მოსამართლეები მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერ საინიციატივო ჯგუფებს ქმნიან

მოსამართლეები მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერ საინიციატივო ჯგუფებს ქმნიან

მოსამართლეები, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონის ხელმოწერის მოლოდინში, რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებს ქმნიან. მათ მიზანს, როგორც თავად აცხადებენ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიღწევა და მოსამართლეთა ამ მიზნის გარშემო გაერთიანება წარმოადგენს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ვლადიმერ ხუჭუას გარშემო მოიაზრება.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა ვლადიმერ ხუჭუას, რომელიც განმარტავს, რომ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ის მოსამართლეები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კენჭისყრას აპირებენ.
"მე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვარ და კანდიდატობას არ ვაპირებ. ჩვენი ჯგუფის მიზანია, ჩვენ კოლეგებთან ერთად, ღიად დავიწყოთ რეფორმის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთვის, მოსამართლეებისთვის და სასამართლო სისტემისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი სურვილია, მოსამართლეთა კონფერენციაზე, დახურული კენჭისყრის პირობებში, იუსტიციის საბჭოში არჩეული იყვნენ ღირსეული, ვინმესგან და რაიმესგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ და ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური შანსი გაუჩნდება. ჩვენი ჯგუფი არ არის ერთადერთი, სხვა ჯგუფებიც არის შექმნილი და ისინიც არანაკლებ აქტიურად მუშაობენ ამ მიზნისთვის. რაც უფრო მეტი მოსამართლე გააქტიურდება, დაფიქრდება მოსამართლის პროფესიის იმიჯსა და მომავალზე, საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა შეიქმნას არა წარსულისთვის, არამედ – მომავლისთვის და მასში უნდა იყვნენ სრულიად დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც მიუკერძოებლად და ობიექტურად მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

მისივე ინფორმაციით, ამ პრინციპებს მოსამართლეთა მრავალი ჯგუფი იზიარებს. ვლადიმერ ხუჭუა ამ მიზნის გარშემო გაერთიანებული მოსამართლეების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს "ცოტა არ არის".

"ამ მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს ყველა მოსამართლე და მიზანი ამ შემთხვევაში მიიღწევა. თუ მოსამართლეების ნაწილი იფიქრებს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, მიზნის მიღწევა გაჭირდება", - აღნიშნა ვლადიმერ ხუჭუამ.