"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) უახლეს პოლიტიკურ რეიტინგებს დღეს პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები პირადად გაეცნობიან.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღეს, დღის მეორე ნახევარში - დაახლოებით 17:00 საათზე პარლამენტში NDI-ის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუის ნავარო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება და მათ პოლიტიკურ რეიტინგებს პირადად გააცნობს.
სააგენტოს ინფორმაციით, დღესვე გაეცნობიან საკუთარ რეიტინგებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.
პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე კი "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" პარტიების რეიტინგებს მედიას წარუდგენს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა მარტში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 3,103 პირი გამოიკითხა. პოლიტიკური რეიტინგების პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", 12:30 საათზე გაიმართება.
NDI-მ გასულ კვირას საზოგადოებას კვლევის ის ნაწილი წარუდგინა, რომელიც მიმდინარე პროცესებს ეხება.