ხათუნა კალმახელიძე უცხოპლანეტელივით ალაპარაკდა

ხათუნა კალმახელიძე უცხოპლანეტელივით ალაპარაკდა



"ხათუნა კალმახელიძე პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარს არასოდეს აკეთებს, ჟურნალისტების დანახვაზე ისე გარბის, ვერ დაეწევი. ის მხოლოდ სამინისტროს პიარღონისძიებებისას აკეთებს კომენტარებს და ახლა უცხოურ მედიასთანაც ალაპარაკდა - პატიმრების მინისტრი ისეთ საოცარ კომენტარებს აკეთებს, ეს ქალბატონი აშკარად სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. მინისტრი ქალი ყვება, რომ პატიმრებს ისეთ იდეალურ პირობებში ამყოფებს, ციხეში მოხვედრა მოგინდება. თუ ასეთი გადასარევი პირობებია, აბა, ეს პატიმრები ასე პანტა-პუნტით რატომ იხოცებიან?", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ხათუნა კალმახელიძე უცხოპლანეტელივით ალაპარაკდა. 

"დაწესებულების დირექტორის ხელფასი 2000 დოლარის ეკვივალენტია, ინსპექტორებისა - 400 დოლარამდე, ყველა იღებს პრემიას, სამედიცინო დაზღვევას მთელი ოჯახისთვის. მომავალი წლისთვის ხელფასები კიდევ გაიზრდება და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი თანამშრომლების სტატუსის ამაღლება მოვახერხეთ, რის გამოც თავს კანონიერ ქურდებს არ გაუყადრებენ, მათ სხვა მენტალიტეტი აქვთ", - უთხრა უკრაინულ გამოცემა "სეგოდნიას" ხათუნა კალმახელიძემ. მინისტრის თქმით, ციხეში ტუბერკულოზის პრობლემა გადაჭრეს, ავადმყოფი პატიმრების იზოლირება მოახდინეს, ვისაც სტაციონარული დახმარება სჭირდება, მათთვის საავადმყოფოს აშენებენ, სისტემაში უკვე მოქმედებს ქირურგიული ჰოსპიტალი. გარდა ამის, პატიმრების პროფესიულ სწავლებაზეც ზრუნავენ, მათ ინგლისურ ენასაც ასწავლიან. პატიმრები მუშაობენ პურსაცხობებში, სათბურებში, სამკერვალოებში - კალმახელიძის თქმით, პატიმრები თვეში საშუალოდ 200 დოლარს იღებენ და მართალია ეს ბევრი არ არის, მაგრამ სიგარეტისა და საკვების საყიდლად ჰყოფნით", - აღნიშნავს გამოცემა.

"უკრაინელი ჟურნალისტები კალმახელიძისა და მისი ქვეშევდრომებისგან განსაკუთებით კანონიერი ქურდების თემით დაინტერესდნენ - რაც საქართველოში კანონიერი ქურდების დევნა დაიწყო, მათ სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი, მათ შორის უკრაინასაც. უკრაინელები ჩივიან, რომ მათ მალევე კრიმინალური იმპერიები შექმნეს და ქვეყანას პრობლემებიც შეუქმნეს, უკრაინაში მომრავლდა მანქანების გატაცებები, ქურდობები, რასაც კანონიერი ქურდები უწევენ ორგანიზებას. უკრაინული მედია დაინტერესდა, რატომ გადაინაცვლეს ქურდებმა მათ ქვეყანაში და ამისთვის საქართველოში სპეციალურად კანონიერი ქურდებისთვის არსებული საპყრობილე დაათვალიერეს. ეს არის საკნები შსს-ს ძველი შენობის სარდაფში, ორთაჭალაში. "მედიის წარმომადგენელთა შორის პირველი ხართ, ვისაც ამ ციხის მონახულების უფლება მივეცით, თუმცა თქვენც ვერ გაჩვენებთ ყველაფერს. ასეთია წესი", - განუცხადა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭკადუამ", - წერს სტატიის ავტორი.

"... ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასაღებების უზარმაზარი აცმით შავად შეღებილი რკინის კარი გააღო. ჟურნალისტები იქ მხოლოდ შეახედეს, ზღურბლთან დააყენეს. საკანში ორი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელთაც საკმაოდ ძვირადღირებული ტანსაცმელი იცვათ. კარი რომ გაღო, ზუსტად მაშინ ამთავრებდნენ ჭადრაკის პარტიას. ისინი აშკარად დაიბნენ. "გამარჯობა", - ერთხმად მიესალმნენ ჟურნალისტები, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. მედიის წარმომადგენლებს სხვა გზა არ დარჩათ და საკანი დაათვალიერეს. "პატიმრებს კარგად ვკვებავთ, მენიუშია თევზი, ხორცი, ლობიო, კარაქი, ფაფები. ამას გარდა რაც უნდათ, სპირტიანი სასმელების გარდა, შეუძლიათ ციხის მაღაზიაში შეიძინონ. დღეში ერთი საათით სუფთა ჰაერზე ვასეირნებთ. თვეში სამჯერ ახლობლებთან დარეკვის და 15 წუთით საუბრის უფლება აქვთ, ეკუთვნით პაემნებიც", - განმარტა ჭკადუამ. აღსანიშნავია, რომ კანონიერი ქურდები თვითმომსახურებაზე არიან, თავად რეცხავენ საკუთარ ნივთებს, ჭურჭელს... არადა დაუწერელი კანონებით, ეს მათთვის დამამცირებელი საქციელია და მათ მაგივრად ეს ყველაფერი ხელისბიჭებმა უნდა შეასრულონ. ჭკადუას თქმით, "ეს ყველაფერი მალე დაარეგულირეს და ახლა ყველა თავისას ალაგებს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"უკრაინელი ჟურნალისტები მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიწოდებული ინფორმაციით არ დაკმაყოფილდნენ. ისინი თბილისის ერთ-ერთ კაფეში ყოფილ პატიმარს შეხვდნენ, რომელსაც ნახევარი ცხოვრება ციხეში აქვს გატარებული და ე.წ. მაყურებლის სტატუსი ჰქონდა. უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, ის "წარმატებულ ხნიერ ბიზნესმენს" ჰგავს, კარგად აცვია, მშვენიერი მანქანა ჰყავს და მძღოლი ემსახურება - "მიშა იტყუება, რომ ყველა კანონიერი ქურდი დაამარცხა. "შპანა", რომელიც ფულით წამოიწია, რა თქმა უნდა გაყარა. ნამდვილ კანონიერ ქურდებს კი საქართველოში კვლავ ყველაფერი აქვთ. ისინი საქმეებს უცხოეთიდან მართავენ, მაგრამ დადგება დრო და ისინი სახლში დაბრუნდებიან. აი, ნახავთ. თქვენ რა გგონიათ, მათ სულ მაღალი თანამდებობის პირებთან აქვთ კავშირი და ასე იქნება ყოველთვის. ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანია. მათთვის შავი საქმე ვინმემ ხომ უნდა აკეთოს?"- განუცხადა უკრაინელებს რესპონდენტმა და კითხვაზე - "აბა კანონიერი ქურდებითვის განკუთვნილ ციხეში ვინ ზის?" - პასუხობს: "არ გამაცინოთ. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სამყაროში არაფერს წარმოადგენენ, ამიტომაც არ მოგცეს თქვენ მათთან გასაუბრების უფლება...", - დასძენს გამოცემა.