სახელმწიფო ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

სახელმწიფო ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

სახელმწიფოს მიერ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მიზნით პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი შევიდა. ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილია, ცვლილებები კი, ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. სახელმწიფო კონტროლი თეზჭერისა და ნადირობის სფეროში გამკაცრდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა განუცხადა, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ადეკვატური სახდელი დაეკისრება, ცვლილებები კი, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 86-ე, 222-ე, 239-ე და 249-ე მუხლებში აისახება.

უკანონო თევზჭერა, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 ათასიდან 4 ათას ლარამდე და მასთან ერთად, მოპოვებული თევზის, იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას. აკრძალული საშუალებებითა და მეთოდებით ნადირობა კი გამოიწვევს ჯარიმას 1000-დან 2000 ლარამდე და ასევე მოპოვებული ობიექტის, იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციას.

რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, ცაგარეიშვილის განმარტებით, იხვეწება კოდექსის მე-300 მუხლის დისპოზიცია, რომელიც უკანონო თევზჭერას შეეხება და კანონში ის აკრძალული საშუალებები ჩაიდება, რომელთა თევზჭერის დროს გამოყენებაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

"წინა ხელისუფლების პირობებში კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა თეზჭერისა და ნადირობის სფერო უკონტროლოდ დატოვა, რამაც ბრაკონიერობას ტოტალური მასშტაბები მისცა. ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტის კომიტეტში მონადირეთა და მეთევზეთა არაერთი განცხადება შემოვიდა, სადაც ეს ადამიანები ითხოვენ, მივიღოთ გადამჭრელი ზომები გადაშენების წინაშე მდგარი სახეობების შენარჩუბნების მიზნით", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.