ხელისუფლებამ შეუთანხმებელი საკითხები უკან გაიწვია

ხელისუფლებამ შეუთანხმებელი საკითხები უკან გაიწვია


ხელისუფლება თანახმაა, საარჩევნო კოდექსში ოპოზიციასთან შეუთანხმებლად ჩაწერილი საკითხები ამოიღოს. მაგრამ ეს არ ეხება საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერის აკრძალვასა და გუბერნატორისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლების მინიჭებას.

ამის შესახებ თანხმობა ხელისუფლებამ, "რეზონანსის" ინფორმაციით, გუშინ, არასამთავრობო სექტორის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე დადო.

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის წევრი, "ახლების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ეს პოზიცია ნამდვილად დააფიქსირა. თუმცა იგი ვერაფერს ამბობს იმაზე, თუ ამ პირობი შესრულების რა გარანტიები არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ამ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა, უნდა ასახულიყო ის საკითხები, რაც ოპოზიციის ნაწილთან გაფორმებულ შეთანხმებაშია აღნიშნული. თუმცა მას შემდეგ, რაც პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიც არის მარკირებისა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების გაუქმების საკითხი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გასაიდუმლოება, ცესკოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების გაზრდა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიისთვის საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების უფლების მიცემა და ა.შ.

პროექტში შეუთანხმებლად მოხვედრილი საკითხები კი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააპროტესტეს და კრიტიკის საგანი გახდა ვენეციის კომისიისთვისაც. ვენეციის კომისიის დელეგაციამ, რომელიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა, განაცხადა, რომ შეთანხმების პირობების დაცვა აუცილებელია.

როგორც ჩანს, სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ იმოქმედა, რადგან ხელისუფლება პროექტიდან შეუთანხმებელი საკითხების ამოღებას თანხმდება.

"ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ეხებოდა ყველა იმ საკითხს, რომელიც "საარჩევნო კოდექსის" პროექტთან დაკავშირებით არსებობს. ეს ეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებულ საკითხებს, ასევე ხელისუფლების მიერ პროექტში ცალმხრივად ინიცირებულ საკითხებს და ასევე იმ საკითხებს, რომელიც ამ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციით, სასურველია, რომ პროექტში გაჩნდეს," - ამბობს მამუკა კაციტაძე.

საუბარია სამ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, - საია, "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", რომლებმაც საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით მოამზადეს შეფასება და ამ შეფასების მიხედვით საკმაოდ ბევრი საკითხი შესაცვლელია. ეს კი პირველ რიგში პროექტში შეუთანხმებლად მოხვედრილ საკითხებს ეხება.

აყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, კაციტაძის თქმით, ხელისუფლება ამ საკითხების უკან წაღებაზე თანახმაა, გარდა ორი საკითხისა.

"ხელისუფლება ამ საკითხების უკან წაღებაზე თანახმაა, გარდა ორი საკითხისა. ეს ორი საკითხი ეხება ვიდეოთვალს და გუბერნატორების მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, არც ამ ორ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გუბერნატორებთან დაკავშირებულ საკითხებთან, არ არის მათი საბოლოო პოზიცია ის, რომ არ მოხდება ამის შეცვლა. ხელისუფლება უფრო კატეგორიულ უარზეა ვიდეოთვალის გაუქმების საკითხზე, სადაც ისინი იშველიებენ ევროსაბჭოს რეკომენდაციას. გუბერნატორებთან დაკავშირებით კი ევროსაბჭოს პოზიციაც თანხვედრაშია ჩვენს პოზიციასთან და ამიტომ ამ საკითხზე მთლად მყარად ვერ არიან და ამბობენ, რომ ამაზე მსჯელობა კიდევ გაგრძელდება," - ამბობს მამუკა კაციტაძე.

შეგახსენებთ, რომ, როდესაც პროექტში ვიდეოთვალის გაუქმების საკითხი აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა სწორედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით ახსნა.

მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც საქართველოში საარჩევნო პროცესში ვიდეოკამერების შემოღება განხორციელდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ და ეს შეკითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოკამერის დამონტაჟებით შეიძლებოდა დარღვეულიყო ხმის მიცემის ფარულობა, რადგან ცნობილი ხდებოდა, თუ ვინ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა.

კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებულ სამოდელო კოდექსით, არ შეიძლება პიროვნების მიერ ხმის მიცემისა და არჩევნებზე მისი ყოფნა-არყოფნის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს.

"აქ იყო მთავარი კითხვის ნიშნები. ამიტომ ამოვიღეთ ეს ნორმა," - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ "საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის დამონტაჟების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს."

ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის კი ეს არგუმენტი კატეგორიულად მიღებელი აღმოჩნდა.

როგორც მამუკა კაციტაძე განმარტავდა, სიცრუეა არგუმენტი, თითქოს ეს საერთაშორისო ორგანზიაციების რეკომენდაცია იყო. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ არჩევანის ფარულობის დაცვა მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოთვალი საარჩევნო ჯიხურის თავზე არ უნდა დამონტაჟდეს, რათა არ გამოჩნდეს, თუ ვინ რა ნომერი შემოხაზა.

"თუ საუბარია ზოგადად ადამიანის დაფარვაზე, რომელიც არჩევნებზე მიდის, მაშინ უბნებზე პარტიების წარმომადგენლების დასწრებაც უნდა აიკრძალოს და უბნის შენობის წინ ადამიანების ყოფნაც," - განაცხადა კაციტაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის ექსპერტებს აუცილებლად ეტყვიან, რომ მათი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული.

რაც შეეხება დანარჩენ შეუთანხმებელ საკითხებს, როგორიც არის მარკირების გაუქმება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გასაიდუმლოება, ცესკოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების გაზრდა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების უფლების მიცემა და ა.შ, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ "ყველა ეს საკითხი ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უკან წაიღო".

მაგრამ, მისი თქმით, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნა არ გამოქვეყნდება, პროექტიდან მისი ამოღება ტექნიკურად ვერ მოხერხდება.

"პრინციპში მათ უკვე დააფიქსირეს, რომ ისინი მზად არიან, ეს საკითხები უკან წაიღონ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩამოვიდეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს პროექტი. მაგრამ ამისთვის მზაობა მათ ცალსახად დააფიქსირეს. რაც შეეხება საერთო პროექტის საბოლოო ვარიანტს, არც ჩვენ გვინდა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამდე რაიმე ვარიანტი დავდოთ. ეს რომ არ გავაკეთოთ, მაშინ ჩვენ "ნაცმოძრაობისგან" რიღათი განვსხვავდებით?" - ამბობს მამუკა კაციტაძე.

მისი თქმით, ხელისუფლების პოზიციაა, რომ შეთანხმებელი საკითხები პროექტში აღარ იქნება. მაგრამ არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ხელისუფლებას პირობა დაურღვევია. ამიტომაც, არც ახლა არ არის გამორიცხული, რომ პირობა დაირღვეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის რაიმე გარანატიები არსებობდეს. კაციტაძე კი ასეთ გარანტიად ისევ საერთაშორისო საზოგადოებას ასახელებს.

"ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს და ხომ იცით, რომ მე ამას ვერ ავიღებ? მე გითხარით ის, რაც დღეს იყო. მაგრამ, თუ თვალებზე ხელი აიფარეს და თავზე ნაცარი დაიყარეს, რაც არაერთხელ აქვთ გაკეთებული, შესაბამისად იქნება ჩვენი რეაქციები, როგორც სხვა დროს მომხდარა.

"მაგრამ დღეს გაცილებით სხვა რეალობაა, იგივე ნატოს დელეგაციის ვიზიტიდან და აქ გაჟღერებული მესიჯიდან გამომდინარე, რომ 2012-2013 წლებში არჩევნების ლეგიტიმურობა და თანაბარი საარჩევნო გარემოს აუცილებლობა არის საქართველოსთვის ჟანგბადი და ყველაფერი იქნება დამოკიდებული ამაზე, ეს არის ყველა გარანტიაზე უფრო მეტი გარანტია, რომ ხელისუფლების რაღაცეების გათვალისწინება მოუწევს," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.