ავტორიტეტულმა საქმიანმა გამოცემა “Financial Times”-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთი აპირებს ევროპული ფინანსური სტაბილურობის ფონდში 100 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელოს. მაგრამ აქედან პეკინი როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მოგების მიღებას აპირებს. თანაც, ჩინელები აპირებენ ინვესტიციის ნაწილი მაინც იუანს დაუკავშირონ და ამგვარად კაპიტალდაბანდება ვალუტის კურსის ცვლილებისგან დაიცვან.
განვითარებული ევროპა იძულებული ხდება განვითარებადი ჩინეთის პირობები მიიღოს. ამგვარია დღევანდელი რეალობა. პირობები კი პეკინს საკმაოდ ბევრი აქვს. კერძოდ, ჩინეთი მოითხოვს მისი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად აღიარებას. ამგვარად, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის და ევროკავშირის მხრიდან პეკინის მიმართ პრეტენზიები მნიშვნელოვნად შემცირდება.
გარდა ამისა, შესაძლოა, ჩინეთმა ევროპელ ლიდერებს მოსთხოვოს თავი შეიკავონ მისი სავალუტო პოლიტიკის კრიტიკისაგან. როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირი და კიდევ არაერთი ქვეყანა პეკინს იუანის კურსის განზრახ შემცირებაში ადანაშაულებს, რაც აზიელ ექსპორტიორებს უპირატესობას ანიჭებს.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ევროპის დახმარების საქმეში ჩინეთი ძლიერ ანგარიშიანი იქნება და იგი არასოდეს შეასრულებს ვალდებულებას, რომელიც მისთვის სახეირო არ იქნება. რაიმე პირობებზეც რომ არ ვისაუბროთ, ევროპის ეკონომიკის წელში გამართვაც ჩინეთს ხელს აძლევს, რადგან ამგვარად ხელს შეუწყობს თავის მსხვილ სავაჭრო პარტნიორს. ბოლო დროს ევროპასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და თუ ევროკავშირს ფინანსური პრობლემები შეექმნება, ამით პეკინის სავაჭრო ინტერესები დაზარალდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც ცნობილია, მსოფლიო არენაზე ჩინეთი აშშ-ს და დოლარის, როგორც საერთაშორისო ვალუტის წინააღმდეგ გამოდის. ამიტომაც, პეკინი ცდილობს დოლარზე დამოკიდებულება შეამციროს და ევროში დაბანდებას ანხორციელებს. თუ ევროზონა ჩაიძირება, დოლარის ალტერნატივაც გაქრება.
გარდა ამისა, ევროს გაძლიერება ჩინეთს იმიტომაც აწყობს, რომ სუსტი ევრო ევროპიდან იაფი საქონლის ექსპორტს ნიშნავს. ანუ, გამოდის, ჩინელ მწარმოებლებს კონკურენტი გამოუჩნდება. აი, კიდევ ერთი მაგალითი, თუ რატომ უნდა სურდეს პეკინს ევროს ზონის წელში გამართვა.
ყველაფერ ამასთან ერთად, ექსპერტები თვლიან, რომ ევროპის გადარჩენის თემასთან ერთად ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკაში თავისი როლის მნიშვნელობის გაზრდის საკითხსაც წამოწევს. მოგეხსენებათ, ბოლო დროს, ჩინეთის მიმართ სხვადასხვა კუთხით კრიტიკა სულ უფრო ხშირია და ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში არაერთი საჩივარი შედის პეკინის ეკონომიკური პოლიტიკის უკმაყოფილოთაგან. ასე რომ, ჩინეთს იმიჯის ამაღლებაც მნიშვნელოვნად სჭირდება და რა უნდა იყოს უკეთესი საშუალება, თუ არა კატასტროფის წინაშე მდგომი ბებერი ევროპის ხსნა.
ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. კერძოდ, პეკინს მიაშურა ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის თავკაცმა კლაუს რეგლინგმა. მართალია, იგი ირწმუნება, რომ ვიზიტი არაოფიციალურია, მაგრამ ის რად ღირს, რომ რეგლინგის ჩინეთში გამგზავრების წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლია სარკოზი თავის ჩინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.
სხვათა შორის, სარკოზის ეჭვიც არ ეპარება, რომ ევროს ზონის გადარჩენის საქმეში ჩინეთის ფართო მონაწილეობა ევროპის სუვერენიტეტს არ შებღალავს. სარკოზის თქმით, თუ ჩინეთი, რომელიც მსოფლიო რეზერვების 60 პროცენტს აკონტროლებს, მოისურვებს თავისი აქტივები ევროში დააბანდოს და არა დოლარში, ვინმემ უარი რატომ უნდა უთხრას? კაცმა რომ თქვას, მართალიც არის, ევროპის ეკონომიკა ხომ ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვინმეს დახმარებაზე უარის თქმა ნამდვილად არ შეუძლია.
863
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85