დიმიტრი შაშკინი გია ხუბუას ბრალდებებს ბოდვასა და აბსურდს უწოდებს

დიმიტრი შაშკინი გია ხუბუას ბრალდებებს ბოდვასა და აბსურდს უწოდებს

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი თსუ-ის ყოფილი რექტორის გია ხუბუას ბრალდებებს ბოდვასა და აბსურდს უწოდებს.

ამის შესახებ შაშკინმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ხუბუას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, შაშკინმა მას თანამდებობიდან წასვლა აიძულა.

"გუშინ საზოგადოებამ ჩემს მიმართ აბსურდული და სასაცილო ბრალდებები მოისმინა. მე ამ ბრალდებებს პასუხის ღირსად ვთვლი იმიტომ, რომ თავის დროზე სწორედ ეს იყო ჩვენი შეცდომა. მსგავს სისულელეებზე პასუხს არ ვცემდით და მერე მათთან ბრძოლა გაგვიჭირდა. ხუბუამ თქვა, რომ 2008 წელს მთავრობას უნდოდა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გაყიდვა, ამიტომ 2010 წელს თითქოს მე დავავალე გადამდგარიყო, მე ვადასტურებ, რომ 2010 წლის აგვისტოში გია ხუბუას მართლაც შევხვდი, თუმცა ეს შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართა და მან სამართალდამცველებთან შუამდგომლობა მთხოვა", - განაცხადა შაშკინმა.

მისივე თქმით, ყოფილმა მინისტრმა ხუბუას თხოვნა არ დააკმაყოფილა.

"საქმე ეხებოდა უკრაინაში აღმოჩენილ ქართულ წიგნებს, რომლებსაც თსუ-ის შტამპი ჰქონდა. უკრაინაში რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც აღნიშნული წიგნების გაყიდვა უნდოდათ. წესით ეს წიგნები დაცული უნდა ყოფილიყო თსუ-ის საცავაში, განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გადაამოწმა ფაქტი და აღმოჩნდა, რომ რეალურად წიგნები თსუ-ის საცავში უნდა ყოფილიყო, თუმცა ისინი საცავში არ აღმოჩნდა. საუბარია დაახლოებით მეთექვსმეტე საუკუნის წიგნებზე, რომელთა ღირებულებაც ათიათასებია. ხუბუასთან შეხვედრის მეორე დღეს მე მივლინებით საფრანგეთში წავედი და სწორედ იქ გავიგე, რომ თსუ-ის რექტორი გადადგა. აი, ეს იყო სიმართლე. ხუბუას მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებისთვის პასუხის გაცემა მოუწევდა და ის ითხოვდა შუამდგომლობას, რომ ეს არ მომხდარიყო თუმცა, მე ვუთხარი, რომ ამ საქმეში ვერ ჩავერეოდი. ეს არის სიმართლე, სხვა დანარჩენი ბოდვა და სიცრუეა", - განაცხადა შაშკინმა.