პატრიარქის გარდა, თითქმის ყველა პიროვნების რეიტინგმა დაიკლო

პატრიარქის გარდა, თითქმის ყველა პიროვნების რეიტინგმა დაიკლო

საქართველოს მოსახლეობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს გარდა, თითქმის ყველა პიროვნების რეიტინგმა დაიკლო.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 92% აცხადებს, რომ პატრიარქი მოსწონს, ხოლო 75% პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. აღსანიშნავია, რომ პრემიერი ნოემბერში გამოკითხულთა 80% მოსწონდა.

კვლევის თანახმად, თითქმის არ შეცვლილა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგები. უსუფაშვილი მოსახლების 66% მოსწონს, ხოლო ბაქრაძე - 48%. რაც შეეხება პრეზიდენტის რეიტინგს, მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 25% მოსწონს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბაშვილი მოსახლეობის მხოლოდ 26%, უშიშროების მდივანი გიგა ბოკერია კი 8%. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოკითხულთა 31% მოსწონს, ხოლო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი 59%. რაც შეეხება ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს ის საქართველოს მოსახლეობის 36% მოსწონს, სახალხო დაცველი უჩა ნანუაშვილი გამოკითხულთა - 18%.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.