სახელმწიფო ტენდერებით ყველაზე მეტ ფულს კეზერაშვილი შოულობს

სახელმწიფო ტენდერებით ყველაზე მეტ ფულს კეზერაშვილი შოულობს

სახელმწიფო შემსყიდველების ყველაზე მსხვილი მიმწოდებლების სამეულში ორი თავდაცვის ყოფილი მინისტრის კომპანიაა

სახელმწიფო შემსყიდველების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი 10 თვის სტატისტიკით `ლუკოილ ჯორჯიაა”. 2011 წლის 10 თვეში სახელმწიფო შემსყიდველებმა 325 763 520 ლარის პროდუქცია და მომსახურება შეიძინეს. მათ შორის, ყველაზე მეტ თანხაზე 43 924 101 ლარის ხელშეკრულება სახელმწიფო ორგანოებთან `ლუკოილ ჯორჯიამ” გააფორმა.

სტატისტიკის მიხედვით, 26 145 407 ლარის ღირებულების ხელშეკრულებებით მეორე ადგილზეა `ლუკოილის” კონკურენტი `ვისოლი”. მესამე ადგილზე კი, 24 959 625 ლარით `გალფის” ბრენდის მფლობელი `სან პეტროლიუმ ჯორჯიაა”. ათეულში შედიან `კავკაზუს როუდ პროჯექტი”, `გზა”, `ზიმო”, `ნიუ ენერჯი”, `ალიანსი”, `ნიუ კონსტრაქშენი” და `ელექტრო მონტაჟ სერვისი”.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში 4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება სულ 30-მა კომპანიამ გააფორმა. საერთო ჯამში, 10 თვეში სულ 790 ხელშეკრულებაა გაფორმებული. ყველაზე მეტი, 262 ხელშეკრულება `თეგეტა მოტორსმა” გააფორმა, თუმცა მათი საერთო ღირებულება 8 179 069 ლარია და ამ მაჩვენებლით `თეგეტა მოტორსი” 30 კომპანიას შორის მე-15 პოზიციაზეა.
ეს, ერთი შეხედვით, უბრალო სტატისტიკაა, თუმცა, ციფრები ბევრი საინტერესო კითხვის დასმის საშუალებას იძლევა. 

იმ კომპანიას, რომელსაც სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი ფული აქვს მიღებული, უცნაური მართვის სტრუქტურა აქვს. `ლუკოილს~ მარკეტინგულ და დისტრიბუტორულ მომსახურებას შპს `უნიგრუპი~ უწევს. კომპანიას გააჩნია კლიენტებთან მომსახურების მოქნილი სისტემა და პროფესიონალი კადრები”, - ეს ინფორმაცია კომპანია `ლუკოილის~ ვებ-გვერდზეა განთავსებული. თუ `უნიგრუპი~ განსაზღვრავს საქართველოში `ლუკოილის~ გაყიდვების სტრატეგიას და ახორციელებს შიდა დისტრიბუციას, მაშინ გამოდის, რომ საქართველოში `ლუკოილის~ საქმიანობას კომპანია `უნიგრუპი~ მართავს. `უნიგრუპი~ 2005 წელს დარეგისტრირებული შპს-ა. იურიდიულ მისამართად ის შენობა აქვს მითითებული, რომელიც საზოგადოებას `ლუკოილის~ სათაო ოფისი ჰგონია.
საკვირველია, რომ კომპანიას, რომელიც `ლუკოილის~ დარი კომპანიის გაყიდვების სტრატეგიას და დისტრიბუციას განსაზღვრავს, ვებ-გვერდი არ აქვს. ვებ-გვერდის გარეშე მარკეტინგული და სადისტრიბუციო კომპანიის საქმიანობა, ნორმალურ სიტუაციაში, წარმოუდგენელია. თანამედროვე პირობებში როგორ უნდა გაყიდო პროდუქტი, თუ ვებ-გვერდი არ გაქვს?! 

არა და, როგორც ოფიციალური სტატისტიკა ამბობს, `უნიგრუპი~ საკმაოდ წარმატებული კომპანიაა, განსაკუთრებული მიღწევები მას სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობაში აქვს. ბოლო პერიოდში გამოცხადებული თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერი, რომელიც საწვავის შესყიდვას გულისხმობს, `უნიგრუპს~ აქვს მოგებული. ანუ, `უნიგრუპი~ ყიდის `ლუკოილის” მიერ იმპორტირებულ საწვავს. `უნიგრუპს~ განსაკუთრებით სოლიდური კონტრაქტები აქვს ისეთ სამინისტროებთან, რომლებიც დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, თავდაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პირველი, დიდი რაოდენობით საწვავს თავად მოიხმარს, მეორეს კი საწვავი სხვადასხვა პროგრამების გატარებისას ესაჭიროება. 
საინტერესოა, როგორ იგებს კომპანია სამთავრობო ტენდერებს, რომელსაც ვებ-გვერდიც კი არ აქვს. ან კიდევ, როგორ უგებს სხვა კომპანიებს სატენდერო შეთავაზებებით, როდესაც მას თავადაც კი არ შემოაქვს საწვავი. ის უბრალოდ სხვის საწვავს ყიდის. ანუ გარკვეულ საკომისიოს იტოვებს. ეს საკომისიო საწვავს, ბუნებრივია, აძვირებს, ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ძირითად ნავთობიმპორტიორს უკეთესი შეთავაზების გაკეთება შეუძლია, ვიდრე `უნიგრუპს~.

ამ უცნაურობებს ძალიან მარტივად გასაგებს ხდის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 2011 წლის 3 ნოემბრის მონაცემებით, `უნიგრუპის~ 50%-იანი წილის მფლობელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია. დიახ, ოფიციალურად არის დავით კეზერაშვილი `უნიგრუპის~ მფლობელი!
არაოფიციალურად კი ასევე კეზერაშვილის სახელს უკავშირებენ საწვავის ბაზარზე ახლადგამოჩენილ `გალფს~. ამ ბრენდს საქართველოში შპს `სან პეტროლეუმ ჯორჯია~ მართავს. ეს კომპანია 2010 წლის 26 ნოემბერსაა დარეგისტრირებული. თავდაპირველად, ის შპს `კობათედ ჰოლდინგსის~ მფლობელობაში იყო. კომპანია ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ბრიტანეთის განმგებლობაში არსებული ეს ტერიტორია ოფშორია. ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს, როგორც წესი, კაპიტალის წარმომავლობის დასაბუთება არ სჭირდებათ, ასევე საიდუმლოა ინფორმაცია მათი მფლობელების შესახებ. თუმცა, `სან პეტროლეუმ ჯორჯიამ~ მფლობელი მალე შეიცვალა და დღეს იგი აშშ-ში დარეგისტრირებული კომპანია Eნერგყ Iნვესტმენტ Vენტურე Hოლდინგს-ის მფლობელობაშია. თუმცა, ამ სახელწოდებით არსებული კომპანია ინტერნეტში არ მოიძებნა. ანუ, კომპანიას, რომელიც საქართველოში ამხელა ინვესტიციას დებს, ვებ-გვერდი არ აქვს. (საინტერესოა!) შესაბამისად, მიუწვდომელია ყველანაირი ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ. რეალურად, ვისია `გალფი”, გაურკვეველია. 

გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ `გალფმა~ უკვე ქართული ბაზრის სამი სერიოზული მოთამაშე შეითავსა. `მაგნატის~, `სენტას~ და `ეკოს~ აბრები უკვე `გალფმა~ ჩაანაცვლა. თუმცა, რეალურად, ახალი არაფერი შექმნილა. ახალმა მენეჯმენტმა 10 თვეში იმდენი მოახერხა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მესამე პოზიცია უკავია. 
`ბანკები და ფინანსებისთვის~ ცნობილი გახდა ისიც, რომ `გალფის~ მესვეურებმა, პრაქტიკულად, `აახიეს” ბიზნესი `სენტას~ მეპატრონეს და დღეს ის უკვე `გალფის~ ქსელში არსებულ მხოლოდ 5-მდე ბენზინგასამართ სადგურს ინარჩუნებს. ასევე საინტერესოა, იდეაში, ბერძნული ქსელის `ეკოს~ გადაბარება. როგორ მოახერხა ევროპაში ცნობილი ქსელისგან, დაფუძნებიდან რამდენიმე კვირაში, `სან პეტროლეუმ ჯორჯიამ~ მთელი ქართული აქტივების გამოსყიდვა?!

ერთი სიტყვით, `გალფი~ ქართულად თამაშობს. `ქართულია~ მისი ბაზარზე ოპერირების მეთოდები და `ქართულია~ მისი მფლობელების შესახებ არსებული ბუნდოვანება. სწორედ ამ ბუნდოვანებაში იმალება ბატონი კეზერაშვილი, რომელიც `უნიგრუპის~ შემთხვევაში ოფიციალურად, ხოლო `გალფის~ შემთხვევაში არაოფიციალურად იღებს ყველაზე ადვილ ფინანსურ რესურსებს, სახელმწიფო ტენდერების მოგებით.