტორიული პრობლემების მქონე წევრი ნატოში არავის უნდა" / "ივანიშვილს ეს დახმარებები პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხომ არ დაუწყია".

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორი დემოკრატიული რეფორმებიც უნდა გავატაროთ, როგორი სამართლიანი არჩევნებიც უნდა გაიმართოს, ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა - როცა რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათი დამოუკიდებლობა აღიარებულია, ასეთი არჩევანი გვაქვს: ან ჩვენც უნდა ვაღიაროთY აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, გავავლოთ იქ საზღვარი და შევათანხმოთ ყველა ჩვენს მეზობელთან. ხოლო თუ ამ გზას არ ავირჩევთ, ნატოს სულაც არ ენდომება ისეთი წევრი, რომელსაც მეზობელთან ტერიტორიული პრობლემა აქვს - ეს თვითონ ნატოს უქმნის საფრთხეს საომარ მოქმედებაში ჩართვის თვალსაზრისით. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი - სააკაშვილი თუ სხვა, პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიღება არათუ შეუძლებელი, გაუმართლებელიცაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნატოს წევრობა უახლოეს პერსპექტივაში, ალბათ, არა მარტო მე, რეალურად ნამდვილად არ მესახება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

"რუსეთის მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყველას, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ასევე ევროკავშირის ინტერესს პასუხობდა. აქედან გამომდინარე, საქართველო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო - ჩვენი ხისტი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შექმნიდა სირთულეებს სწორედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა დაეცვა თავისი პოზიცია, ეროვნული ინტერესებიც და ეს საკმაოდ რთული იქნებოდა. საერთაშორისო მონიტორები დგანან საზღვარზე დნესტრისპირეთშიც. ეს იგივე სქემაა. დნესტრისპირეთი კი არავის უღიარებია. ამიტომ ამ სქემის გამოყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ნიშნავს, რომ პრაქტიკულად რუსეთი დათანხმდა ისეთივე მოდელზე, რა მოდელიც აუღიარებელ დნესტრისპირეთშია. ამით რუსეთმა დააკნინა მის მიერვე აღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამას ისიც ცხადყოფს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკმაოდ კრიტიკულად შეხვდნენ მოსკოვის გადაწყვეტილებას. თუ საღი გონებით განვსჯით, ამაზე უკეთესი ვარიანტი ქართულ მხარეს არ ჰქონდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"... საპენსიო ზღვრად 67 წლის დაწესება აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის. ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომც არ გამოჩენილიყო, მთავრობა წინასაარჩევნო მარათონში მაინც მიმართავდა პოპულიზმს, რაც ყოველთვის სჩვეოდა. იმავდროულად, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყოფნის პროფესიონალიზმი - რატომ დაწესდა პენსიის გაზრდის ზღვრად 67 წელი? რატომ 67 და არა 65, მამაკაცის საპენსიო ასაკი?... საპენსიო ასაკს, რა თქმა უნდა, ზემოთ ვერ ასწევენ, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ეს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, მაგრამ პენსიები 1-ელი სექტემბრიდან რომ გაიზრდება, ამის გაცხადება ათი თვით ადრე რა საჭირო იყო? ღმერთმა ნუ ქნას და, განცხადება, ათი თვის შემდეგ პენსიას გავზრდიო, მომავალი ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით დიდი რისკსაც შეიცავს", - აცხადებს ლადო პაპავა და შეკითხვას - "ქართულ მედიაში ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ დანიშნული ყოველთვიური შემწეობის სია გამოქვეყნდა. ერთნი თვლიან, რომ ივანიშვილი სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებდა, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ სჯობდა, ეს თანხები სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის მიეცა...", - პასუხობს:

"ცნობისთვის უნდა გითხრათ, რომ მე თვითონ ვიღებ 500 ლარს, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ქველმოქმედება მდიდარი ხალხისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც ივანიშვილია გამონაკლისი. მან საფუძვლად აიღო კრიტერიუმი - მიღწევები კულტურაში, მეცნიერებასა და სპორტში. ხალხის ერთ კატეგორიას, რომელსაც აქვს დამსახურება ამ სამ ძირითად სფეროში, ამ ფონდმა გრანტი მისცა. თუკი ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, ამ ხალხის საქმიანობა სათანადოდ დაფასდება, მას დახმარება აღარ დასჭირდება. თუმცა, მაინც დარჩება კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც გრანტი მაინც დასჭირდებათ. სანამ რამეს ვიტყვით, ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი საზოგადოების გამორჩეული ნაწილი, უწინარეს ყოვლისა, მეცნიერები, შემდეგ კი ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, პრაქტიკულად, ჩარეცხა. ნუ დაგვავიწყდება, რა დარტყმა მიაყენა ქართულ მეცნიერებას "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მოსულმა მთავრობამ, როდესაც არაერთი სამეცნიერო დაწესებულება გააუქმა. შორს რომ არ წავიდეთ, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ინსტიტუტები, რომლებიც სულ ახლახან დახურა ილიას უნივერსიტეტმა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მეცენატი ყველა სფეროს გასწვდეს, ამიტომ მან შეარჩია მეტ-ნაკლებად დამსახურებული მოღვაწეები.

"ბიძინა ივანიშვილის პირადი საქმეა, ვის დაეხმარება და ვის არა. რაც შეეხება პოლიტიკასთან ამის მიბმას, ბატონ ბიძინასთან შეხვედრაზე ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა საუბარი. როგორც მან თქვა, არანაირი კავშირი ამ საგრანტო დახმარებას მის პოლიტიკასთან არა აქვს. მეტიც, ეს პოლიტიკასთან იქნებოდა დაკავშირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გრანტებისა და დახმარებების გაცემას პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაიწყებდა. ზოგი პროექტი 2003 წელს არის დაწყებული, ზოგი - 2006 წელს. მისი აზრია, რომ "ქართუს" ფონდი, ისევე როგორც ბანკი, პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს. სამწუხაროა, რომ მასმედიის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა ხსენებული გრანტების შესახებ არაჯანსაღი აურზაური ატეხეს, რითაც ნებსით თუ უნებლიეთ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე დაასხეს წყალი! აი ამის შესახებ წერდა ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ განცხადებაში, რომელიც 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა" - დასძენს ლადო პაპავა.