"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"რესპუბლიკური პარტია გზაგასაყარზეა, როდესაც უნდა გაირკვეს, ვისთან ერთად მოგვიწევს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ის კონტურები, რაც გამოიკვეთა - ვგულისხმობ თანამშრომლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ალასანიასა და თავისუფალ დემოკრატებთან, გამყარდება. ნინო ბურჯანაძეს და ნებისმიერ პოლიტიკურ მოღვაწეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეხვდება, საიდანაც დასკვნებს გამოიტანს. მე ვერ დავინახე ის, რომ ნინო ბურჯანაძე ან მისი პარტია, ან სახალხო კრება ჩვენი პარტნიორი იქნება. არ ვვარაუდობთ, რომ თავისუფალი დემოკრატები და ჩვენ ქალბატონი ნინოს პარტნიორები ვიქნებით. რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, მას სრული უფლება აქვს შეხვდეს და ესაუბროს. ის უკვე შეხვდა ვიღაცებს, ესაუბრა კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენი პარტნიორები ზოგიერთები არ გამხდარან", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან ბერძენიშვილი: "სააკაშვილი ერთი თვეა შოკიდან ვერ გამოდის".
"სხვადასხვა დონეა პარტნიორობა, თანამშრომლობა და კოორდინაცია. პარტნიორებად გამოცხადებულია ორი პარტია და ვფიქრობ, ასეც დარჩება. მაგრამ, გარდა ამისა, შეიძლება იყოს თანამშრომლობა - ეს არავის არავისთვის აკრძალული არ აქვს. პერსონალურად ქალბატონ ნინოსთან შეხვედრაში დრამატულს ვერაფერს ვხედავ. თავის დროზე ჩვენ ერთად ვიყავით პასუხისმგებელი ბევრ მოვლენაზე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები ქართველის ხალხის წინაშე იმ ფორმატით წარდგებიან, როდესაც ამომრჩეველი ხმას რომ მისცემს, გული რეჩხს არ უზამს - ანუ ამ ერთობაში არავინ იქნება ისეთი, ვისაც ხმა არ უნდა მისცე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
"მიხელ სააკაშვილის პოლიტიკიდან გაშვება არის ამოცანა, რომლითაც გაირკვევა საქართველო ევროპული ქვეყანა იქნება თუ შუააზიური. ჩვენ გვინდა ევროპული ქვეყანა, რომელიც ცვლის ხელისუფლებას არჩევნებით. თუ აქ ვინმე დაგვჭირდება, ყველასთან ვითანამშრომლებთ, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიას ნინო ბურჯანაძესთან პარტნიორული თანამშრომლობა არ სურს, ეს არასდროს დაუმალავს და ვერც მე დავმალავ. პერსონალურად მქონდა და მაქვს პატივისცემა მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, როგორც ადამიანს, ადამიანის მიმართ, მაგრამ ეს სულ სხვა რამ არის. ჩვენ ჩვენი მოსაზრება არ დაგვიმალავს, არც ბატონმა ირაკლიმ დამალა. აქ არაფერია დრამატული", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ერთი წამითაც ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ ვადამდელ არჩევნებში მეტი შანსი აქვს, ის ამას გააკეთებს და არც საკონსტიტუციო ცვლილებას და არც კონსტიტუციის დარღვევას არ მოერიდება. თუმცა ხელისუფლებაში ვეღარ იანგარიშეს, რომელი არჩევნები აძლევთ უფრო ხელს. ამ დაბნეულობის გამოა, რომ სხვადასხვა სიმღერას მღერიან. სააკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის სხდომა ქუთაისში შედგება, მაგრამ განმარტება ხდება, რომ ეს ის პარლამენტი არ იქნება, რომელიც თქვენ გგონიათ, კონსტიტუციაში სხვა რამე წერია და ა.შ. ეს არეულობა გამოიწვია იმან, რომ სააკაშვილმა არ იცის რომელი იქნება მისთვის უფრო სასარგებლო - ბოლო ერთი თვის მანძილზე პირველად თავის ცხოვრებაში ის წააწყდა სიტუაციას, რომლიდანაც ვერ იპოვა გამოსავალი, რომ მთავარი კონკურენტი, რომელზეც საუბრობს მთელი ქვეყანა, მსოფლიო, კარნეგის ცენტრი, ენდიაი, აირაი, მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს ვერ მისცა უფლება, რომ ბიძინა ივანიშვილი გვარი გაიმეოროს. ეს ის შემთხვევაა, როცა ის ბავშვივით იქცევა. ეს ნიშნავს, რომ ერთი თვის მანძილზე ის შოკიდან ვერ გამოვიდა", - განმარტავს ლევან ბერძენიშვილი.
"არ ვიცი, სააკაშვილი შოკიდან როდის გამოვა, ან გამოვა თუ არა საერთოდ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ამას კანონი და კონსტიტუცია განსაზღვრავს. ჩემი აზრით ვადამდელი არჩევნები ასევე ძალიან სასარგებლო იქნებოდა ოპოზიციისთვის, მაგრამ სასარგებლო არ იქნებოდა კანონებისთვის. ადრე ჩატარდება არჩევნები თუ გვიან, მიხეილ სააკაშვილი ამ არჩევნებში დამარცხდება - ეს ჩემში ისევე არ იწვევს ეჭვს, როგორ მიხეილ სააკაშვილში იწვევს ეჭვს არჩევნების საკითხი საერთოდ. სააკაშვილი მდგომარეობა ასეთია: მან ბოლო ორი წლის განმავლობაში მეთოდურად იმუშავა და ოპოზიცია გაანადგურა, ოპოზიციის შანსები და რეიტინგები, ფაქტობრივად გაანულა. ბრძოლის ველზე მარტო დარჩა და ამ ბრძოლის შემდეგ მისთვის ძნელი გადასატანია, რომ მოულოდნელად გამოჩნდა მეტოქე, რომელმაც გამოჩენის პირველივე დღიდან არა მხოლოდ გამოაცხადა, რომ დაამარცხებს, არამედ აჩვენა კიდეც მთელ საზოგადოებას, რომ დაამარცხებს - შინაური, გარეული - ამაში ყველა დარწმუნდა", - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
"იმ რეაქციის მიხედვით, რომელსაც ვხედავთ - ვგულისხმობ სასწრაფოდ მოქალაქეობის ჩამორთმევას, ბანკის მანქანაზე თავდასხმას, შვილის მეგობრის დაპატიმრებას და სხვა - ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი ღრმა, მისთვის დამახასიათებელ დეპრესიაში ჩავარდა, რომლიდანაც, ჩვეულებრივ, სამ-ოთხ დღეში გამოდიოდა ხოლმე. გავიდა ერთი თვე და ვერ გამოდის ამ დეპრესიიდან, რაც ნიშანია იმისა, რომ ისინი ვერ იპოვნიან კონტრთამაშს ბიძინა ივანიშვილისა და ამ ახალი რეალობის წინააღმედგ, რომელიც შეიქმნა. ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა თავში არაფერი მოსდით და ამის საშუალება არ აქვთ... რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა მოვდუნდეთ. არა მგონია, რომ ივანიშვილი და ოპოზიცია მოდუნებისთვის იყვნენ განწყობილი. პირიქით, ახლა მობილიზაციისა და მუშაობის პერიოდი დგება. ვვარაუდობ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს დრო შოკიდან გამოსასვლელად და სააკაშვილთან ან მის გარეშე სტრატეგიების დასაწყობად. აშკარაა, რომ რამდენიმე ნაციონალი უკვე ფიქრობს ამაზე. ვხედავთ რაღაც-რაღაცებს, მაგალითად, პირველ არხზე ან სხვაგან, რაც გვკარნახობს, რომ რაღაც ტექტონიკური მოძრაობები ხდება ნაციონალური მოძრაობაში", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის უკეთესი და უარესი ნაწილი ჩემთვის არ არსებობს. როდესაც ამერიკელები მეკითხებოდნენ - მიშა ცუდია, მაგრამ გიგაზე რას იტყვითო, მე ვამბობდი, რომ გიგა უარესია. თავის დროზე სააკაშვილიც და ბოკერიაც ჩემი მეგობრები იყვნენ. ჩემი აზრით, თავის იდეალებს განსაკუთრებით ბოკერიამ უღალატა, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში ფიზიკურად არ იყო კარგად. არ მგონია, რომ ახლაც ძალიან ბედნიერი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით ვნახეთ, რაღაცნაირი იჯდა, საიდანაც ჩანდა, რომ მიშაზე მაგარია. რა თქმა უნდა, იქ ეს პროცესები მიმდინარეობს, ის ხალხი, რომელიც არასდროს ჩანს, მაგალითად ადეიშვილი, გარკვეული გაგებით მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, თავის ფიქრებში არიან. რას მოიფიქრებენ არ ვიცი. ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესების იმედზე არ ვარ, თუმცა ეს პროცესები იქნება და ალბათ რღვევის პროცესი წავა, მაგრამ ჩვენ მათზე გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ, თუ ეს პროცესი არ წავიდა... არც გიგა ბოკერიაზე ვარ მაღალი აზრის. იქ ყველაზე მაგარი ვინც იყო, კიდევაც არის პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილიდან კვადრატული ფესვის ოდენა პოლიტიკოსიც არ ჰყავთ მათ. ინტელექტით ბოკერია აღემატება კიდევაც სააკაშვილს, მაგრამ პოლიტიკაში ეს დიდი მასის არ არის", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და შეკითხვას - "დიდ პოლიტიკოსად ვერ შედგა ბოკერია?" - პასუხობს:
"ბოკერია საერთოდ არ დადგა პოლიტიკოსი. მას საჯარო პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონდა და არ აქვს. ქარიზმაზეც არ არის საუბარი, მას უარყოფითი ქარიზმა აქვს. მისი ბრალი არ არის, ის ასეთია, ეს საბავშვო ბაღიდან იწყება. ადამიანს ირჩევენ ან არა ირჩევენ. სააკაშვილს ეს ბავშვობიდან ჰქონდა და კარგად გამოიყენა, რადგან ათასჯერ მეტი მიიღო, ვიდრე ეკუთვნოდა. რაც შეეხება ბოკერიას, მერაბიშვილს, ადეიშვილს - არც ერთს არანაირი შანსი, რომ საჯარო პოლიტიკოსად, პოპულარულ ლიდერად ჩამიყალიბდნენ არ ჰქონია და არც აქვს. უგულავას შეიძლება ოდესმე რამე შანსი ჰქონდა, რაც ძალიან მაცინებს, რადგან პოლიტიკაში მცირე ინტელექტი მაინც არის საჭირო და ის არ ჩამოყალიბდა არანაირ შიდაპარტიულ ალტერნატივად. ჩემთვის ნაციონალური მოძრაობის პირველ და მეორე ეშელონში არ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ითანამშრომლებენ... რურუასთან დაკავშირებული საუბარი მის ძალიან ბრიყვულ წარსულზეა აგებული. ვერ ვხედავ რურუას ვერანაირ ოპოზიციაში, რურუაც ვერ ხედავს. რურუა არავის სჭირდება - არც იმათ, ვისაც ჰყავს და არც იმათ, ვისაც სთავაზობენ. რურუა მხოლოდ მხედრიონს სჭირდებოდა, რადგან იქ ინტელექტის ნაკლებობა იყო და რურუას ჰქონდა ინტელექტი, რომელიც არასწორი, ინტელექტისთვის უღირსი მიმართულებით ამუშავა. ახლაც ასე მუშაობს ის - მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ... თუ ნაციონალური მოძრაობის მესამე, მეოთხე ეშელონი შეინარჩუნებს პარტიას და სააკაშვილს არ გაჰყვება პოლიტიკურ სამარეში, ამას მხოლოდ მივესალმები".
918
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85