საქართველოს მთავრობამ თავისი უტოპიური გეგმებით ყველას თავი მოაბეზრა. განსაკუთრებით შემაწუხებელია მათი ყოველდღიური განცხადებები ჰიბრიდული სიმინდისა და ხორბლის მოსავალიანობის შესახებ.
მთავრობა 2015 წლისთვის საექსპორტოდ 200 000 ტონამდე სიმინდის გატანას აპირებს. ეს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმ პუნქტშია გათვალისწინებული, სადაც საბიუჯეტო ორგანიზაციების მომავალი 3 წლის პრიორეტეტებია ჩამოთვლილი.
ამავე პუნქტით, ხორბალზე არსებული მოთხოვნის 50 პროცენტის ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილებაა დაგეგმილი. “ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი იქნება სანერგე მეურნეობების და სადემონსტრაციო - სასწავლო ცენტრების შექმნა ყველა რაიონში, სადაც მაღალმოსავლიანი, მაღალეფექტური ჯიშები იქნება წარმოდგენილი და თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული”, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმებში. სამინისტრო 2015 წლისთვის ღვინის ექსპორტის ღირებულების გაორმაგებასა და წარმოების 50 პროცენტით გაზრდასაც აპირებს.
ჰიბრიდულ სიმინდთან დაკავშირებით რა ამბებიც დაატრიალა მთავრობამ, ყველას კარგად მოეხსენება. სწორედ ჰიბრიდულ ექსპერიმენტს გადაჰყვა სოფლის მეურნობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი. როგორც ჩანს, “ახალმა ცოცხმა” ზაზა გოროზიამ ჯერჯერობით ვერ გაითავისა წინამორბედს შეცდომები და კვლავ ჰიბირიდული სიმინდის არარეალურ გეგმას “აწვება”.
არადა, საქართველომ რომ ექსპორტზე 200 000 ტონა სიმინდი გაიტანოს, ამისათვის მინიმუმ 600 000 ტონა მოსავალი უნდა მიიღოს. ეს იმიტომ, რომ 400 000 ტონა სიმინდი ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის არის საჭირო. ასეთი მოსავალი კი ბოლო 20 წელიწადია საქართველოში არ მოსულა. თანაც ბოლო წლებში კატასტროფულად იკლებს სასოფლო-სამეურნეო ნათესებისთვის განკუთვნილი ფართობების დამუშავება. 2 ათელი წლის წინათ ქვეყანაში 800 000 ჰა სავარგული მუშავდებოდა, დღესდღეობით 300 000 ჰექტრის დამუშავებაც ვეღარ ხერხდება.
ასე რომ, 200 000 ტონის ექსპორტი უფრო უტოპიის სფეროს მიეკუთვნება, ვიდრე რეალობას. თანაც ჩვენი ხელისუფლება იმ ფასად აპირებს სიმინდის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვას, რომ ბირჟის მაკლერებს თვალები შუბლზე აქვთ განლაგებული. ამ დროისთვის საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა სიმინდი 240-245 დოლარს ფარგლებში ღირს. ექსპერტები ისეთ სასწაულს არ ელიან, რომ სიმინდის საერთაშორისო ფასი თითქმის გაორმაგდეს. არადა, მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის დირექტორის დავით ლობჟანიძის ინფორმაციით საქართველო 1 ტონა სიმინდის გაყიდვას 400 დოლარად აპირებს.
“სასინჯად 20-20 ტონა სიმინდი ექსპორტზე უკვე გავიდა, ნოემბრის შუა რიცხვებში ფასის აწევას ველოდებით და 7 ათასი ტონა სიმინდი ირანში გადაიგზავნება. ვფიქრობთ, რომ 1 ტონა სიმინდს 400 დოლარში გავყიდით”, - აღნიშნა ლობჟანიძემ.
ექსპერტები ასეთი პროგნოზებს არასერიოზულს უწოდებენ. “არ ვიცი ირანელი იმპორტიორები როგორ მოიხიბლნენ ისე, რომ საქართველოში მოყვანილ ამერიკულ სიმინდში 400 დოლარს გადაიხდიან. როგორც ჩანს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეალობას ასცდნენ და 400-დოლარიანი ფასი მხოლოდ მათი სურვილია.
სიმართლე გითხრათ, არც ის მჯერა, რომ საქართველოში 400 ათასი ტონა სიმინდი მოვიდა. ამ რაოდენობის მოსავალი მაშინ მოვიდოდა, თუ იმპორტირებული სიმინდის პროგრამა გაამართლებდა, ჩვენ კი კარგად დავინახეთ, რომ ეს პროგრამა, ერთი რაიონის გარდა, ყველგან ჩავარდა. ნებისმიერი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა მიეჩვიოს სიმართლის თქმას, ისე მოსახლეობაში მათი ნდობა ნული იქნება”, - ამბობს ექსპერტი ზვიად კანდელაკი.
ჯერჯერობით უამინდობის გამო, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში სიმინდის მოსავლის 40% ჯერ კიდევ ასაღებია. ლოგისტიკის კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოში 1 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდი 0,50-0,55 ლარი ღირს და სავარაუდოდ 3-4 თვეში მისი ფასი 0,90-1 ლარამდე მოიმატებს.
984
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85