"ნაციონალების შექმნილი ტყუილის სამყარო ივანიშვილმა ფულით კი არა, სიმართლის თქმით დაანგრია!"



"სამართლებრივი თვალსაზრისით ჯერ არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, რადიკალურად შეიცვალა მოსახლეობის განწყობა, რადგან შეიქმნა მეორე, ოპოზიციური პოლუსის ჩამოყალიბების რეალური შანსი. ამან დიდი მოლოდინი და იმედი გააჩინა. იურიდიულად და სამართლებრივად კი ყველაფერი ისევ ისეა, უარესადაც კი - ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს. ხელისუფლებას ისევ ისე აქვს ყველა სფერო მიტაცებული, როგორც 3-4 წლის წინ ჰქონდა. დღეს რეჟიმი მორალურად დაუძლურებულია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილმა მოსახლეობა მონურ მორჩილებაში მოიყვანა, მან, მერაბიშვილმა და მათმა ხროვამ ხალხი მრავალი წლის ნამძილზე ზომბებად აქცია", - აცხადებს წითელი ცირკულარით ძებნილი პოლიტიკოსი, სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალების შექმნილი ტყუილის სამყარო ივანიშვილმა ფულით კი არა, სიმართლის თქმით დაანგრია!"

"ნაცისტებს" ახლა ყველაფრის იმ ჭრილში გადატანა უნდათ, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს, ყველას მოისყიდის და ა.შ. აქ ფულზე საუბარი არაა, ჩემი აზრით მთავარი როლი იმას აქვს ივანიშვილის ფაქტორში, რომ ნაციონალების მიერ შექმნილი ტყუილის სამყარო დაინგრა და ივანიშვილს ეს სამყარო ფულით არ დაუნგრევია, მან სიახლე სიმართლის თქმით მოიტანა. მოსახლეობამაც სწორად აღიქვა ის, რაც ხდებოდა მის გარშემო და ჯანსაღი დიაგნოზი დასვა... მეც ერთი-ერთი ოპოზიციური მიმართულების წარმომადგენელი ვარ ევროპაში და ღიად ვამბობ - ოპოზიციურმა მოძრაობამ სიმართლის მიტანა ვერ მოახერხა, რადგან დაკნინებულ იყო, ოპოზიციური პარტიები ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში გაცვდნენ! ივანიშვილმა ახალი პოლიტიკური ხედვა შემოიტანა, შემოიტანა გულწრფელობაც, რაც ძალიან აკლდა ქართულ პოლიტიკას. ხელისუფლებამ იმდენი დესანტი შემოსხა ოპოზიციაში, რომ ის ფაქტობრივად უმოქმედო გახდა. ივანიშვილის ჯანსაღმა და გულწრფელმა განცხადებებმა კი მოსახლეობას ახლიდან დაანახა ის, რაც 2007 წელს უკვე ცხადი იყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა გიორგობიანი.

"დღეს ამის ღიად თქმა ღიად შემიძლია - მერაბიშვილთან პირველი კონფლიქტი ხე-ტყით სარგებლობაზე ერთთვიანი მორატორიუმის გამოცხადებისას მომივიდა, როცა წინააღმდეგი ვიყავი ტყეების პრივატიზებისა, ამ დროს უკვე დიდი დაპირისპირება მომივიდა ბენდუქიძესთან და მის მომხრეებთან, სამცხე-ჯავახეთში კი, ველური ტყით სარგებლობის გამო, ისევ მერაბიშვილს დავუპირისპირდი. ამის მერე იყო კონფლიქტი დათა ახალაიასთან - სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმთან უკანონო საბუთებით ვაჭრობის გამო. ეს იყო ბოლო ფაზა და წამოვედი... დიახ, ივანიშვილი ამ ხალხს აფინანსებდა, მაგრამ თავად განმარტა რომ, 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ სააკაშვილს დაემშვიდობა. მერე სამი წელი ელოდა მომენტს, რომელიც მისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა პოლიტიკაში შემოსასვლელად. გეტყვით სიმართლეს- ივანიშვილმა პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენისთვის ძალიან კარგი მომენტი შეარჩია! სწორად შემოვიდა, დღემდე სწორი ნაბიჯები გადადგა და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება", - დასძენს რესპონდენტი.