"ლუფთანზას" თანამშრომლების გაფიცვის გამო მიუნჰენის მიმართულებით რეისი არ შესრულდა

"ლუფთანზას" თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ერთდღიანი საერთაშორისო გაფიცვის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნჰენის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანიის რეისი არ შესრულდა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

"ლუფთანზას" რეისი მიუნჰენიდან თბილისში დანიშნულ დროს, 03:22 საათზე ჩამოფრინდა, თუმცა უკან აღარ გაფრინდა და რეისი, რომელიც 04:00 საათზე უნდა შესრულებულიყო, არ შესრულდა. მიზეზი ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვაა, რომელიც მათ საერთაშორისო მასშტაბით აქვთ გამოცხადებული", - განაცხადეს აეროპორტის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანიამ მგზავრებს ბილეთების სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისების ბილეთებზე გადაცვლა შესთავაზა, რასაც მგზავრთა ნაწილი დათანხმდა.

"ამის გამო მგზავრთა ნაწილი მიუნჰენში ალტერნატიული რეისებით მაინც გაემგზავრა", - აღნიშნეს აეროპორტში.

"ლუფთანზას" მიერ მიუნჰენი-თბილისისა და თბილისი-მიუნჰენის რეისები ყოველთვის გამთენიისას სრულდება. იქედან გამომდინარე, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლებს ერთდღიანი გაფიცვა აქვთ გამოცხადებული, აეროპორტში ვარაუდობენ, რომ ხვალ გამთენიისას დაგეგმილი რეისები ჩვეულებრივად შესრულდება.

"ლუფთანზას" თანამშრომლებმა 24-საათიანი გამაფრთხილებელი აქცია დღეს გამოაცხადეს. ავიაკომპანიის თანამშრომლები ხელფასების მატებას მოითხოვენ.