ემა ტუხიაშვილი, "კვირის პალიტრა"
ნანი ბრეგვაძე - 5000 ლარი, ვახტანგ კიკაბიძე - 5000 ლარი, ჭაბუა ამირეჯიბი - 5000 ლარი. გია ყანჩელი, ელდარ შენგელაია, რეზო ჩხეიძე, რევაზ გაბრიაძე - ასევე ხუთ-ხუთი ათასი ლარი. თვეში 4000 ლარს იღებდნენ მსახიობები გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი. სამ-სამი ათასი ლარი ყოველთვე რობერტ სტურუას, ჯანსუღ ჩარკვიანის, გიორგი შენგელაიას, თამაზ ჭილაძისა და ჯემალ ჭკუასელის სახელზე ირიცხებოდა. ორ-ორი ათასი ლარით ფინანსდებოდნენ მსახიობები: მარინა კახიანი, მარი ჯანაშია, მურმან ჯინორია, სოსო ლაღიძე, ნანა ფაჩუაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე... ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, ვინც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ყოველთვე განსაზღვრულ თანხას იღებდა.
სია საკმაოდ მრავალრიცხოვანია: ხელოვანები, მეცნიერები, სპორტსმენები და რიგითი ადამიანები. ფინანსური დახმარების ოდენობაც სხვადასხვაგვარია, ზოგს თვეში რამდენიმე ათასი ლარი ერგებოდა, ზოგსაც მხოლოდ რამდენიმე ათეული.
გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:
- ფაქტია, რომ ეს ადამიანი საქართველოში არა ეკონომიკურ საქმიანობას, არამედ ქველმოქმედებას ეწეოდა. მან გადაწყვიტა სხვაგან ეშოვა ფული და თავის ქვეყანაში ძირითადად ქველმოქმედებაში დაეხარჯა. ის აფინანსებდა ხელოვნებისა და მეცნიერებს, თუ არ ჩავთვლით მის ღვაწლს სხვა საქმეშიც. რაც შეეხება ამ სიებს, ზოგს შეიძლება კითხვაც გაუჩნდა: ამას რატომ ამდენი და იმას იმდენიო? ვფიქრობ, ასეთი კითხვა მართებული არ არის. შესაძლოა, ვიღაცას არ მოეწონოს, რატომ უხდიდა ზოგს მეტს, ზოგსაც ნაკლებს, მაგრამ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი იჯდა და პირადად ანაწილებდა თანხებს. ამისთვის არსებობდა, ალბათ, პირთა ჯგუფი, ე.წ. სამეურვეო საბჭო. ივანიშვილის საქმიანობიდან გამომდინარე, შეუძლებელიც იქნებოდა სხვაგვარად მოგვარებულიყო ეს ყველაფერი.
სიების დეტალურად გაანალიზება ძალიან გაართულებს საქმეს, თუმცა, ძალიან ბევრ პირზე, ვინც დაფინანსებას იღებდა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან, პირადად მე სხვა პრიორიტეტები მექნებოდა. იმ სიაში ისეთებიც არიან, ვინც არც საჭიროებდა ამ დაფინანსებას. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რა იდგა ამ დახმარების უკან, რა თხოვნა. ზოგჯერ სამწუხაროდ ისინი, ვინც არ საჭიროებენ დახმარებას, უფრო დაჟინებით ითხოვს ამას და სხვადასხვა ტყუილ-მართალით ფუთავენ მოთხოვნებს. ამის უამრავი ფაქტი არსებობს. თუმცა, კონკრეტული თანხის უკან შესაძლოა დგას რაღაც ფორსმაჟორული ვითარება, ავადმყოფობა ან სხვა მიზეზი. მხოლოდ სიის მიხედვით მსჯელობა ძალიან რთულია. საზოგადოდ, დახმარების სამართლიანად განაწილებაც ურთულესი საქმეა. თუ ვინმემ დახმარება უსამართლოდ მიიღო, მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე სხვამ, ეს მის სინდისზე იყოს. მოდი, მივიჩნიოთ ეს ტექნიკურ ხარვეზად, რომელიც სამეურვეო საბჭომ დაუშვა.
ის, რომ ბუბა კიკაბიძეს ასეთი ტიპის ფინანსური დახმარების საჭიროება არა აქვს, ცხადზე ცხადია. მის ადგილას საერთოდ არ მივიღებდი ამ დახმარებას. თუ კაცს მეტ-ნაკლებად ნორმალური შემოსავალი აქვს, საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი არ უნდა იყოს. ეს მისი ღირსებისა და ზნეობის საკითხია უფროა, ვიდრე ფონდის სამართლიანად მუშაობის პრობლემა. როდესაც ადამიანი ხელმძღვანელობს ზოგადი პრინციპით, რომ ყველას აძლევს, ვინც ითხოვს, ამის გამო ხომ ვერ გავამტყუნებთ? მას უზარმაზარი თანხები აქვს სხვადასხვა პროექტში დახარჯული.
- საზოგადოების დამოკიდებულება მაინც არაერთგვაროვანია. ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე წავიკითხე, რომ ამ პირებს "ივანიშვილის სტიპენდიატებიც" უწოდეს.
- იცით, ყველაზე საინტერესო რა არის? ამ პირთა დიდი ნაწილი, ვისაც ყველაზე მეტად ეხმარებოდა ივანიშვილი, ახლა ჩუმად სხედან სახლში. მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა თავხედურად ანგარიშებიც კი გაიტანეს "ქართუ ბანკიდან", მაშინ როდესაც დღემდე ივანიშვილის "სტიპენდიას" იღებენ. იმის შიშით, ჩვენს დანაზოგს არაფერი დაემუქროსო, ფული გაიტანეს მაშინ, როდესაც საქართველოს უპოვარი მოსახლეობა რიგში დგას, რომ ანგარიში გახსნან "ქართუ ბანკში" ივანიშვილის მხარდასაჭერად. ასე რომ, სიაში ბევრი მოსარგებლე პირია და ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ ზნეობრივ კატეგორიებს. ნამდვილი ქველმოქმედი კი შურს არ იძიებს. ეს ბიძინა ივანიშვილის სიკეთეზე მეტყველებს, ყველაფრის მიუხედავად, არ ბრაზდება მათზე და ქველმოქმედებას აგრძელებს. შესაძლოა გულიც წყდება, მაგრამ ნაკისრ ვალდებულებაზე მაინც არ ამბობს უარს.
- ამ სიებში არიან პირები, ვისაც მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური პოზიცია აქვთ, მათ შორის - პარლამენტის წევრი გიორგი ასანიძე. ივანიშვილისგან დახმარებას იღებდა გიგა ბოკერიას დედა ნანა ალექსანდრია.
- გიორგი ასანიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფულს იღებდა, ხვალ შესაძლოა ვიხილოთ ტელეეთერში და საზოგადოებას აუწყოს, თუ როგორ იშოვა ივანიშვილმა რუსული "ჭუჭყიანი ფული" და პუტინის ბანაკშიც მოიხსენიოს. მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში გემრიელად იყენებდა მის ფულს.
- ამ სიაში არიან უცნობი პირებიც, ვინც ბევრად მოკრძალებულ დახმარებას იღებდა, ხშირ შემთხვევაში, 50 ლარს.
- შესაძლოა ეს ერთჯერადი დახმარებაა. ყველა ამ თანხის უკან არის კონკრეტული ბედი, ადამიანის კონკრეტული ისტორია.
ინტერნეტსივრცეში ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტების კიდევ ერთი ნუსხა გამოჩნდა, სადაც ბევრი ისეთია, რომელსაც ხელისუფლება თავისად იჩემებდა. მათ შორის ქობულეთის გასართობი ცენტრი "ციცინათელა", სიღნაღის რეაბილიტაცია, საპატრულო პოლიციის ავტომობილების შეძენა და ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაცია.
1056
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85